მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება 2024 წელი გლობალური ეკონომიკისთვის? – პროგნოზები და მოლოდინები

2024

2024 წელი დაიწყო და ახალ წელთან ერთად, ტრადიციულად, წამოვიდა სამომავლო პროგნოზებისა და მოლოდინების კასკადი. საინვესტიციო ბანკებით დაწყებული, მთავრობებითა თუ საერთაშორისო ინსტიტუტებით დამთავრებული, ყველას თავისი მოსაზრება და შეხედულება აქვს, ამიტომაც დღეს წარმოგიდგენთ, თუ რას მოელიან ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეებით 2024 წელს და როგორი იქნება ის გლობალური ეკონომიკისთვის?

დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემით, რაც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ექსპერტთა უდიდესი ნაწილის შეფასებით, ომი წელსაც გაგრძელდება და მის მოგვარებაზე ფიქრიც კი ნაადრევია, რადგან ვერცერთმა მხარემ თავის სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, მათ მიერ აწ უკვე გაღებული მსხვერპლი კი გაჩერებისა და უკან დახევის საშუალებას არ იძლევა. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთ-უკრაინის საკითხი 2024 წელსაც დარჩება დასავლური სამყაროს უმთავრეს გამოწვევად.

მნიშვნელობით რიგით მეორე საკითხი სამომხმარებლო ფასების ზრდას უკავშირდება. JPMorgan-ისა თუ Bank of America-ს ანალიტიკოსების შეფასებით, გლობალური ინფლაცია ეტაპობრივად დაიძლევა, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკითა და რეცესიული ვითარებით იქნება განპირობებული. S&P-ის შეფასებით, გლობალური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 4.7% იქნება, რაც თითქმის 1%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. უშუალოდ დასავლეთის მასშტაბით პროგნოზი კი უფრო მეტად შემცირებულია და ის 2.5-3%-ის ფარგლებში მერყეობს.

მესამე საკითხი ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება. მოგეხსენებათ, გასული წლის დასაწყისში ანალიტიკოსები ერთხმად თანხმდებოდნენ, რომ გლობალური რეცესია გარდაუვალი იქნებოდა, თუმცა რეალობა არსებითად განსხვავებული აღმოჩნდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ამჯერად ანალიტიკოსები გლობალური ეკონომიკის 2.3%-იან ზრდას პროგნოზირებენ. ტერიტორიების მიხედვით ყველაზე პოზიტიური მოლოდინები აზიისა და წყნარი ოკეანეთის რეგიონებშია; ყველაზე უარეს შედეგს კი დასავლეთ ევროპაში მოელიან, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 0.5%-ის ფარგლებშია და რეცესიის დაწყებაც არ არის გამორიცხული.

თავად ამ რეცესიის განმაპირობებელ მიზეზად ექსპერტები გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ასახელებენ, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ გამოწვევად რჩება. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმაც და ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც რეფინანსირების განაკვეთები არნახული ტემპით გაზარდეს, ამან კი ბიზნესების ოპერირება და ინვესტირება მნიშვნელოვნად გაართულა. ექსპერტების შეფასებით, დასავლეთის მასშტაბით გამკაცრების ეპოქა დასრულებულია და მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან FED-იცა და ECB-იც ეტაპობრივი შერბილების პოლიტიკაზე გადაერთვებიან, ანუ განაკვეთებს შეამცირებენ, რაც საფონდო ბირჟას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. მართალია, ამ მოსაზრებას ბაზრის თითქმის ყველა მსხვილი მოთამაშე იზიარებს, თუმცა Deutsche Bank-ის პროგნოზით, არის იმის რისკი, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა 2024-ის ბოლომდე გაგრძელდეს, ეს კი კარგი ამბავი ნამდვილად ვერ იქნება.

კიდევ ერთი რისკი, რომელზეც ექსპერტები ხშირად საუბრობენ, ჩინეთის ეკონომიკას და მის უძრავი ქონების ბაზარს უკავშირდება. თუკი ამ მიმართულებით კოლაფსი დაიწყო, შესაძლოა, გლობალურმა ეკონომიკამ 2008 წლის მსგავსი ფინანსური კრიზისი იხილოს და ყველა ზემოხსენებული პროგნოზი სანაგვეზე მოვისროლოთ, რადგან ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, ეკონომიკურ ზრდაზე და საფონდო ბირჟების აღმასვლაზე ოცნებაც კი ზედმეტი იქნება. მართალია, ამ სცენარს ანალიტიკოსები ნაკლებად მოელიან, თუმცა მისი განვითარების რისკი მაინც არსებობს.

კიდევ ერთი საინტერესო საკითხი არჩევნებთან იქნება დაკავშირებული. 2024 წელი ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე დატვირთული საარჩევნო წელიწადი კაცობრიობის ისტორიაში, რადგან პლანეტის თითქმის ნახევარმა ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს, ეს კი პოლიტიკური არასტაბილურობის რისკებს კრიტიკულად ზრდის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელშიც ერთმანეთს, სავარაუდოდ, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან. ამ დუელში ვინ გადარჩება, ჯერ არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნების ფაქტორს ინვესტორები ყველაზე დიდი პოლიტიკურ რისკად ასახელებენ.

საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2024 წელი ინფლაციის დასრულების, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების, ეკონომიკური აღდგენის, საფონდო ბირჟების აღმასვლისა და პოლიტიკური ცვლილებების წელი უნდა იქნეს და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი სწორედ პოზიტიური სცენარით განვითარდება.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები