მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი უნდა იყოს კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში? - ინტერვიუ FTC-ის ყოფილ ხელმძღვანელთან

უილიამ კოვაჩიჩი - ინტერვიუ

მიმდინარე წლის ნოემბერში, თბილისში რიგით მე-2 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია "კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები მონაწილეობდნენ. ხუთი მარეგულირებელი უწყებების მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესება.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) ყოფილი ხელმძღვანელი, უილიამ კოვაჩიჩი, რომელიც, დღეს, ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, კონკურენციას და საკონტრაქტო სამართალს ასწავლის. აშშ-ის მთავარ კომერციულ მარეგულირებელ ორგანოში კოვაჩიჩი 2006-იდან 2011 წლამდე მუშაობდა და 2008-2009 წლებში უწყების ხელმძღვანელიც იყო.

უილიამ კოვაჩიჩის გამოცდილება საქართველოსთვის და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის ნამდვილად დადებითად შეიძლება ჩაითვალოს, რის გამოც BMG-ს საშუალება ჰქონდა მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაეწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

თქვენი შეფასებით, რას ცვლის ქვეყნისთვის კონკურენციის პოლიტიკის ჩარჩოს არსებობა და რა არის მთავარი სწორი პოლიტიკის გატარებისთვის?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - გამართული კონკურენციის სააგენტოა, რაც კვალიფიციური თანამშრომლების აყვანას და მათთვის კანონის აღსასრულებლად, მონაცემების შესაგროვებლად და კვლევების ჩასატარებლად შესაფერისი ძალაუფლების მიცემას მოიაზრებს.

კიდევ ერთი აუცილებელი ფაქტორი - გამართული სასამართლო სისტემის არსებობაა, რომელმაც მარეგულირებლის საქმიანობა უნდა შეაფასოს.

ამასთან, მნიშვნელოვანია განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, ხოლო ქვეყანაში უნდა არსებობდეს კარგი საუნივერსიტეტო სისტემა და ინტელექტუალური ინფრასტრუქტურა, რომელიც მხარს დაუჭერს, კვლევასა და განვითარებას და სისტემას ტალანტით მოამარაგებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი - ყურადღებიანი პარლამენტია, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც კონკურენციის სააგენტო მიიღებს, რათა ეს უწყება საკუთარ ქმედებებზე იყოს პასუხისმგებელი.

- მარტივად რომ ვთქვათ, საჭიროა სახელისუფლებო ძალის დანაწილება და დემოკრატიული პრინციპების დანერგვა, ხომ ასეა?

კი, მნიშვნელოვანი კონკურენციის სააგენტო გადაწყვეტილებებს ავტონომიურად იღებდეს, ანუ პოლიტიკურმა ლიდერებმა მარეგულირებელს არ უნდა უთხრან, რომ ეს ადამიანი უნდა დასაჯოს ან პირიქით, ის გაათავისუფლოს. ამ ტიპის ავტონომიურობა გადამწყვეტია, მაგრამ კონტროლზე უარის თქმა - შეცდომა იქნება. ამიტომაცაა, სასამართლო სისტემა და ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსების მიერ კონტროლი მნიშვნელოვანია. მარეგულირებელმა პასუხი უნდა აგოს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთაც პოლიტიკის მიმართულებით მიიღებს, მაგრამ ამასთან, უწყებას საშუალება უნდა ჰქონდეს, სანქცირების და გამოძიების მიმართულებით მის ხელთ არსებული ძალაუფლება ისე გამოიყენოს, რომ პოლიტიკოსებისგან წნეხი არ იგრძნოს.

- მემარჯვენე ეკონომიკური თეორიის თანახმად, თამაშის წესებს ეკონომიკურ აგენტებს თავად ბაზარი უკარნახებს, მაგრამ ამ მიდგომის ექსტრემალურ ვარიანტს არც ერთ ქვეყანაში არ ვხდებით, თუმცა ვხვდებით მარეგულირებელ ორგანოებს. მაშ, ზოგადად გკითხავთ - რატომ ხედავთ დამატებითი რეგულირების საჭიროებას და რატომ ითვლება, რომ კონკურენციის პოლიტიკა მცირე და განვითარებად ქვეყნებს ეკონომიკურ ზრდაში ეხმარება?

ორი მიმართულებაა, რომლითაც კონკურენციის სააგენტოს შეუძლია უზრუნველყოს, რომ მომხმარებლებისთვის და მთელი ქვეყნისთვის, ბაზარი გამართულად ფუნქციონირებდეს.

პირველი - სხვა სახელმწიფო უწყებების აქტივობას უკავშირდება. განვითარებად ბაზრებზე, სადაც მთავრობის მხრიდან ეკონომიკაში ჩარევის დიდი ისტორია არსებობს, რამდენიმე ისეთი ფაქტორი იჩენს თავს, რომელიც ბაზარზე შესვლას და ანტრეპრენიორებისა და მცირე ბიზნესების განვითარების საშუალებას ზღუდავს. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს უწყება, რომელიც, ასეთ ვითარებაში, მთავრობას ეტყვის უკან დაიხიოს და ასეთ პოლიტიკაზე უარი თქვას. ამგვარად, მნიშვნელოვანია კონკურენციის მხარდამჭერის როლის მორგება, კონკურენტული პირობების შექმნა და არასაჭირო სამთავრობო როლის უგულებელყოფა.

მეორე კი ისაა, რომ კერძო სუბიექტები, ზოგჯერ, ისეთ სტრატეგიას ირჩევენ, რომელიც ძალიან კარგია კერძო სექტორისთვის, მაგრამ არა მთლიანად საზოგადოებისთვის. ზოგჯერ, ეს ფორმა - კარტელური გარიგებაა, რომლის ფარგლებში კომპანიები წყვეტენ, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში. ზოგჯერ კი, ეს თავს იჩენს კომპანიების შერწყმის კუთხით, როცა ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი კომპანიები ერთ დომინანტ მოთამაშედ ყალიბდებიან. ამგვარად, არსებობს შემთხვევები, რომელთაც ექსპერტები “საბაზრო ჩავარდნებს უწოდებენ”, რომლებიც კერძო მხარეს ჩნდება და ჩარევას საჭიროებს.

- ნება მომეცით, სოციალურ საკითხს ჩავუღრმავდე და გკითხოთ, როგორია კონკურენციის პოლიტიკის სოციალური ეფექტი?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი - ზრდის წახალისებაა. კონკურენციის პოლიტიკას, თავისით არც მთლიანი შიდა პროდუქტის დრამატულად გაზრდა და ვერც ეკონომიკის ტრანსფორმირება შეუძლია, მაგრამ მისი დახმარებით ისეთი პირობების შექმნა შეიძლება, რაც ზრდას ხელს შეუწყობს. ამგვარად, ერთი მნიშვნელოვანი შედეგი - საზოგადოების გამდიდრებაა.

კიდევ ერთი როლი იმის უზრუნველყოფაა, რომ საზოგადოების ნაკლებად შეძლებულ ფენამ ეკონომიკური ზრდის შედეგები განიცადოს, რაც ნიშნავს, რომ კონკურენცია ისეთ მიმართულებებშიც შეინიშნება, როგორიცაა საჯარო ტენდერები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მაგალითად, განათლების, ტრანსპორტის და ჯანდაცვის სერვისებში კარტელური გარიგებები ვიხილოთ. ეს სერვისები საზოგადოების ნაკლებად შეძლებულ ფენას განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს.

კიდევ ერთი როლი კი ისაა, რომ კონკურენციის პოლიტიკა საზოგადოებას არწმუნებს, რომ ის პოლიტიკური გზა, რომელსაც ბევრი განვითარებადი ქვეყანა გადის, ქვეყანას საბოლოო მიზნამდე მიიყვანს. ეს მიზანი კი, ლიბერალური ეკონომიკური წესრიგისა და გამართულ კერძო სექტორის არსებობას მოიაზრებს, რომელიც საზოგადოებას პროდუქტებითა და სერვისებით მოამარაგებს, მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანია, ამ სისტემამ მოსახლეობის უპირატესობისთვის იმუშაოს, ხოლო კონკურენციის მარეგულირებლის შექმნა, სწორედ ამ გზის ნაწილია.

თუ მოქალაქეებს სჯერათ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი კეთდება, ისინი მეტად ენდობიან მთავრობასა და ბაზარს. ეს საზოგადოებრივი ნდობა კი, მნიშვნელოვანი ინგრედიენტია არამხოლოდ გამართული საბაზრო სისტემის, არამედ ეფექტიანი პოლიტიკური სისტემის არსებობისთვისაც.

- ბატონო უილიამ, ერთია, კონკურენციის სააგენტოს ან კონკურენციის პოლიტიკის არსებობა - ერთი საკითხია, მაგრამ მეორეა თუ როგორ ხდება მისი აღსრულება. რამდენად დიდი თავის ტკივილია კონკურენციის პოლიტიკის აღსრულება და რა უნდა გაკეთდეს ამ მხრივ ეფექტიანობის გასაზრდელად?

აღსრულება მარტივი არ არის. შესაძლოა, ისე აგატკიოს თავი, რომ ღამითაც არ დაგაძინოს და დღისითაც ტკივილში გამყოფოს. ბევრ ქვეყანასა და ბევრ სამართლებრივ სისტემაში დიდი სხვაობაა პოლიტიკის სამიზნე და რეალურ შედეგებს შორის. ამ სხვაობის შესამცირებლად აუცილებელია ეფექტიანი იმპლემენტაცია, რაც კარგი მარეგულირებლის არსებობას გულისხმობს, არამხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ დონეზე. მნიშვნელოვანია, კანონის აღსრულებისთვის ის შესაბამისი ხელსაწყოებით იყოს აღჭურვილი, მაგრამ ამასთან, მნიშვნელოვანია სასამართლო და საპარლამენტო კონტროლი და სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვანი და კრიტიკული გამოხმაურება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, განსაკუთრებით ახალი მარეგულირებელი ორგანოებისთვის - სხვა იურისდიქციების გამოცდილების გამოყენებაა. დღეს, კონკურენციის პოლიტიკას მსოფლიოს 140 იურისდიქციაში ვხვდებით, რომელთა სრული უმრავლესობა, ანუ დაახლოებით 110 უწყება - 1990 წლის შემდეგ შეიქმნა. ამგვარად, კონკურენციის პოლიტიკის შექმნისა და იმპლემენტაციის სამ დეკადაზე მეტი ხნის გამოცდილება დაგვიგროვდა. ამ უწყებებმა შექმნეს ნოუჰაუ, რომელიც გამოსადეგია, როგორც კანონის აღსრულების, ასევე ბაზრის მოკვლევის ჩატარების მიმართულებით. ამ პრაქტიკის დასწავლა შედარებით ახალი მარეგულირებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიტყოდი, კრიტიკულიც კი.

- ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში შედარებით ახლად ჩამოყალიბებულ მარეგულირებლებთან მიმართებით არსებობს - პროცესებში ხელისუფლების ჩარევაა. რა უნდა გაკეთდეს ამ რისკის შესამცირებლად ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი კონკრეტული მიმართულებებით არსებული ავტონომიის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ავტონომია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია გულისხმობს იმას, რომ მარეგულირებელმა არ მიიღოს პარლამენტარებისა თუ მთავრობის წევრების დავალებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება. აი, კომპანიების შერწყმის მაგალითზე გეტყვით - დაუშვებელია მარეგულირებელს უთხრა, შერწყმას მწვანე შუქი აუნთე, რადგან ამ ტრანზაქციას ჩემი პოლიტიკური მოკავშირეები ახორციელებენ. იგივე შეიძლება ითქვას კარტელური გარიგებების მიმართულებით, როცა ამბობენ, ამ ადამიანებს შეეშვიო, რადგან მათ ჩემს პოლიტიკურ დაწინაურებას დაუჭირეს მხარი.

მარეგულირებლის ძალაუფლებაში ასეთი უხეში ჩარევა ძალიან დესტრუქციულია, რადგან როცა ის სასამართლოს წინაშე აღმოჩნდება, არგუმენტად იტყვის, რომ ჩემს გადაწყვეტილებას უნდა ენდო. რატომ? იმიტომ, რომ ისეთ ექსპერტულ ცოდნას ვიყენებ, რომელიც შენ არ გაქვს. თუმცა, თუ სასამართლოსთვის ნათელია, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება პოლიტიკურ ინსტრუქციას ან პოლიტიკურ ზეწოლას ეფუძნება, მაშინ არ არსებობს ექსპერტიზა, რომელსაც დაეყრდნობი. ამგვარად, მარეგულირებლის ეფექტიანობა პირდაპირაა დამოკიდებული პოლიტიკური ზეგავლენისგან დაშორებაზე.

თუმცა თქმა იმისა, რომ ავტონომია მნიშვნელოვანია, არ ნიშნავს, რომ იზოლაცია - კარგია. პირველ რიგში, ეს მიუღწეველი მიზანია. სრულად დამოუკიდებელი ვერ იქნები, თუ ყოველ წელს, პარლამენტს ბიუჯეტს სთხოვ, ასე რომ დამოუკიდებლობასაც საკუთარი ლიმიტები აქვს. ამასთან, საუბარი იმის გამოც არის მნიშვნელოვანი, რომ მარეგულირებელს, პერიოდულად, განახლება სჭირდება, როგორც ბიუჯეტის გაზრდის, ასევე ძალაუფლების მომატების და ეფექტიანობის მიმართულებით. ასე რომ, თუ პერიოდულად, პოლიტიკოსებთან ამ თემებზე სასაუბროდ მიდიხარ და მათ არ იციან, ვინ ხარ, სავარაუდოდ, უარს გეტყვიან.

ეფექტიანობისთვის, მნიშვნელოვანია ურთიერთობა და როგორც ცოტა ხნის წინ ვთქვათ, ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია - ანგარიშვალდებულება. არასწორია, პოლიტიკოსმა მარეგულირებელს უთხრას - “დასაჯე ჩემი პოლიტიკური მტერი და დააჯილდოვე ჩემი მოკავშირეები”. საპირწონედ ამისა, სრულად მისაღებია ჰკითხო: “როგორია შენი ფილოსოფია კომპანიების შერწყმასთან დაკავშირებით?” ან სთხოვო აგიხსნას, თუ რატომ გადაამეტა ძალაუფლება ამა თუ იმ შემთხვევაში? კონტროლის კუთხით, განსაკუთრებით მარეგულირებლისთვის კითხვების დასმა წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე, რადგან ასეთი კონტროლი წარმოქმნის ანგარიშვალდებულებას, რომელიც ადამიანებს უარს ათქმევინებს ისეთი ნაბიჯების გადადგმაზე, რომლებიც უპირატეს მდგომარეობაში მათ აყენებენ და არა - საზოგადოებას.

ავტონომიას, ანგარიშვალდებულებასა და ეფექტიანობას შორის ერთგვარი დაძაბულობა შეინიშნება. ერთმა ჩემმა კოლეგამ, რომელიც პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით მუშაობს, მითხრა, რომ ადგილი, რომლის დაკავება უნდა გსურდეს კანონმდებლობის სისტემაში, ის ადგილია, რომელსაც დედამიწა იკავებს მზის სისტემაში. მზესთან იმდენად ახლოს უნდა იყო, რომ არ გაიყინო, მაგრამ ისე შორს, რომ არ დაგწვას, ანუ დედამიწობა უნდა გინდოდეს და არც მერკურობა ან სატურნობა. აი, ეს არის ის ოქროს შუალედი, რომლის დაკავება მარეგულირებელს უნდა სურდეს.

- რა შესანიშნავი მეტაფორაა! ბატონო უილიამ, მოდი, მეორე მხარეც მიმოვიხილოთ. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მარეგულირებელი ბიზნესს მოკავშირედ აღიქვამდეს?

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არსებობდეს ორნაირი ურთიერთგაგება, რომელიც კერძო სექტორისა და მარეგულირებლის საუბრიდან უნდა წარმოიშვას.

კომპანიებს უნდა ესმოდეთ, რომ ეკონომიკის ეფექტიანი მართვა წესრიგის გარკვეულ წესებზე შეთანხმებას მოიაზრებს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, მაგალითად, კომპანიებმა მომხმარებლებს არ უნდა მოატყუონ. ამასთან, უარი უნდა თქვან კარტელურ გარიგებებზე, რადგან კარტელები, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ, ფასებს ზრდიან, ანუ ხელისუფლება ნაკლებ ფულს ხარჯავს იმ სერვისებზე, რომლებიც მოსახლეობას სჭირდება.

კომპანიებს უნდა ესმოდეთ, რომ გარკვეული ქმედებები ბაზრის ფუნქციონირებას ძირს უთხრის და შედეგად, იმაზე მეტ ჩარევას ვიღებთ სახელმწიფოს მხრიდან - ბიზნესმენებმა ეს უნდა გაითავისონ. ამასთან, კომპანიები უნდა მიხვდნენ, რომ მათ მიერ ამ ნორმების დაცვა საბაზრო ეკონომიკის მიმართ გრძელვადიან ნდობას წარმოშობს.

მნიშვნელოვანი საკითხები მარეგულირებლებმაც უნდა გაიგონ და ერთ-ერთი მთავარი იმ როლის გათავისებაა, რომელსაც კერძო სექტორი საზოგადოებაში სიმდიდრის, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნების, ინოვაციურობისა და დინამიკის შემოტანის მიმართულებით ასრულებს. თუ საქმეს მიუდგები დაშვებით, რომ ბიზნესმენების უმეტესობა სოციალურ ინტერესს არ ითვალისწინებს, შესაძლოა, არასწორ გზაზე აღმოჩნდე.

ამ ტიპის ურთიერთგაგების განვითარება, შეიძლება, როგორც საჯარო სადისკუსიო პლატფორმებზე, ასევე საჯარო შეხვედრებზე და საუნივერსიტეტო ღონისძიებებზე. მნიშვნელოვანია, არსებობდეს საუბარი ბიზნესგადაწყვეტილებების ლოგიკისა და სახელმწიფო ჩარევების შესახებ, როცა საქმე გვაქვს “ბაზრის ჩავარდნასთან”. ეს ორმხრივი ურთიერთგაგება ეკონომიკის გამართული ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ბატონო უილიამ, რას ურჩევდით საქართველოს, რომელსაც ამ მიმართულებით, ასე თუ ისე, მცირე გამოცდილება აქვს - როგორ უნდა მოძებნოს ჩვენმა ქვეყანამ ოქროს შუალედი ან როგორ უნდა დაიკავოს საქართველომ "დედამიწის ადგილი მზის სისტემაში" ისე, რომ ერთის მხრივ, ბიზნესის საქმიანობა არ შეუზღუდოს, ხოლო მეორე მხრივ, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლითაც ამ ტიპის ბალანსის დაცვა შეიძლება, სააგენტოს შიგნით პოლიტიკის კვლევისა და ანალიტიკის პრიორიტეტის არსებობაა. ამ ტიპის კვლევა შეისწავლის, როგორც ქვეყანაში ბიზნესის მიმართულებით არსებულ პირობებს, ასევე წარსული ჩარევების ეფექტიანობას ან პირიქით, ჩაურევლობას. ეს კულტურული გადაწყვეტაა, რომელიც წინარე სახელისუფლებო ჩარევების შედეგებზე ფოკუსირდება, მათ შორის კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებებზე. ის ერთგვარი ვექტორია, რომელიც გვანიშნებს, თუ რა მიმართულებით არის ჩარევა მისაღები. ამგვარად, სააგენტო ცდილობს მაქსიმალურად ჭკვიანურად მოიქცეს რესურსების გადანაწილების მიმართულებით.

მარტივად რომ ვთქვათ, შეფასება კარგი გზა არის იმის გასარკვევად, სწორი მიმართულებით ვითარდები, თუ - არა. შეფასება მარტივი არ არის, რადგან, ზოგჯერ, ამ პროცესის გავლისას აღმოაჩენ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღე ან გავლენა საერთოდ არ მოგიხდენია. ბევრ შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელეებს, ისევე, როგორც ზოგადად ადამიანებს, ურჩევნიათ, ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, ასე რომ შესაძლოა, უწყებამ ამ პროცესზე უარი თქვას და იმ დაშვებით იფუნქციონიროს, რომ ყველაფერი კარგადაა.

ასე რომ, შედეგების მუდმივი შეფასების კულტურის არსებობა ძალიან კარგი ხელსაწყოა, რომელიც პოლიტიკის მიმართულებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ და კანონმდებლობის მზის სისტემაში დედამიწის როლის დაკავებისკენ გვიბიძგებს.

გქონიათ თუ არა შეხება საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან? შეგიძლიათ შეაფასოთ, ის საქმე, რომელიც კონკურენციის სააგენტომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეასრულა?

ქართულმა სისტემამ განვითარების რამდენიმე ფაზა გამოიარა. პირველად, ის 1990-იან წლებში, შედარებით სუსტი ფორმით ჩამოყალიბდა და მოგვიანებით, გაუქმდა და თავიდან შეიქმნა. ვფიქრობ, რომ ისტორია, რომელიც ამჟამინდელმა სააგენტომ დაწერა, საკმაოდ მოკლეა, ასე რომ სააგენტოს მუშაობის სიღრმისეულად შეფასება ჯერაც რთულია.

ვუყურებ რა სხვა სააგენტოების გამოცდილებას, ვფიქრობ, რომ საჭიროა გავიდეს ოცი-ოცდახუთი წელიწადი, რათა დარწმუნდე, რომ სწორ გზას ადგახარ. აუცილებელია, კანონის აღსრულების გამოცდილება მიიღო და ნახო, თუ როგორ ფუნქციონირებს სისტემა პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ანუ არსებობს თუ არა გრძელვადიანი პოლიტიკური მხარდაჭერა პროგრამის მიმართ? პოლიტიკური პარტიების შეცვლის შემთხვევაში, პატივს სცემენ თუ არა ისინი სააგენტოს ფუნქციებს და აგრძელებენ თუ არა მის მხარდაჭერას? რეჟიმის ცვლილებამ, შესაძლოა, ახალი პერსპექტივა შემოიტანოს, რაც შესაძლოა, დადებითად აისახოს სააგენტოს განვითარებაზე, მაგრამ უძლებს თუ არა სააგენტო პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებას? ცვლის თუ არა ის საკუთარ მიდგომებს მაშინ, როცა ქვეყანაში დავა მიმდინარეობს? კრივის მეტაფორა რომ გამოვიყენოთ, უნდა გავიგოთ, თუ როგორ შეუძლია სააგენტოს დარტყმის ატანა. არსებობს მომენტები, როცა ყველაფერი ცუდადაა, მაგრამ ფეხზე უნდა წამოდგე და მუშაობა გააგრძელო. ამის დასანახად, დრო არის საჭირო.

ჩემი წინასწარი შეფასებით, საქართველოში ბევრი რამ კეთდება, რაც მომწონს. ერთი, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვხედავ, სააგენტოს მიერ თანამშრომლების აყვანის პრაქტიკაა. ჩემს უნივერსიტეტში, ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში, ქართველი სტუდენტები გვყავს სამაგისტრო პროგრამებზე, რომლებიც წინათ, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მუშაობდნენ. ვუყურებ რა მათ, ვხედავ, რომ ტალანტის ნაკადი, რომელიც სააგენტოში შედის, შესანიშნავი და წამახალისებელია. ვერ ვიტყვი, რომ ტალანტი, თავისთავად, საკმარისია წარმატებისთვის, მაგრამ მის გარეშე, ცდაც კი აზრსაა მოკლებული, ასე რომ ერთი ნათელი წერტილი, რომელსაც ჩემს სტუდენტებში და სხვა ადამიანებში ვხედავ ისაა, რომ ტალანტის ხარისხი მუდმივად იზრდება, რაც კარგი ნიშანია. ვიცი, რომ ბევრი მათგანი კერძო სექტორში გადადის, მაგრამ ესეც კარგია - თუ შენი თანამშრომლების გადმობირება არავის სურს, ესე იგი, საქმე ცუდადაა.

მეორე ნაწილი, რომელიც ასევე მომწონს - სააგენტოს მიერ საკუთარი შედეგების ანალიზის ჩვევაა. კითხვები, როგორიცაა, “რამდენად კარგად ვფუნქციონირებთ?”, “გვაქვს თუ არა პასუხისმგებლობებისა და რესურსების შესაბამისი ნარევი?”, რადგან განახლება მხოლოდ ასე მიიღწევა და თუ პერიოდული განახლება არ გსურს, ესე იგი, ჩამორჩები. ვფიქრობ, ეს ჯანსაღი კულტურაა.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ძალიან მომწონს - კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა ისეთ მარეგულირებლებთან, რომლებთანაც არსებობს თანაკვეთა, როგორც ტენდერების, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორისა და წყლის მიწოდების რეგულირების კუთხით. ჩანს, რომ მარეგულირებლები ურთიერთობების ჩამოყალიბებას ბევრი მიმართულებით ცდილობენ, რაც, ჩემი აზრით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამომავლო წარმატებისთვის. ესეც ძალიან ჯანსაღი პრაქტიკაა.

კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც მომწონს ისაა, რომ საქართველო სულ უფრო მეტადაა ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციებთან საუბარში, როგორც გლობალურ, ასევე რეგიონულ და ორმხრივ დონეზე. მარეგულირებლის ოპერირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნიუჰაუს და ინტელექტუალური ცოდნის გადაცემა მოხდეს. ვფიქრობ, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტო ამაში საკუთარი შესაძლებლობების გაზრდის საშუალებას ხედავს. სულაც არ არის აუცილებელი იზოლაციაში იყო და ყველაფერი შენით ისწავლო, რადგან სამყაროში, სადაც 140 კონკურენციის სააგენტოა, ბევრი ექსპერიმენტი ჩატარებულა, ასე შეგიძლია სხვების გამოცდილებაზე ისწავლო და გამოცადო, თუ რა მუშაობს და რა - არა. არსებობს თუ არა საქართველოს იდენტური სახელმწიფო? არა, რასაკვირველია.

- ბატონო უილიამ, ახლა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების კონფერენციას ვესწრებით, რომელიც თბილისში იმართება. როგორი გამოცდილება მიიღეთ და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ განვითარებად ქვეყნებში ასეთი პლატფორმა არსებობს?

ეს კონფერენცია მრავალმხრივად შესანიშნავია, რომელიც საქართველოში და საქართველოს გარეთ არსებული სხვადასხვა ინსტიტუტებში არსებული ხედვების თავმოყრის საშუალებას იძლევა. ჩემნაირი გარეთა პირისთვის ამ კონფერენციაში მონაწილეობა დიდი პატივია. ეს საუბარი, ნათლად წარმოაჩენს არსებულ პროგრამებს და პოლიტიკის სამომავლო განვითარების მიმართულებით, რაც კარგი სისტემის განვითარების ძალიან სასარგებლო ელემენტია. ამასთან, ის ასახავს შიდა ურთიერთობას, ანუ კოლაბორაციას, რომელიც არსებობს არამხოლოდ კონკურენციის სააგენტოს და სხვა მარეგულირებელ ორგანოებს შორის, არამედ თანამშრომლობას, რომელიც სხვა ქვეყნებთან მიმართებით არსებობს, რაც ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ვფიქრობ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ეს კონფერენცია არ წარმოადგენს სააგენტოს არსებობის ფაქტის ზეიმს, რადგან დღეგრძელობას მხოლოდ დღეგრძელობის გამო არ ვზეიმობთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები