მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი იქნება ახალი BMW M3?

vdx

BMW-ს მრავალწლიან ისტორიას ვინც კარგად იცნობს, ეცოდინება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს M3-ს. შორეული 1986 წლიდან მოყოლებული, M3 მოქნილობის, კომპეტენტურობისა და კომფორტის ეტალონად ითვლება.

2027 წლისთვის გერმანელები დიდი განახლებისათვის ემზადებიან, რომელიც M3-ის დნმ-ში ახალ ვიზუალურ ფილოსოფიას, Neue Klasse-ს დანერგავს, რომელიც BMW-ს სამოდელო რიგს ახალ ეპოქაში გადაიყვანს.

ზუსტად როგორი იქნება ახალი M3, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მის ვიზუალთან დაკავშირებით ერთი რამ უკვე დადასტურებულია - გიგანტური ცხაურების ეპოქა დასრულდა და ჰორიზონტალური, ინტეგრირებული შემშვებების ერა დაიწყო, რომელიც Neue Klasse-ის საფირმო ნიშანს წარმოადგენს.

ცოტა ხნის წინ, გერმანელებმა M3-ის ელექტრონული პროტოტიპი - VDX წარმოადგინეს, რომელიც კამუფლაჟითაა შენიღბული, თუმცა მისი ფორმების და სილუეტის დამალვა უბრალოდ შეუძლებელია. ჰორიზონტალურ ცხაურაში ინტეგრირებული მაშუქები, უჩვეულოდ დიდი ფანჯრები, მონოლითური აღნაგობა და „იხვის კუდი“ - ეს ყველაფერი იმ თვისებების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ახალი თაობის M3-ში შეხვდებით.

როგორც ცნობილია, კონცეპტუალურ ავტომობილს 1,300 ცხენის ძალა აქვს, თუმცა ამან ზედმეტად არ უნდა გაგვახაროს, რადგან სერიულ ავტომობილს, სავარაუდოდ, ამ სიმძლავრის ნახევარი ექნება, რაც მაინც კოლოსალური მაჩვენებელი იქნება.

ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ხელმისაწვდომი იქნება M3-ის ბენზინის ან ჰიბრიდული ვარიანტი, რომელსაც ყველასათვის კარგად ნაცნობი 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ძრავა ექნება. როგორც ცნობილია, EV და ICE ვერსიებს შორის ვიზუალური სხვაობა მინიმალური იქნება, თუმცა დინამიკასთან მიმართებით ელექტრონული ვერსიის დომინაციას უნდა ველოდოთ, რაც მყისიერი აჩქარებით აიხსნება.

კონცეპტუალური VDX-ის ინტერიერში ახალი თაობის საჭეს, iDrive-ის უახლეს თაობას, სუპერკომპიუტერ Heart of Joy-ის და პანორამულ მაჩვენებლითა დაფას შეხვდებით. სუპერკომპიუტერი ტყუილად არ გვიხსენებია, რადგან როგორც BMW-ში ამბობენ, ახალი თაობის M3 გზაზე წარმოდგენილი ყველაზე ჭკვიანი ავტომობილი იქნება, რომელიც წამში ასიათასობით კალკულაციას გააკეთებს და მძღოლის დასახმარებლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს.

მართვის გამოცდილებასთან დაკავშირებით წინასწარ ცნობილი არაფერია, თუმცა ერთი რამ, რაც BMW-ს ისტორიიდან დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ მოქნილობის ნაწილში გერმანულ კომპანიას ჩავარდნა არასოდეს არ ჰქონია და გამონაკლისი, წესით, არც BMW-ს ახალი თაობა იქნება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები