შარშან რუსულმა ავიაკომპანიებმა ქართულ საავიაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს. ორ რუსულ კომპანიას ჯამში ბაზრის 8%-ზე მეტი უკავია.
2023 წელს მთავრობამ ევროკავშირის და აშშ-ის კრიტიკის და მეორადი სანქციების საფრთხის მიუხედავად, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა აღადგინა. ფრენების აღდგენას ევროკავშირის ქვეყნების დემარში მოჰყვა, თუმცა “ქართული ოცნების” მთავრობა ფინანსური სარგებელზე აკეთებდნენ აქცენტს და ირწმუნებოდა, რომ სანქცირებული ბორტები და კომპანიები საქართველოში ვერ იფრენდნენ.
შედეგად 2019 წელს პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილებით გაჩერებული საჰაერო მიმოსვლა, 2023 წელს კვლავ კრემლის უკვე შეცვლილი პოზიციის შედეგად აღდგა.
უკრაინაში ომის დაწყების გამო ევროკავშირმა და აშშ-მა რუსულ ავიაციას მძიმე სანქციები დაუწესა; ჩაუკეტა საჰაერო სივრცე და მსხვილი ავიაკომპანიები დაასანქცირა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ორი რუსული ავიაკომპანია Azimuth და Red Wings ოპერირებს.
ქართული საავიაციო ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, შარშან რუსული ავიაკომპანიები ჯამში 624 154 მგზავრს მოემსახურნენ. აქედან Red Wings - 333 010; ხოლო Azimuth - 291 144.
2023 წელს რუსული ავიაკომპანიების წილი ქართულ საავიაციო ბაზარზე მხოლოდ 3% იყო და 127 ათასი მგზავრი ჰყავდათ გადაყვანილი. შესაბამისად 2024 წელს შედეგი მნიშვნელოვნად აქვთ გაუმჯობესებული. მათთან ერთად რუსეთში დაფრინავს Georgian airways-ც. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წელს ქართულ ავიაკომპანიას მგზავრების 120%-იანი მატება ჰქონდა. კომპანიამ მგზავრები წელსაც 57%-ით გაზარდა, აქედან რა წილი მოდის რუსეთზე ზუსტად თქმა შეუძლებელია,
თუმცა კომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის აქტიური მხარდამჭერი იყო. ამ მონაცემებით Georgian Airways -ი საქართველოს საავიაციო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. შედარებისთვის, 2022 წელს რუსეთთან ფრენების აღდგენამდე, Georgian airways-ი 3%-იანი წილით მე-9 ადგილზე იყო.
რაც შეეხება ავიაციის ბაზრის სხვა მაჩვენებლებს, 2024 წელსაც ტრადიციულად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერობდა, რომელმაც შარშან 29%-იანი ზრდა აჩვენა და 4 750 425 მლნ მგზავრს მოემსახურა; მეორე ადგილზეა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1 722 804 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. ბათუმის აეროპორტს რაც შეეხება, რომელიც უფრო სეზონურად მიიჩნევა, 2024 წელს 53%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 951 766 მგზავრს მოემსახურა.
2024 წელს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილი მგზავრები:
- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - 4 750 425 (ზდა 29%)
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი - 1 722 804 (ზრდა 3%)
- ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 951 766 (ზრდა 53%)
2024 წელს ქართულ აეროპორტებში როგორც რეგულარული ისე არარეგულარული რეისებით ჯამში 7 მლნ მგზავრზე მეტმა ისარგებლა, ზრდა 2023 წელს გადაყვანილ 6013 995 მგზავრთან შედარებით 24%-ია.
- 2024 წელი - 7 450 652
- 2023 წელი - 6 013 995
- 2022 წელი - 4 441 316
- 2021 წელი - 2 496 448
ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერი Wizz air-ის მმართველო დირექტორი როლანდ ტიშნერი გვეუბნება, რომ ხომალდების ზრდას განიხილავენ და უკვე წელს ქუთაისს მეოთხე ბაზირებული ხომალდი დაემატება.
"წელს საბოლოოდ გვეყოლება მეოთხე ბაზირებული ხომალდი. ალბათ იცით, რომ გასულ წელს ერთი ხომალდი გავიყვანეთ, თუმცა საბოლოოდ შევძლებთ მეოთხე ხომალდი დავამატოთ ქუთაისის ბაზას. ასევე ვაპირებთ ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებებით ფრენების აღდგენას; ხოლო ლიონის მიმართულებით ფრენის დამატებას. რაც შეეხება სხვა აეროპორტიდან ფრენას, ეს ყოველთვის მსჯელობის საგანია. თბილისის აეროპორტი ძალიან ძვირია ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მოკლევადიან პერიოდში ამ მიმართულებით განხილვა არ იქნება. საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია და თითოეულ შესაძლებლობას, აეროპორტს და ახალ მიმართულებას განვიხილავთ. ასევე განვიხილავთ ქუთაისში ბაზირებული ხომალდების ზრდას", - ამბობს ავიაკომპანიის მმართველი დირექტორი.
PEGAS Touristik Georgia-ს გენერალური დირექტორი სალომე ბერაია გვეუბნება, რომ თურქეთის აეროპორტს ქართველი მგზავრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოსახვედრად იყენებენ და საავიაციო ბაზარზე წამყვან პოზიციებზეც სწორედ ამიტომ არიან. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი ბერაია ჩაკეტილ სახმელეთო აზღვარს ასახელებს, რის გამოც მგზავრები იძულებულები არიან საჰაერო გზით შემოვიდნენ საქართველოში.
“2024 წელს თუ შევაჯამებთ თურქული და აზერბაიჯანული ავიაკომპანიები, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ეს ეხება როგორც გამყვან ისე შემომყვან ტურიზმს. [მგზავრები] იყენებენ სტამბოლს დამაკავშირებელ რგოლად მთელ მსოფლიოსთან. მომხმარებლებისთვის თურქული ავიაკომპანიების ბენეფიტი სწორედ ეს არის. რაც შეეხება აზერბაიჯანის ავიაკომპანიებს, მათი აქტიურობა განპირობებულია იმით, რომ ბოლო ხუთი წელია ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია და ყველა მგზავრი იძულებულია ჩამოფრინდეს”, - გვეუბნება სალომე ბერაია.
PEGAS Touristik Georgia-ს წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ვიზიტორები საქართველოს სატრანზიტო ქვეყნადაც იყენებენ, რადგან აქედან ფრენები მათთვის უფრო იაფია.
დღეის მდგომარეობით ქვეყნის საავიაციო ბაზარზე 50 ავიაკომპანია 92 მიმართულებით ოპერირებს. რაც შეეხება ავიაკომპანიებს, ბაზრის ლიდერი კვლავ უნგრული ბიუჯეტური Wizz air-ია, რომელმაც 2024 წელს ქუთაისიდან 1 454 078 მლნ მგზავრი გადაიყვანა. მეორე ადგილს თურქეთის სახელმწიფო კომპანია Turkish Airlines-ი იკავებს 553 349 მგზავრით; მესამე ადგილზეა თურქული ბიუჯეტური Pegasus 546 211 მგზავრით; მეოთხე ადგილს Georgian Airways-ი იკავებს 515 113 გადაყვანილი მგზავრით; მეხუთე ადგილზე კი აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია Azerbaijan Airlines-ია 412 980 მგზავრით.