ირაკლი კობახიძე ალბანეთში გაემგზავრა. "ოცნების" მთავრობის ცნობით, ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც დღეს, 16 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ EPC-ის რიგით მე-6 კონფერენციაზე 50-მდე ქვეყნის ლიდერები და ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ევროპის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგრადობასა და არალეგალურ მიგრაციაზე იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში ასევე ყურადღება დაეთმობა ინოვაციების, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. როგორც "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა.
BMG დაინტერესდა, როგორია საქართველოსა და ალბანეთს შორის ეკონომიკური კავშირები, რომელიც ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.
ვაჭრობა
საქსტატის მონაცემებს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა დიდ რიცხვებზე არ გადის. თუმცა მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა ზრდას აჩვენებს. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველომ და ალბანეთმა ერთმანეთში 422 140 დოლარის საქონლით ივაჭრეს, მაშინ როცა გასულ წელს, I კვარტალში ბრუნვა მხოლოდ 32 500 აშშ დოლარი იყო.
ზრდა წელს ექსპორტის ხარჯზე მოხდა, როგორც საქსტატის მონაცემებით ირკვევა, პირველ კვარტალში 238 020 აშშ დოლარის თხილი და კაკალი გავიტანეთ ამ ქვეყანაში. ასევე, 100.470 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საერთოდ არ ფიქსირდებოდა.
წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ ბრუნვის მონაცემებს, ვნახავთ, რომ 2022 წლის შემდეგ ყოველწლიურად კლება გვაქვს:
სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ალბანეთს შორის:
2021 წელი - 5,7 მლნ აშშ დოლარი
2022 წელი - 5,8 მლნ აშშ დოლარი
2023 წელი - 1,8 მლნ აშშ დოლარი
2024 წელი - 1,6 მლნ აშშ დოლარი
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოდან ექსპორტს მცირე წილი აქვს, იმპორტს კი დიდი. მაგალითად, 2024 წელს საქართველოდან ალბანეთში ექსპორტმა 565 740 აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი - 1 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის მთავარ სავაჭრო საქონელს, ალბანეთში 2024 წელს გავიტანეთ:
- თხილი და კაკალი - 208 160 აშშ დოლარი
- მანქანები და მექანიკური მოწყობილობები სპეციალური დანიშნულების - 128 870 აშშ დოლარი
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 43 640 აშშ დოლარი
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 39 000 აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 38 610 აშშ დოლარი
ხოლო შემოვიტანეთ:
- მადნები და კონცენტრატები ქრომის - 971 770 აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 58 240 აშშ დოლარი
- აპარატურა დაფუძნებული რენტგენული ალფა-, ბეტა- ან გამა-გამოსხივების გამოყენებაზე - 25 000 აშშ დოლარი
- ბრეზენტი, ჩარდახები, მზისაგან დასაცავი შტორები და სხვა - 17 460 აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 8 500 აშშ დოლარი.
ტურიზმი
ტურიზმის სტატისტიკა, თუ არ ჩავთვლით, კოვიდპანდემიის პერიოდს, ამ ქვეყნიდან მზარდია. გასულ წელს, ჯამში, ალბანეთიდან 935 ვიზიტი ფიქსირდება, 2023 წელს 698, ხოლო 2022 წელს - 410. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველ კვარტალში ალბანეთიდან საქართველოში 164 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც ოდნავ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის რიცხვს (161 ვიზიტი).
FDI
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ალბანეთი საერთოდ არ ფიქსირდება. საქსტატის ცხრილში, რომელშიც 80-ზე მეტი ქვეყანა შედის, ალბანეთი მითითებულიც არაა.
ცნობისთვის, ალბანეთი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სახელმწიფოა, მისი მოსახლეობა სულ რაღაც დაახლოებით 2,4 მლნ-ს შეადგენს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე ამ ქვეყანაში დაახლოებით 8,600 დოლარია. სხვათა შორის, ალბანეთი NATO-ს წევრია 2009 წლიდან. იგი ევროკავშირის პოტენციურ კანდიდატ ქვეყნად 2003 წელს გამოცხადდა, 2009 წელს მან ფორმალურად მიმართა ევროკავშირს წევრობაზე, ხოლო 2014 წელს მას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი.