ავტომობილების ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა კომპანიამ, ჩინურმა BYD-მ საზოგადოებას თავისი პირველი ჰიბრიდული პიკაპი წარუდგინა, რომლის სახელწოდება BYD SHARK-ია.
გარდა იმისა, რომ ეს ჩინური ავტომწარმოებლის მიერ შექმნილი პირველი პიკაპია, ის ამავდროულად წარმოადგენს პირველ სერიულ მოდელს, რომელიც BYD-მ არა უშუალოდ ჩინეთის, არამედ გლობალური ბაზრისთვის შექმნა. ამ შემთხვევაში, SHARK-ის სამიზნე აუდიტორია ჩრდილოეთ ამერიკაა, რადგან პიკაპებს, როგორც წესი, სწორედ იქ ყიდულობენ. მართალია, BYD SHARK-ის შეძენა ევროპისა და აზიის რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი, თუმცა ამ ბაზრებზე მომხმარებლები პიკაპის სტილის ავტომობილებით ნაკლებად ინტერესდებიან.
SHARK-ის პირველი ვერსია, რომლის გაყიდვები მექსიკაში დაიწყება, დამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგიით არის აღჭურვილი და მას სრულად ელექტრონულ რეჟიმში 100 კილომეტრის გავლა შეუძლია. საერთო ჯამში, პიკაპს ელექტრო მოტორი და 1.5 ლიტრის მოცულობის, 4-ცილინდრიანი ძრავა 430 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც 2.5-ტონიანი ავტომობილის 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5.7 წამში უზრუნველყოფს.
შევსებული საწვავის ავზითა და დამუხტული ბატარეით ჰიბრიდულ პიკაპს 850 კილომეტრის გავლა შეუძლია, თანაც მისი რესურსების შესავსებად ბენზინგასამართ სადგურზე სულ რამდენიმე წუთით გაჩერებაა საჭირო, რაც ის მთავარი უპირატესობაა, რომელიც BYD SHARK-ს ელექტრონულ პიკაპებთან მიმართებით აქვთ, რომელთაც დასამუხტად რამდენიმე საათი სჭირდებათ.
როგორც BYD-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ბაზარზე SHARK-ის ელექტრონული ვერსიაც გამოჩნდება, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან ჰიბრიდულ პიკაპზე იყო, ამიტომ კომპანიამ პირველი მოდელი სწორედ ამ სისტემით გამოუშვა.
BYD SHARK-მა კონკურენცია საშუალო ზომის პიკაპებს უნდა გაუწიოს, მათ შორის: Ford Ranger-ს, Chevy Colorado-ს, Toyota Hilux-ს და Nissan Navara-ს. მისი ფასი 53,000 დოლარიდან იწყება, რაც არც იაფია და არც ძვირი.
კონკურენტებისგან განსხვავებით, BYD-ის პირველი პიკაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით და ინოვაციური ხელსაწყოებითაა გამოტენილი, რაც ჩინური ავტომწარმოებლის მთავარი უპირატესობაა.
როგორც ცნობილია, BYD დიდი ზომის პიკაპზეც მუშაობს, რომელიც Ford F-150-ის კონკურენტი იქნება და SHARK-თან შედარებით თითქმის ორჯერ ძვირი ეღირება.