ავტორი: სანდრო ალავიძე, Amazon-ის მონაცემთა ანალიტიკოსი
It’s always Day 1. ესაა ჯეფ ბეზოსის სლოგანი იმის შესახსენებლად, რომ ყოველდღე უნდა იმუშაო ისე, თითქოს მხოლოდ ახლა იწყებს საქმიანობას. სიახლის განცდა აუცილებელია, როგორც კი კომპანია Day 2-ში გადადის (ანუ კომფორტის, ბიუროკრატიისა და ინერციის ფაზაში), იწყება დაქვეითება, შემდეგ სტაგნაცია და ბოლოს გარდაუვალი დაცემა.
Amazon-ის ყოველდღიური სამუშაო გარემო დამყარებულია პრინციპზე - გაამარტივე, დააჩქარე და იმოქმედე! ეს არ არის მხოლოდ ლოზუნგი, ეს ჩვენი კორპორაციული კულტურაა, რაც განსაზღვრავს თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურობას და ქმნის პროდუქტიულ ეკოსისტემას.
დილა იწყება ნიუ-იორკთან ერთად
ჩვენი დღე იწყება ძალიან ადრე. ონლაინ შეხვედრებით ბიზნესის ახლად შექმნილ გუნდთან, რომელიც ნიუ-იორკში დაფუძნდა.
ეს არის დრო, როცა ვანაწილებთ პრიორიტეტებს და ვსაზღვრავთ დღის ძირითად ამოცანებს. ხშირ შემთხვევაში, გუნდურად განვიხილავთ კონკრეტულ პროექტებს და ვადგენთ, რომელია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნესის თვალსაზრისით.
შეხვედრის შემდეგ, ვიწყებთ ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში მუშაობას - მონაცემთა ანალიზზე, ბიზნესმოდელების დახვეწასა და ოპტიმიზაციაზე.
პრიორიტეტების დასახვა
Amazon-ის პროექტების ბუნება ხშირად გულისხმობს მრავალმილიარდიან მონაცემთა ბაზებთან მუშაობას, რომლებიც წამში მილიონობით ჩანაწერს აგენერირებენ.
პროექტების რაოდენობა ყოველთვის აღემატება ჩვენს რესურსებს, რაც ამაზონის სამუშაო სტილია. ეს გვაიძულებს ყოველდღიურად შევაფასოთ პოტენციური სარგებელი და ვიმუშაოთ იმ ამოცანებზე, რასაც ყველაზე დიდი გავლენა ექნება ბიზნესსა და მის განვითარებაზე.
ჩვენი ამოცანაა ამ მონაცემების ისე ორგანიზება და ანალიზი, რომ ბიზნესმენეჯერებმა მათი მეშვეობით მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებები მიიღონ.
ჩვენი მიზანია – მონაცემები გადავაქციოთ ბიზნესმოსაზრებად. Amazon-ის კორპორაციული კულტურა აშენებულია პრინციპზე, შექმნან ჯანსაღი სამუშაო გარემო. აქ პროდუქტიულობა სტრესისა და გადატვირთვის ხარჯზე კი არ მიიღწევა, არამედ – მხარდაჭერისა და კომფორტის გზით.
ჩემთვის დღის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ყავა, ჯანსაღი წასახემსებლები – ხილი, პროტეინბარები და სხვა პროდუქტები, რაც ენერგიის შენარჩუნებაში მიწყობს ხელს.
ულიმიტო სამგზავრო აბონემენტი და ტაქსის ვაუჩერები სასიამოვნო ბენეფიტებია - განსაკუთრებით ქალაქში, სადაც გადაადგილება ხშირად დამატებითი გამოწვევაა.
“ამაზონში” ყოველდღიურად მაწვდიან არა მხოლოდ რესურსებს, არამედ სიგნალს: „შენზე ვზრუნავთ, შენი აზრი და წვლილი ფასობს“. ამიტომ ჩემთვის სამსახური აღარ არის ადგილი, სადაც უნდა „ვიმუშაო“. უფრო ესაა სივრცე, სადაც პროფესიულად სულ ვიზრდები.
ამ გარემომ თავდაჯერებულობა შემმატა — დიდ ბიზნესპროქტებზე გადაწყვეტილებების მიღება აღარ მიჭირს და უფრო თამამად დავიწყე საკუთარი იდეების გაჟღერება გუნდურ დისკუსიებში.
ეს გამოცდილება ჩემთვის არაა მხოლოდ კარიერული ნაბიჯი— აქ მივხვდი, რომ სწორად ორგანიზებული გარემო ადამიანს რეალურად ახალ შესაძლებლობებს და მოტივაციას უჩენს.
სიეტლი, იდეები და ინოვაცია
ყოველკვარტალურად, ჩვენი ნიუ-იორკული გუნდი გვსტუმრობს სიეტლის სათავო ოფისში. ეს ვიზიტები სამუშაო დატვირთვითაც და ინოვაციური იდეებითაც გამოირჩევა.
გავდივართ იახტით, ვესწრებით ჰოკეის მატჩებს, ბიზნესლანჩებს — თუმცა პარალელურად ვმართავთ ინტენსიურ ბრეინშტორმინგს:
ვაფასებთ წარსულ კვარტალს;
ვგეგმავთ ახალ მიზნებს;
ვპოულობთ ინოვაციურ მიდგომებს.
ერთად ვმუშაობთ პრობლემების გადაჭრაზე, ვგეგმავთ, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. ეს კოლაბორაციული გარემო ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და მუდმივ განვითარებას.
ბოლო შეხვედრის მთავარი თემა, Generative AI იყო. განვიხილეთ, თუ როგორ შეგვეძლო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყოველდღიური ბიზნესპროცესების გასამარტივებლად. ძალიან საინტერესო შეხვედრების სერია გვქონდა "ამაზონის" ხელოვნური ინტელექტის გუნდთან, სადაც შევთანხმდით, როგორ შეგვეძლო არსებული პროგრამებით ჩვენი პირადი Chatbot-ის შექმნა.
უნიკალური შესაძლებლობა —დიალოგი ლიდერებთან
ყოველ 6 კვირაში გვაქვს შეხვედრები Amazon-ის ვიცე-პრეზიდენტებთან. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა — გაუზიარო პროგრესი, წამოჭრა გამოწვევები და მიიღო უკუკავშირი იმ ადამიანებისგან, ვინც გლობალურ სტრატეგიებს ქმნის.
სწორედ ამის გამო, ძალიან სწრაფად გვიწევს იმ თემების განხილვა, რომლებსაც უდიდესი გავლენა აქვთ ბიზნესზე, მაგალითად: ტარიფები, რამაც უნდა განსაზღვროს ძირითადი ტრენდები ბაზარზე ან ბაზრის კონფიგურაცია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი ცვლილებისთვის, რომ სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება, დავამუშაოთ მონაცემები, არ ჩამოვრჩეთ სიახლეს ბაზარზე ან კომპანიის შიგნით და დავსახოთ ახალი, მოქნილი სტრატეგია.
ვვითარდებით ყოველდღიურად
Amazon-ში ერთი სამუშაო დღე იშვიათად ჰგავს წინა დღეს, მაგრამ ერთი რამ უცვლელია: აქ მუდმივად სვამენ კითხვას — როგორ შეგვიძლია უკეთ, სწრაფად და ჭკვიანურად
ვიმოქმედოთ?
Amazon-ის პასუხია Work hard. Have fun. Make history.
Amazon-ში ეს მხოლოდ სლოგანი არ არის — ეს ყოველდღიური ცხოვრების წესია, რომლის დაცვასაც თითოეული გუნდის წევრი ჩვენი პირადი მაგალითით ვცდილობთ.