თუშეთი 2025 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა - როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ვიზიტორების მხრიდან.
რეგიონზე გაზრდილმა ინტერესმა განსაკუთრებით გავლენა მოახდინა ადგილობრივ საოჯახო ბიზნესებზე, მათ შორის თუშეთში მდებარე „შიოს ქვის სახლის“ საქმიანობაზეც.
როგორც მისმა თანადამფუძნებელმა, თამთა ჩაგოშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აღნიშნა, მიმდინარე წელი მკვეთრად განსხვავდებოდა წინა წლებისგან როგორც ვიზიტორთა რაოდენობით, ისე მათი დივერსიფიცირებული წარმომავლობით.
„ძალიან დატვირთული სეზონი გვქონდა, რისი მოლოდინიც გვქონდა. თუმცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველების მხრიდან ინტერესი, რაც გასულ წლებთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ხშირი იყო ზარები, სადაც ღამის გასათევით ან საკემპინგე სივრცეებით ინტერესდებოდნენ. ეს დადებითი ტენდენცია შიდა ტურიზმის გააქტიურებაზე მიუთითებს, რაც მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის“, - ამბობს ჩაგოშვილი.
თამთა ჩაგოშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სოციალურ მედიას ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თუშეთის რეალური გარემოს წარმოჩენასა და სტერეოტიპების დამსხვრევას.
„ბევრს ჰგონია, რომ თუშეთში ასვლა სახიფათოა, თუმცა რეალურად გზის გაფართოება უკვე წლებია მიმდინარეობს და თუ მძღოლი გამოცდილია, აქ ამოსვლა სულაც არ არის საშიში“, - აღნიშნავს ის.
ტურისტული ობიექტის თანადამფუძნებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებისა და ამერიკელების მხრიდან ინტერესი ტრადიციულად მაღალია, წელს სხვა ბაზრებიც გააქტიურდა, კერძოდ ებრაელები, პოლონელები, ამასთან ტურისტები აზიიდან : ინდოეთიდან, რაც საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლის თქმით, სიახლეა. ასევე, იაპონიიდან, კორეიდან.
“ადრე თუ ვამბობდით, რომ აქტიურად გვსტუმრობდნენ გერმანელები, ამერიკელები და ჩეხები - წელს, ეს ქვეყნების წილი გადანაწილდა და სეგმენტურად გაიზარდა.
ჩვენ განთავსებასთან ერთად ვთავაზობთ საცხენოსნო ტურებს, მასტერკლასებს. ეს იქნება პურის ცხობა, თუშური კერძების დამზადება, თუშური ალუდის (ლუდი) დაგემოვნება. ადგილზე 15 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. 1 ღამით განთავსება 45 ლარი ღირს, ცხენის ტური 80-100 ლარის ფარგლებშია. ხოლო ლუდის დეგუსტაცია 7 ლარი იყო. თუმცა, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, სამომავლო პერსპექტივაში გაფართოებას ვგეგმავთ”, - თქვა მან.




























