მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როგორი ქვეყანაც გვაქვს და როგორი ტემპითაც ვვითარდებით, ასე ვითარდება ტურიზმიც“ - პირადაშვილი

6479fb1d58000
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.23 19:24
1094
„როგორი ქვეყანაც გვაქვს და როგორი ტემპითაც ვვითარდებით, ასე ვითარდება ტურიზმიც“ - ასე აფასებს ტურიზმის სექტორის განვითარებას სასტუმრო „შატო მერეს“ მმართველი პარტნიორი გია პირადაშვილი გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას.

მას მაგალითად ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების შესრულება მოჰყავს და ამბობს: „როგორი ქვეყანაც გვაქვს და როგორი ტემპითაც ვვითარდებით, ასე ვითარდება ტურიზმიც. სამწუხაროდ ის არის, რომ თუ გზების დეპარტამენტი დროზე ვერ ახერხებს რაღაცის გაკეთებას, ან ხარისხიანად, ჩვენც მათთან ერთად შესაბამისად ვფერხდებით“.

გია პირადაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ზოგადად სასტუმროს მართვა რთულია, რადგან არ არის განვითარებული მიმართულებები, რომლებიც განთავსების ობიექტებს ოპერირებას უწყობს ხელს.

„დისტრიბუციის ნაწილი ვერ ჩამოყალიბდა. უნდა იყვნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც სასტუმროებს მათთვის საჭირო ყველა პროდუქტს მიაწვდიან. ასეთი ერთი კომპანია ვიცი „კენგურუ“, რომელიც დამკვეთებს პროდუქტების კალათას აწვდის, რეგიონში ასეთი ერთი კი არა, 10-15 კომპანია მაინც უნდა იყოს.
პროდუქტის მიღებას ჩვენ გლეხებთან პირდაპირი ურთიერთობითაც ვახერხებთ, მაგრამ ამას დამატებითი კადრები და ენერგია სჭირდება. თუ ეს კარგად იქნება დალაგებული, როგორც ეს უცხოეთშია...

იგივე, მაგალითად, სასტუმრო თავის სარეცხს თავისით არ უნდა რეცხავდეს, სამრეცხაოები უნდა ოპერირებდნენ... ეს ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით რეგიონებში არ არის, თბილისში იყო, თუმცა პანდემიის პერიოდში სამრეცხაო კომპანიების ნაწილი დაიკეტა, რადგან სასტუმროები აღარ მუშაობდნენ.

საერთოდ, სასტუმროს მართვა რთულია, ჩვენ ამ მხრივ გაუნათლებლები ვართ. ძალიან ბევრი სწავლა და შრომა გვჭირდება, თუ არადა უნდა მოვიწვიოთ კარგი სპეციალისტები როდესაც ამის ფინანსური შესაძლებლობა გვექნება და ვისწავლოთ მათგან“, - განმარტა „შატო მერეს“ მმართველმა პარტნიორმა.

კითხვაზე - ვისი კომპეტენციაა დარგის განვითარებისთვის სპეციალისტების მოწვევა, გია პირადაშვილი ამ ნაწილში კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ერთობით ტურიზმის განვითარება ისე შეიძლება, როგორც თავის დროზე სახელმწიფო მხარდაჭერით ღვინის ინდუსტრია განვითარდა.

„ეს ყველაფერი სახელმწიფოსა და კერძო სექტორმა ერთობლივად უნდა გავაკეთოთ. როდესაც ამბობ, რომ „ჩვენ ვაკეთებთ“ ის მუშაობს, როდესაც ამბობ „მე ვაკეთებ“ ის არ მუშაობს. ძალიან კარგია როდესაც ყველაფერს ტანდემში, ერთობლივად აკეთებთ და სინქრონიზებულად ხდება ტურიზმის ადმინისტრაციის, ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართვა... ვთქვათ, იგივე როგორც სოფლის მეურნეობის დარგი განვითარდა - მევენახეობა... ასე რომ იყოს ყველა დარგი განვითარებული, ჩვენ ვიქნებოდით ძალიან კარგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის განვითარების დონეზე ტურიზმის დარგში. ამას ყველაფერს დრო მოიტანს, როდესაც ჩვენი ახალი თაობა ჩამოვა ახალი ცოდნით და გამოცდილებით“, - განმარტავს გია პირადაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები