ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმ წესებზე საუბრობს, რომელთა დაცვაც არჩევნების დღეს უბნებზე იქნება საჭირო. გაბუნიას თქმით, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების გამოცდილება უკვე დაგროვდა და მთავარი მაინც სამი წესი იქნება: პირბადე, დისტანცია და ხელების დეზინფექცია.
„ჩვენ ცესკოსთან მუშაობის გამოცდილება უკვე დაგვიგროვდა გასული წლის არჩევნებიდან გამომდინარე. პროტოკოლიც უკვე არსებობდა. წელს განსხვავება ის იყო, რომ ცესკოს თანამშრომლებში საკმაოდ ინტენსიურად ჩატარდა ვაქცინაციის პროცესი და უკვე მაღალი მოცვაა.
სექტემბრის დასაწყისში უკვე 75%-ზე მეტი იყო თანამშრომლებს შორის ვაქცინირებული, რაც გაგრძელდა და ვფიქრობ, დღევანდელი მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. ძირითადი სამი წესი იმოქმედებს, ეს არის პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და ხელის ჰიგიენა. უბნები აღიჭურვებიან სანიტაიზერებით და ასევე რიგის დაცვის შესაფერისი პირობებიც იქნება. უსაფრთხო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტესტირების პროგრამა მოქმედებს და არჩევნების დღესაც ეს მიდგომა აქტიური იქნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.