მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო ქართული ავიაკომპანიებისთვის 2024 წელი?

გერმანია

საქართველოს საავიაციო ბაზარზე მგზავრთნაკადი წელსაც გაზრდილია. საერთაშორისო ავიაკომპანიებთან ერთად მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს ქართული Georgian Airways, რომელსაც ბაზრის 7%-ზე მეტი უკავია და მას მხოლოდ თურქეთის სახელმწიფო კომპანია Turkish Airlines და ქართული ავიაციის ლიდერი ბიუჯეტური Wizz air უსწრებენ. ამ უკანასკნელს ბაზრის 19% უკავია და ჯერჯერობით ისევ მხოლოდ ქუთაისიდან დაფრინავს.

სამი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარი ზრდას აჩვენებს სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც, ასევე გაზრდილია ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელიც.

სამი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა წლიურად 26%-ით გაიზარდა და 5 მილიონს გადააჭარბა.

მგზავრების რაოდენობა წელს სამივე საერთაშორისო აეროპორტში გაზრდილია. ტრადიციულად 3 622 830 მგზავრით თბილისის აეროპორტი ლიდერობს. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე მზარდია, ძირითადად ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air-ის დამსახურებით, სამ კვარტალში აეროპორტი თითქმის 1.3 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ყველაზე დიდი წლიური ზრდა ბათუმის აეროპორტმა აჩვენა და 753 485 მგზავრი გადაყვანა უზრუნველყო. ამ ეტაპზე საქართველოს აეროპორტებში ჯამში 53 ავიაკომპანია 103 მიმართულებით ოპერირებს.

“ზოგადად საავიაციო ბაზარზე ზრდა შეინიშნება არა მხოლოდ ამ წელს, არამედ ბოლო ორი წელია. ახლანდელი მონაცემები პანდემიამდელ ნიშნულს მკვეთრად უსწრებს. რასაკვირველია ის მარკეტინგული აქტივობები, რაც ჩატარებული იყო, გარკვეულწილად შედეგი გამოიღო. აღსანიშნავია ისიც რომ ქუთაისის აეროპორტში გადაეყვანათ და ბაზირებულ კომპანიად დაგვემატა Pegasus-ი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მგზავრთა რიცხვი”,- აცხადებს ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი.

ზრდას აჩვენებენ ქართული ავიაკომპანიებიც, განსაკუთრებით კი Georgian Airways, რომელმაც 10 თვეში გასული წლის ნიშნულს უკვე გადააჭარბა. ყველაზე მსხვილმა ქართულმა ავიაკომპანიამ გასულ წელს მგზავრების რაოდენობა გააორმაგა, თუმცა რა წილი მოდის რუსეთში ფრენებზე უცნობია. BMG-ის კითხვაზე უკავშირდება რუსეთში ფრენებს მგზავრების გაზრდილ რაოდენობა, ავიაკომპანიაში წერილობით გვიპასუხეს, რომ მგზავრთნაკადის ზრდა “სწორი პოლიტიკის” შედეგია.

“2024 წლის 10 თვის მონაცემებით, “ჯორჯიან ეარვეისის” მგზავრთნაკადის მაჩვენებელი გაზრდილია როგორც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან, ისე პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელთან. მგზავრთნაკადის ზრდა უკავშირდება კომპანიის განვითარების სწორ პოლიტიკას, მიმართულებების, სიხშირეების ზრდასა და ავიაპარკის გაფართოებას. ამჟამად“ჯორჯიან ეარვეისი” ასრულებს რეისებს 12 მიმართულებით. ავიაკომპანია გეგმავს კვლავ გაზარდოს მიმართულებების გეოგრაფია (აზიის მიმართულებით, ჩინეთი და ინდოეთი) და ავიაპარკი გააფართოოს”,- აცხადებენ კომპანიაში.

იასე ზაუტაშვილი ავიაკომპანიის მგზავრთნაკადის ასეთ ზრდას ძირითადად რუსეთში ძირითადად შესრულებულ ფრენებს უკავშირებს.

“ერთადერთ ქართულ ავიაკომპანიას Georgian Airways, რომელსაც გააჩნია ექსკლუზიური უფლება რუსეთში იფრინოს, მათაც მკვეთრად გაეზარდათ მგზავრთა რაოდენობა. მე ამას მხოლოდ და მხოლოდ ავხსნი იმით რომ ეს მატება მათ აღენიშნებათ მხოლოდ რუსეთის მიმართულებაზე განხორციელებული ფრენების შედეგად. ამ მიმართულებებზეც არსებობენ სხვა ოპერატორები რუსეთის მხრიდან როგორიც არის "აზრიმუტი" და "რედვინგსი", თუმცა უნდა ითქვას ის რომ ფრენების უსაფრთხოების კუთხით მგზავრი უპირატესობას ანიჭებს Georgian Airways-ის ბორტის გამოყენებას”, - ამბობს ზაუტაშვილი.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოსთან ფრენები 2023 წელს განაახლეს. ევროკავშირის და აშშ-ის კრიტიკისა და მეორადი სანქციების საფრთხის მიუხედავად, მთავრობამ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტით გადაწყვეტილება ფრენების სასარგებლოდ მიიღო. დღეის მდგომარეობით საქართველოში ორი რუსული ავიაკომპანია Azimuth და Red Wings-ი დაფრინავს. BMG-მ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჰკითხა რა მაჩვენებლები აქვთ წელს რუსულ ავიაკომპანიებს, თუმცა უწყებისგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. შარშანდელი მონაცემებით, რუსული ავიაკომპანიების წილი ქართულ საავიაციო ბაზარზე ჯამში 3% იყო.

საქსტატის ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანიები წელს სამ კვარტალში ჯამში 487 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. Geosky Airlines-ის პრეზიდენტი შაკო კიკნაძე გვეუბნება, რომ მათი კომპანიის სამგზავრო მიმართულება მაღალი კონკურენციის მიუხედავად მაინც წარმატებული იყო.

“ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულებამ Georgian Wings-მა 2024 წლის ზაფხულის სეზონი სრული დატვირთვით უზრუნველყო. როგორც მოგეხსენებათ გვქონდა თბილისი - პრაღის, თბილისი - კიშინიოვისა და თბილისი - ბაქო მიმართულებით ფრენები. ახლა დავამატეთ თბილისი - ტრაპზონი. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჩვენი პირველი სეზონი სამგზავრო მიმართულებით საკმაოდ წარმატებით ვიფრინეთ და ვფიქრობთ რომ ეს განპირობებული იყო ზოგადად მსოფლიოში გაზრდილი მოთხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად პრაღის და ბაქოს მიმართულებით ფრენებზე დიდი კონკურენცია არსებობს”, - ამბობს კიკნაძე.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საავიაციო საწვავზე გაზრდილმა ფასმა ფრენები გააძვირა. ამიტომ კიკნაძეს ვკითხეთ რა ვითარება იყო წელს ამ მიმართულებით.

2024 წელს შეიძლება ითქვას რომ სხვა წლებთან შედარებით, საწვავის ღირებულება ოდნავ შემცირდა და უფრო დასტაბილურდა. აღარ შეინიშნება ის ცვლილებები, რაც წინა წლების შემთხვევაში იყო.

რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, სამი კვარტალის მონაცემებით აქაც ზრდა ფიქსირდება. Geosky-ის პრეზიდენტი ტვირთბრუნვის ზრდას ელექტრონული ვაჭრობის გააქტიურებას უკავშირებს და ელის, რომ სატვირთო გადაზიდვებზე მაღალი მოთხოვნა მომავალ წელსაც შენარჩუნდება.

“ძირითადი მიმართულება ჩვენთვის ჩინეთია. ზოგადად მსოფლიოში ტვირთების გადაზიდვა საჰაერო ტრანსპორტით ხორციელდება ძირითადად ჩინეთიდან ევროპის ან ამერიკის მიმართულებით.

ჩვენი კომპანიის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელი საკმაოდ წარმატებული იყო. გაიზარდა მოთხოვნა ტვირთის გადაზიდვაზე, რაც განპირობებულია პანდემიის შემდეგ პერიოდში ჩინეთში მთელი რიგი ქარხნების სრული დატვირთვით ამუშავებით. ასევე დაგვემატა ონლაინ პლატფორმები მაგალითად TEMU, რამაც ასევე გაზარდა ტვირთების გადაზიდვაზე მოთხოვნა. E commerce-ის გულისხმობს რომ რაც შეიძლება სწრაფად და მცირე დროში მოხდეს პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდება და ამ შემთხვევაში ძირითადად საავიაციო ტრანსპორტი გამოიყენება”, - ამბობს ავიაკომპანიის წარმომადგენელი.

საავიაციო ბაზრისთვის ასევე მნიშვნელოვანია საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელიც, რადგან ქვეყანა აქედან შემოსავალს იღებს. წელს სამ კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი თითქმის 30%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები