ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) ახალი თავმჯდომარე, პოლ ატკინსი კრიპტოინდუსტრიის მიმართ პოლიტიკას მკვეთრად ცვლის.
როგორც მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, დასრულდა ინდუსტრიაზე თავდასხმის დრო და კომისია კრიპტოკომპანიებს წინასწარ გააფრთხილებს, თუ მათი საქმიანობა წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასთან, ანუ პოსტ-ფაქტუმ დაჯარიმების პრაქტიკა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დანერგა, სამუდამოდ დასრულდება.
ატკინსმა მკაცრად გააკრიტიკა მისი წინამორბედი, გარი გენსლერი, რომლის პერიოდში, ათობით მსხვილი და მცირე ზომი კრიპტოკომპანია ხანგრძლივ სასამართლო დავაში და მილიარდობით დოლარის ჯარიმების წინაშე აღმოჩნდა.
ატკინსი ხაზს უსვამს, რომ რეგულატორის პრიორიტეტი უნდა გახდეს მხოლოდ რეალური საფრთხის შემცველ აქტორებზე ფოკუსირება და SEC-მა აღარ უნდა დაიწყოს დავები დანაშაულის პრევენციის და ეჭვების გაქარწყლების მიზნით.
ატკინსის ხელმძღვანელობით, სააგენტომ უკვე შეწყვიტა ათამდე საქმე, მათ შორის ცნობილი კომპანიების წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან: Ripple, Binance, Consensys, Robinhood და Uniswap.
როგორც SEC-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი კრიპტოინდუსტრიის განვითარებაა და არც მისი ხელოვნურად შეზღუდვა. ამიტომ ქვეყანაში ახალი, უფრო ლიბერალური რეგულაციები იქნება მიღებული და ციფრული სერვისების პროვაიდერ კომპანიებს ზრდა-განვითარების საშუალება ექნებათ, რათა ამერიკა კრიპტოსამყაროს გლობალურ დედაქალაქად იქცეს, როგორც ამას ტრამპი მოითხოვს.



























