თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მას არ ესმის "ქართული ოცნების" პოლიტიკა, როცა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობას წყვეტს და რუსეთთან პირისპირ რჩება.
ირაკლი ალასანია "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუს დროს განმარტავს, რომ საქართველოს ამერიკასთან და ევროპასთან პარტნიორობა სჭირდება და ასევე უნდა დაიწყოს საუბარი რუსეთთან.
"პირველ რიგში უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების სია და უპირველესად ეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებს უნდა ეხებოდეს. სია უნდა იყოს ზურგგამაგრებული ჩვენი პარტნიორებისგან, რომ ისინიც იზიარებდნენ, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების მიცემით შეიძლება დავიწყოთ საუბარი რუსეთთან და შემდეგ შეხვდნენ პოლიტიკურ ლიდერებს", - ამბობს ირაკლი ალასანია.
კითხვას, რუსეთთან ურთიერთობის დაწყების პროცესი როგორ წარმოგიდგენიათ? მან უპასუხა, რომ "ისევე როგორც დაიწყო ტრამპმა და სხვა ქვეყნებმა".
"ჩვენი მასშტაბის ქვეყანას უნდა ჰქონდეს მრავალვექტორული უსაფრთხოება. სტრატეგიულ ურთიერთობაზე უნდა ველაპარაკოთ ამერიკას, ევროპას, თურქეთს და ჩინეთთანაც უნდა გვქონდეს ურთიერთობები. რადგან ჩვენი დერეფანი რომელიც უნდა ამოქმედდეს, რომელიც უნიკალურია და რაც გეოპოლიტიკურ ფასს გვძენს, ამის ამოქმედება იმ შემთხვევაში იქნება თუ ცენტრალური აზიის, ჩინეთის და ევროპის ტვირთები საქართველოზე გაივლის, ამიტომ დღეს დიდი შესაძლებლობა გვეძლევა რომ ჩვენი ინტერესები წინ წავწიოთ.
გული მწყდება, რომ ჩვენი დიპლომატია პრაქტიკულად გაჩერებულია. რეალურად არავის არ ველაპარაკებით, იზოლაციაში ვართ და იზოლაციაში ვრჩებით ერთი-ერთზე რუსეთთან. ერთი-ერთზე რუსეთთან საუბარი ჩვენთვის დამღუპველია. რუსეთი ჩვენი მეზობელია, ამას ვერ გავექცევით, მაგრამ ზურგგამაგრებული უნდა იყო პარტნიორებით, მეგობრებით.
ამერიკასთანაც უნდა გავაგრძელოთ ურთიერთობების აღდგენა, რადგან ყველაზე დიდი და ძლიერი ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ და დარწმუნებული ვარ ტრამპის ადმინისტრაციაში მოიძებნება ხალხი ვინც საქართველოში ურთიერთობების აღდგენას მხარს უჭერს.
რჩება ახალი მოთამაშეები როგორიც არის საუდის არაბეთი და ბევრი მედიატორული როლი მაქვს აქვს აღებული და ჩვენ ახალი პარტნიორები და მეგობრები მანდაც უნდა შევიძინოთ. საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალიან მდიდარი მენიუ საგარეო ამოცანების.
ასევე ჩვენ ვერ გავექცევით მოლაპარაკებებს რუსეთთან და რაც ადრე მით უკეთესი. როგორც მე ვატყობ დღევანდელ ჩვენ ხელისუფლებას აქვს საშუალო დონის რუსეთის ჩინოვნიკებთან საუბარი და არა პოლიტიკურ დონეზე და ჩვენ გვჭირდება პოლიტიკურ დონეზე ჩვენ პარტნიორებთან ერთად რადგან გავიგოთ რა რესურსი აქვს ამ ურთიერთობის", - ამბობს იგი.