უკრაინამ ახალი რაკეტა FP-5 Flamingo წარადგინა. საუბარია იარაღზე, რომელსაც ნებისმიერი სამიზნის განადგურება 3000 კილომეტრის რადიუსში შეუძლია.
როგორც ოფიციალური კიევი აცხადებს, რაკეტა ადგილობრივადაა შექმნილი და ის უკვე აქტიურ წარმოებაში ჩაეშვა. როგორც ირკვევა, უკრაინულმა მხარემ ის არამარტო დატესტა, არამედ რეალური საბრძოლო მოქმედებისთვისაც კი გამოიყენა.
სწორედ ახალი იარაღის დამსახურებაა, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ რუსეთისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას აქამდე მიუწვდომელ ადგილებში დაარტყა. დღეს მე სწორედ ამ უახლეს რაკეტაზე გესაუბრებით და აგიხსნით, რა განასხვავებს მას უკრაინის არსენალში არსებული სხვა რაკეტებისგან.
ახალი FP-5 Flamingo, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის ისტორიაში შექმნილი ყველაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტაა, ამავდროულად ყველაზე დიდი და ეფექტურიცაა. მისი ზომა ამერიკული Tomahawk-ის ზომას ორჯერ აღემატება და 6000 კილოგრამს იწონის. აღსანიშნავია, რომ ახალ რაკეტას 1 ტონამდე ასაფეთქებელი მასალის გადატანა შეუძლია, რაც გამანადგურებელი დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ზრდის. რაკეტას გრძელი, ფიქსირებული ფრთები აქვს, რაც შორ მანძილზე გადაადგილებისას სტაბილურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, თუმცა მანევრირებისთვის ნაკლებ სივრცეს ტოვებს. FP-5 Flamingo-ს ტანი ნახშირბადოვანი ბოჭკოს ფურცლებითაა შეკრული, რაც რაკეტას მეტად მსუბუქს და მოქნილს ხდის. ის ალუმინზე 40%-ით მსუბუქია და ფოლადზე 5-ჯერ უფრო ძლიერია. რაკეტას განსაკუთრებით გამოარჩევს ძრავი, რომელიც ფიუზელაჟის ზემოთ არის განთავსებული და არამარტო ხმას ამცირებს, არამედ მეტ ადგილს ტოვებს დამატებითი ასაფეთქებელი საშუალებების განთავსებისთვის.

FP-5 Flamingo ერთდროულად GPS და ინერციული ნავიგაციის სისტემებითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას ქმნის, სატელიტებზე წვდომის შეწყვეტის შემთხვევაშიც რაკეტამ მიზანი არ დაკარგოს და დანიშნულების ადგილამდე უპრობლემოდ მივიდეს. რადგან GPS-ი ვახსენეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ რაკეტის ყველაზე დიდი მინუსი ადრე აღმოჩენის შესაძლებლობაა. მისი სიგრძე 12-14 მეტრს შეადგენს, ფრთების ჩათვლით კი სიგანე 6 მეტრს აღწევს. ამას ემატება დიზაინის ნაწილად ქცეული ზემო ძრავი, რომელიც რადარების მიერ აღმოჩენას კიდევ უფრო ამარტივებს და რეაგირებისთვის მეტ დროს ტოვებს. რაც შეეხება სიჩქარეს, მწარმოებელი კომპანიის განცხადებით FP-5 Flamingo-ს სიჩქარე 900 კმ/საათია, რაც შეეხება დაფარვის არეალს, როგორც აღვნიშნე, მას შეუძლია რუსეთის სიღრმეში დარტყმების 3000 კილომეტრის რადიუსში განხორციელება. ცხადია, უმნიშვნელოვანესი საკითხია სიზუსტე, რა მხრივაც უკრაინულ რაკეტას მთლად საუკეთესო შედეგი არ აქვს, თუმცა მასშტაბური ობიექტების დაზიანებისთვის არავითარ პრობლემას არ ქმნის. მწარმოებლების თქმით, FP-5 Flamingo-ს დარტყმის სიზუსტე 20-40 მეტრის რადიუსშია. მის დახასიათებაზე საუბრის მიწურულს უნდა ვახსენოთ ფასიც, რაც, ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ადგილობრივი წარმოების დამსახურებით, ერთი Flamingo-ს დამზადება $500,000-დან $1,000,000 დოლარამდე ჯდება.

რაც შეეხება განსხვავებას სხვა ჩვენთვის ცნობილი რაკეტებისგან, მაგალითისთვის, ბრიტანულ-ფრანგული StormShadows-ს, იგივე SCALP-ის სიჩქარე, დაახლოებით იდენტურია და, საშუალოდ 950 კმ/სთ-ს ავითარებს. წონა, 4,5-ჯერ ნაკლებია, ზომა კი 2-ჯერ პატარა. მართალია, მას 450 კილოგრამის ქობინის აზიდვა შეუძლია, თუმცა მოქმედების რადიუსი მხოლოდ 250 კილომეტრს შეადგენს, რაც 10-ჯერ ჩამორჩება ახალი უკრაინული Flamingo-ს მანძილს. უკრაინული რაკეტა ხარჯის თვალსაზრისითაც უპირატეს პოზიციაშია, რადგან StormShadows-ს დამზადების ფასი 2-ნახევარჯერ აღემატება FP-5-ის ფასს და $2.5 მილიონს შეადგენს. StormShadows-ს ძირითადი უპირატესობა გაცილებით დიდი სიზუსტე და ნაკლები შემჩნევადობაა. იდენტურ უპირატესობას ფლობს ამერიკული ATACAMS-იც, რომელიც სამიზნეს 300 კილომეტრის რადიუსში ანადგურებს. ზომით ის უკრაინულ Flamingo-ზე 3-ჯერ პატარაა, წონა კი 4-ჯერ ნაკლებია. რაც შეეხება ფასს, ერთი ერთეულის ღირებულება FP-5-ზე $700,000-ით მეტია და $1,700,000-სს შეადგენს.
მოკლედ, რომ შევაჯამოთ არსებული ვითარება, უკრაინამ გრძელვადიანი ომის წარმოების პროცესში არამარტო უძლიერესი და ყვეალაზე გამოცდილი ევროპული არმია ჩამოაყალიბა, არამედ ისწავლა, რომ მოკავშირეების იმედად ყოფნა ყოველთვის ყველაზე გამართლებული გზა არ არის და, უმჯობესია, საკუთარი შეიარაღება განავითარო. როცა FP-5 Flamingo-ს აქტიური გამოყენება დაიწყება, უკრაინა აღარ იქნება დამოკიდებული იმაზე, რას გადაწყვეტენ თეთრ სახლსა თუ ევროპულ დედაქალაქებში. არც შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის მოუწევს თვეობით მოცდა. ის საკუთარი წარმოების რაკეტებს დაამზადებს და მიაღწევს ისეთ სიღრმეებს, როგორსაც აქამდე ვერასდროს აღწევდა. შესაბამისად, გაანადგურებს ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც ბოლო 3 წელია რუსეთს უსაფრთხო ზონაში აქვს განთავსებული.




























