მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია 2024 წელი მობილური ოპერატორებისთვის - შემოსავლების სტატისტიკა

ანტენა მობილური ოპერატორი ქსელი ტელეფონი კავშირგაბმულობა კომუნიკაციები
სტატიაში საუბარია:

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში რეკორდული მოცულობის თანხა 719.2 მილიონი ლარი გადაიხადა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მობილური ოპერატორების შემოსავლები 67.4 მილიონი ლარით, ანუ 10.3%-ით არის გაზრდილი.

კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების რაოდენობა 5,670,517-მდე არის გაზრდილი, რაც წლიურ ჭრილში 214,574 აბონენტის მატებას ნიშნავს.

2024 წლის იანვარ-აგვისტოში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • მაგთი - 340,374,821 ლარი, 2,336,419 აბონენტი, ბაზრის 41%, შემოსავლის ზრდა იანვარ-აგვისტოში 6.5%;
  • სილქნეტი - 253,817,031 ლარი, 2,003,590 აბონენტი, ბაზრის 35%, შემოსავლების ზრდა იანვარ-აგვისტოში 12%;
  • სელფი მობაილი - 123,497,597 ლარი, 1,311,612 აბონენტი, ბაზრის 23%, შემოსავლების ზრდა იანვარ-აგვისტოში 18.6%.

ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილია ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი (ARPU), რაც ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2024 წლის ოქტომბერში მაგთის ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 15.42 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 86 თეთრით არის მომატებული, სილქნეტის ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 13.24 ლარია, რაც 48 თეთრით არის გაზრდილი ერთი წლის ჭრილში, ხოლო სელფი მობაილის ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 9.98 ლარია, რაც წლიურად 1.21 ლარით არის მომატებული.

მობილური ოპერატორების საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად 4,059,642 აბონენტი მოიხმარდა, რაც მთლიანი აბონენტების 70%-ია, წინა წელს ეს მაჩვენებელი აბონენტების 68% იყო.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 14.2 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა, რაც წლიურად 650 მეგაბაიტით არის გაზრდილი.

მაღალი ალბათობით მობილური ინტერნეტის ტრაფიკი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც ქვეყანაში 5G ინტერნეტის უფრო ფართო ათვისებასთან არის დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები