„გალერია თბილისის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ზაფხულში სავაჭრო ცენტრის ბრუნვა 5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ნიკოლოზ ცინცაძემ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.
„ჩვენს შემთხვევაში ბრუნვა როგორც ადგილობრივი, ასევე ტურისტების ხარჯზე გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ სავაჭრო ცენტრი რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, მომხმარებლების დიდი წილი ტურისტებზე მოდის. საერთო ჯამში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზაფხულში მომხმარებლების ჯამური მაჩვენებლების კლება, თუმცა გაყიდვების 5%-იანი ზრდა შეინიშნება.
2019 წელი ძალიან კარგი წელი იყო. შემდეგ პანდემიის პერიოდი დაიწყო. 2022 წელს სრულად აღდგა 2019 წლის გაყიდვები და მაჩვენებლებმა გაასწრო კიდეც. 2023 წელი 2022 წელს ჩამორჩა. რაც შეეხება, 2024 წელს, მერყევი ტენდენცია იყო, თუმცა ზაფხულის ყველა თვე მაღალი გაყიდვებით ხასიათდებოდა“, - აცხადებს გენერალური დირექტორი.
მისი განმარტებით, მათ სავაჭრო ცენტრზე ბრენდების მხრიდან ინტერესი იმდენად დიდია, რომ რიგში დგანან. მათ შორის ის ბრენდებიც, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არიან შემოსული.
„იქიდან გამომდინარე, რომ ფართში შეზღუდული ვართ, რომელიც ზრდას არ ექვემდებარება, 2-ჯერ და მეტჯერ უფრო ნაკლები სივრცე გვაქვს, სხვა სავაჭრო ცენტრებთან შედარებით, შესაბამისად, შესაძლებლობა არ გვაქვს ყველა ბრენდი შემოვიყვანოთ. რაც შეეხება რაოდენობას, ამ დროისათვის "გალერეა თბილისში" 100-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი. აქედან 20% ექსკლუზიურად გალერეაშია.
იჯარის ფასები პანდემიის შემდეგ ყოველდღიურად იზრდებოდა მოთხოვნიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, 1 კვ.მ ფართის ფასი საშუალოდ 50$-ს შეადგენს. ჩვენი სავაჭრო ცენტრი ბრენდების მხოლოდ 5%-ს ვაკმაყოფილებს. მაგალითად, მომავალ წელს, მაქსიმუმ 3-5 ბრენდის შემოსვლა იგეგმება“, - აღნიშნა ნიკოლოზ ცინცაძემ, თუმცა კონკრეტული ბრენდების დასახელებისგან თავი შეიკავა.
კომპანიის გენერალური დირექტორის შეფასებით, მოლოდინი წინა თვეებთან შედარებით ბევრად კარგია, რადგან რიტეილ სექტორისთვის საუკეთესო პერიოდი შემოდგომა-ზამთრის პერიოდია. სექტემბერში ზრდის ტენდენცია უკვე შესამჩნევია, თუმცა სკოლის დაწყებასთან შედარებით, სავარაუდოა, რომ ზრდა კიდევ გაგრძელდება.