მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო ბიზნესისთვის 2023 წელი? - მოსაზრება

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის მოსაზრებით, 2023 წელი ბიზნესისთვის უკეთესი იყო, ვიდრე 2022 წელი.

მან გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ ბიზნესის განწყობები ოპტიმისტური იყო, რაც საქართველოს ევროკავშირის სტატუსის მინიჭებით დაგვირგვინდა.

„2023 წელი საკმაოდ პოზიტიური გამოვიდა, რადგან ბზინეს ინდექსის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალი იყო ვიდრე, 2022 წელს. ეს გასაგებია რადგან 2022 წელი მაინც პოსტპანდემიური და ომის დაწყების წელია და აქედან გამომდინარე განწყობები ცვალებადი იყო. 2023 წელს რომ ნახოთ კომპანიების ბრუნვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ეკონომიკა თუ იზრდება მნიშვნელოვნად იზრდება ბრუნვები და პირიქით, ბრუნვები თუ იზრდება, ეს ნიშნავს რომ ეკონომიკა იზრდება.

ბიზნესი თავისი არსით ოპტიმიზმზე არის დაფუძნებული და როცა სტატუსს იღებ, უფრო მეტად გრძნობ რომ შენი ინვესტიცია დაცულია“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ევროკავშირთან მეტი დაახლოება და სტატუსი ქვეყნის კაპიტალიზაციის ზრდას ნიშნავს.

მან ასევე ისაუბრა 2023 წლის მთავარი პრობლემებზე, რაც 2024 წელსაც გამოწვევად რჩება.

„2023 წელს პირველ ადგილზე კვალიფიციური კადრების პრობლემა გავიდა. იქ სადაც ინვესტიციები და ახალი პროექტებია, ახალი კადრების მოზიდვაც არის საჭირო და როგორც ჩანს ამ ახალ პროექტებს შეიძლება ვერ/არ ხვდება იმ რაოდენობით კვალიფიციური ადამიანი, რომლებმაც ეს პროექტები შეიძლება თავის თავზე აიღონ, წარმართონ და მოემსახურონ.

მეორე არის ბიუროკრატიული წნეხი, რომელიც რეგულაციების თანმდევია, რადგან როდესაც რეგულაციები შემოდის, იქ ვიღაცამ სტანდარტები უნდა შემოიღოს, მისდიოს, უყუროს, ანუ ვზრდით ბიუროკრატიასაც, რასაც ნეგატიური ეფექტიც აქვს.

პოზიტიური ის რომ მან უნდა უყუროს რაღაცას და ნეგატიური არის, რომ შეიძლება გადაწყვეტილების მიღების პროცესი გართულდეს. ბიუროკრატიაში შეიძლება, არაერთგვაროვანი პრაქტიკა იყოს, განსხვავებული ხედვა; შეიძლება ერთი და იგივე უწყებაში ერთი და იგივე სტანდარტი ერთმა ადამიანმა სხვადასხვანაირად განმარტოს, მეორემ - სხვანაირად.

მაგალითად მეწარმეთა შესახებ კანონი, რომლის ინტერპრეტაციები სხვადასხვა უწყებაში სხვადასხვანაირია, იგი სექტორულად კი არ ეხება რომელიმე სექტორს, ყველა ბიზნესუბიექტს ეხება. ვინც დაწერა ამბობს რომ „მე ასე დავწერე, ეს ვიგულისხმე“, მაგრამ მეორე მხარე ამბობს, მაგალითად შემოსავლების სამსახური, რომ „მე არ ვიცი მან რა იგულისხმა, მაგრამ ეს ასე წერია, როგორც ვკითხულობ “ და მათ შორის განსხვავებული ხედვაა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები