BMW-ს მრავალწლიან ისტორიას ვინც კარგად იცნობს, ეცოდინება, თუ რას ნიშნავს სიტყვათა შეთანხმება - Neue Klasse (New Class - ახალი კლასი). გერმანული ავტომწარმოებლისთვის ეს სიტყვები ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს და მისი გამოყენება უდიდეს პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.
წლების განმავლობაში BMW-ს არაერთი ეპოქა გამოუვლია და ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეული იყო. დროსთან ერთად, იცვლებოდა როგორც დიზაინი, ასევე ავტომობილის დანიშნულება და შინაარსი, თუმცა ის ფილოსოფია, რაზეც BMW იდგა, ხელშეუხებელი რჩებოდა, ცხადია, მართვის შეუდარებელ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ.
BMW-ს ავტომობილი მძღოლისთვის იქმნება. მისი დანიშნულება A პუნქტიდან B პუნქტამდე ისეთი მგზავრობის უზრუნველყოფაა, რომელიც მძღოლს მაქსიმალურ სიამოვნებას ანიჭებს და გზად მიღებულ ყველა დავალებას ზედმიწევნით ზუსტად, კომპეტენტურად ასრულებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ M5 CS-ის შექმნით BMW-მ შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილის წარმოების მაქსიმუმს მიაღწია, ერთგვარ ტექნოლოგიურ პიკს, რომლის შემდეგ განვითარება მხოლოდ ორი მიმართულებით შეიძლება - ჰიბრიდულით და ელექტრონულით.
BMW-ს რომ ღირსეული ჰიბრიდული ავტომობილის შექმნა შეუძლია, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ავტომოყვარულთა შფოთვა იწყება მაშინ, როდესაც ფიქრს ელექტრონულ, პოტენციურად თვითმართვად BMW-ზე ვიწყებთ.
მართალია, i-სერიის გამოშვებით BMW-მ უკვე დაიწყო ელექტრომობილების წარმოება, თუმცა ყველანი კარგად ვხედავთ, რომ თამამი ნაბიჯის გადასადგმელად კომპანია მზად ჯერაც არ არის და ამას ისიც ადასტურებს, რომ ბაზარზე არსებული თითქმის ყოველი ელექტრომობილის საპირწონედ არსებობს მისი შიდა წვის ძრავის მქონე ალტერნატივა, ანუ თუ ელექტრო G70 i7 არ მოგწონთ, შეგიძლიათ G70 760i შეიძინოთ და 8-ცილინდრიანი ძრავის გუგუნით დატკბეთ.
არჩევანის თავისუფლებას ნამდვილად მივესალმებით, თუმცა იმ მოცემულობასაც ვაცნობიერებთ, რომ ორმაგი დანიშნულების პლატფორმა, თავისი არსით, კომპრომისულია, BMW-ს კი კომპრომისი არ უხდება, თანაც ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიც ძარის აგებულებაა. ცხადია, ამ მოცემულობას გერმანელი ინჟინრები ჩვენზე კარგად აცნობიერებენ, სწორედ ამიტომ BMW-ში მიიღეს მძიმე არტილერიის გამოყენების და ფრიად საპასუხისმგებლო სიტყვათა შეთანხმების, Neue Klasse-ის გამოყენების გადაწყვეტილება.
ცოტა ხნის წინ, BMW-მ საზოგადოებას კომპანიის კონცეპტუალური მომავალი წარუდგინა – Vision Neue Klasse X, რომელმაც „ბავარიის საავტომობილო საწარმო“ ახალ, ელექტრონულ ეპოქაში უნდა გადაიყვანოს.
თავად კონცეპტ ავტომობილი საშუალო ზომის SUV-ის, უფრო სწორად, SAV-ის (Sports Activity Vehicle) კატეგორიას განეკუთვნება და მან iX3 უნდა ჩაანაცვლოს. ამ ფუტურისტული ავტომობილის დიზაინი კაი ლანგერს ეკუთვნის, რომელსაც ფრიად საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა.
სანამ ლანგერის პირმშოს გავეცნობოდეთ, ორიოდე სიტყვით X-ზე უნდა ვისაუბროთ და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს სიმბოლო BMW-სთვის. პირველმა E53 X5-მა, რომელიც ლეგენდარულმა ფრენკ სტივენსონმა შექმნა, თავდაყირა დააყენა ავტოინდუსტრია. ბაზარზე X5-ის გამოჩენამდე თითქმის ყველა SUV მოუქნელი, ნელი და მოსაწყენი იყო, BMW-ს SAV-ს კი ისე შეეძლო სიარული, როგორც სედანს, რაც 1999 წელს ფიზიკის კანონების დარღვევის ტოლფასად ითვლებოდა. სწორედ X5-ს წყალობით დაიწყო სპორტული, მოქნილი და მდიდრული SUV-ების ეპიდემია, რომელიც ამჟამად პიკს აღწევს და ამას ისიც ცხადყოფს, რომ Ferrari, Lamborghini და Porsche შემოსავლების უდიდეს ნაწილს ახლა სწორედ SUV-ების რეალიზაციით იღებენ და არც სპორტული ავტომობილების გაყიდვით.
Vision Neue Klasse X-მა მინიმუმ ღირსეულად უნდა გააგრძელოს X-ების საამაყო ისტორია და მაქსიმუმ უნდა აჯობოს ორიგინალ X5-ს, რომელიც, როგორც გითხარით, ეპოქალური ავტომობილი იყო.
რაც შეეხება უშუალოდ Vision Neue Klasse X-ს, ეს არის ფუტურისტული დიზაინის მქონე SAV, რომელიც წარმოადგენს ახალ მიმართულებას BMW-სთვის. ამ კონცეპტმა ოფიციალურად გადაუხვია უზარმაზარი ცხაურას ფილოსოფიას, რომლის პიკად შეიძლება მე-7 სერია ან M3 ჩაითვალოს. Neue Klasse-ის დიზაინი ერთდროულადაა მინიმალისტური, ფუტურისტული და თან რეტრო, რადგან ის 1960-70-იანი წლების კლასიკურ ფორმებს მოგვაგონებს. ასევე ერთი საკითხი, რაზეც ავტომობილის მთავარი დიზაინერი ხშირად საუბრობს, მის შუშებს უკავშირდება.
როგორც ხედავთ, Neue Klasse X-ს გაცილებით უფრო დიდი ზომის შუშები და პანორამული ჭერი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა BMW-ს, რაც კომპანიის ახალ ხედვაზე მიუთითებს, რომელიც ბუნებასა და გარემოსთან მგზავრების დაკავშირებაზეა ორიენტირებული. კაი ლანგერის თქმით, ბოლო დროს ავტომობილები უზარმაზარ ტანკებს დაემსგავსნენ, რომელთაც ყოველ წელს უფრო პატარა ზომის შუშები აქვთ, რაც ინტერიერში ჩაკეტილობის შეგრძნებას იწვევს.
დიზაინი სუბიექტური საკითხია, მასზე კამათს დიდი აზრი არ აქვს, ამიტომ სჯობს ობიექტურ მოცემულობაზე ვისაუბროთ. მართალია, ეს ავტომობილი ჯერაც კონცეპტის ფაზაშია, ანუ ბაზარზე გამოჩენამდე ის არაერთხელ შეიცვლება, თუმცა უკვე ვიცით, რომ ის 800-ვოლტიან არქიტექტურას გამოიყენებს, რაც ავტომობილის სწრაფ დამუხტვას უზრუნველყოფს, უფრო კონკრეტულად, 300 კილომეტრის მუხტი სულ რაღაც 10 წუთში.
გარდა ამისა, BMW-ს ინჟინრები იმასაც ამბობენ, რომ ავტომობილი 25%-ით უფრო ენერგოეფექტური იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი iX3.
სიმძლავრესთან და მაქსიმალურ მანძილთან დაკავშირებით BMW-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ერთი რამ, რაც BMW-ს ისტორიიდან დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ სიმძლავრის და მოქნილობის ნაწილში გერმანულ კომპანიას ჩავარდნა არასოდეს არ ჰქონია და გამონაკლისი, წესით, არც BMW-ს ახალი თაობა იქნება.