მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი შეიძლება იყოს "თეთრ სიაში" მოხვედრის გამკაცრებული პირობები? - "დიკა 2010"

სს

"დიკა 2010"-ის დამფუძნებელი ნათია ხვედელიძე ამბობს, რომ "თეთრ სიასთან" დაკავშირებული ცვლილებები მათ შორის სიაში მოხვედრის გართულებას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამშენებლო კომპანიების შეხვედრის შემდეგ, მან ჟურნალისტებთან ის სავარაუდო კრიტერიუმები დაასახელა, რაც სიაში მოხვედრის წინაპირობა შეიძლება გახდეს. ნათია ხვედელიძის ინფორმაციით, 2 რეკომენდაცია საკმარისი აღარ იქნება, ასევე გაიზრდება შესრულებული სამუშაოს ღირებულებაც.

"მოგახსენებთ, რომ "თეთრი სიის" გადახედვის საკითხი დღის წესრიგში გარკვეული კომპანიების ქმედებების გათვალისწინებით დადგა, რომლებმაც სია არაკეთილსინდისიერად გამოიყენეს და უკვე ვნახეთ ამის არაერთი ფაქტი, რომელიც დადასტურებულია, გამოძიება დაწყებულია. სახელმწიფომ ასეთი ქმედებით დიდი ზარალი მიიღო და გაუჩნდა სურვილი, რომ "თეთრი სია" გაეუქმებინა.

ასოციაციის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით და ძალისხმევით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომელშიც ჩართული იყვნენ როგორც მშენებლები, ისე ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომლები. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ "თეთრი სია" შეცვლილი მოდელით ორი წლის განმავლობაში კიდევ დარჩენილიყო, თუმცა რაღაცა ბენეფიტები ჰქონოდა კომპანიებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თეთრი სია მომდევნო 3 წლის განმავლობაში იარსებებს, რა თქმა უნდა, შეცვლილი პირობებით, ასევე "თეთრ სიაში" მოხვედრა ცოტა მეტად გართულდება, ვიდრე ეს ამ მომენტში საკანონმდებლო სივრცეშია ჩაშლილი. კომპანიები ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ ეს ის რესურსია, რომელიც გვეხმარება, გადაგვატანინოს რთული პერიოდები. მაგალითად, იცით კოვიდ 19-ის პერიოდი და შემდეგ უკრაინის ომის დაწყების დროს და ძალიან გვეხმარებოდა, ასევე როგორც ყოველდღიური საქმის კეთებაში.

დღესდღეობით კომპანიას "თეთრ სიაში" მოსახვედრად სჭირდება, რომ ჰქონდეს შესრულებული სამუშაო დაახლოებით მილიონი ან მეტი, ორი რეკომენდაცია, რომელიც ბოლო სამ წელს შესრულებულ სამუშაოზე უნდა გასცეს შემსყიდველმა. ასევე მას არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, როგორც აღიარებული, ისევე არაღიარებული და არ უნდა ჰქონდეს ყადაღა, აკრძალვა და საგადასახადო გირავნობა. ამ კუთხით უკვე მუშავდება პროექტი, რომ ორის ნაცვლად შეიძლება სამი ან ოთხი რეკომენდაცია გახდეს საჭირო, სამი წლის შესრულებულ სამუშაოზე აღარ იყოს და იყოს ორ წელზე შესრულებულ სამუშაოზე და ასევე, ეს რეკომენდაციები მოიცავდა 20 000 ლარიდან ზემოთ შესრულებულ სამუშაოებს და ამ ნაწილშიც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ გაიზრდება შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ჯერ არ ვიცით რა იქნება, შეიძლება ეს იყოს 100 000, შეიძლება იყოს მილიონი. ასევე არის მოსაზრება, რომ ჩაიშალოს შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით. მაგალითად, კომპანიას, რომელსაც აქვს მშენებლობის გამოცდილება და არ აქვს მშენებლობა-რეაბილიტაციის, ან მეორეს თუ აქვს მაგალითად, მხოლოდ რეაბილიტაციის, გაიმიჯნოს რაღაცა კუთხით ეს ნაწილები და ჩვენ ამასაც მივესალმებით", - ამბობს "დიკა 2010"-ის დამფუძნებელი.

რაც შეეხება ფასწარმოქმნის ახალ მიდგომებს, რაც გულისხმობს საბაზრო ღირებულების განსაზღვრას და მის გათვალისწინებას სახელმწიფო შესყიდვებში, ნათია ხვედელიძე აღნიშნულს ასევე დადებითად აფასებს, რადგან მისი თქმით, არსებული მიდგომა რეალობას სათანადოდ ვერ ასახავს. ნათია ხვედელიძე არ გამორიცხავს, რომ ახალი მიდგომა ტენდერების ღირებულებას გაზრდის.

"სავარაუდოდ, გაზრდის ტენდერების ღირებულებას, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებით ისაუბრა მინისტრმა, რომ არ აპირებენ ზედმეტის გადახდას, არც ნაკლების გადახდას. უკვე, როდესაც იქნება ჯანსაღი ფასი ბაზარზე, კომპანიების კონკურენცია მეტად გაიზრდება და ალბათ რაღაცა მინიმალური ფასიდან ცოტა ზემოთ იქნება, მაგრამ ეს უნდა იყოს ადეკვატური ფასი",- განაცხადა ნათია ხვედელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები