მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია ამჟამინდელი ვითარება ირანში?

ირანის პროტესტი

ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებს უკვე შეეწირა 25 ადამიანი სიცოცხლე. ამასთან, დაკავებული 1,000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვნები. ირანის სხვადასხვა ქალაქში მოქალაქეები უკვე 9 დღეა აპროტესტებენ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, რაც ეროვნული ვალუტის, რიალის მკვეთრი გაუფასურებით, ასევე ინფლაციის ზრდითაა განპირობებული.

დედაქალაქ თეირანის ბაზრის თანამშრომლების გაფიცვით დაწყებული პროტესტი მალევე მოედო ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ ქალაქებს, სადაც ათობით ათასი ადამიანი ყოველდღიურად გამოდის და ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვს. სწორედ ამ დემონსტრაციების დროს მომხდარ შეტაკებებს შეეწირა 25 ადამიანის სიცოცხლე. საპოლიციო ძალებში აცხადებენ, რომ კვლავაც გააგრძელებენ იმ მომიტინგეების მიზანში ამოღებას, რომელიც უცხოეთის გავლენის ქვეშ მოქმედებენ და ქაოსს აღვივებენ.

მძიმე დაპირისპირების ფონზე, მოსახლეობას მიმართა ქვეყნის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა და ამაში ის საერთაშორისო მოთამაშეები დაადანაშაულა, რომლებიც ქვეყანას იზოლაციაში ამყოფებენ. პარალელურად, მთავრობამ რეფორმების გატარება და ვითარების შესამსუბუქებლად კონკრეტული ეკონომიკური ნაბიჯების გადადგმა დააანონსა. მაგალითისთვის, მსყიდველუნარიანობის გაზრდის მიზნით მოქალაქეებს ვაუჩერები გადაეცემათ და კონკრეტული პროდუქტების შეძენას სუბსიდირებულად შეძლებენ. ამასთან, თანამდებობას დატოვებს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი.

ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას ემატება ისიც, რომ ირანში გამოსული დემონსტრანტების ძალისმიერი გზებით დახმარებას აანონსებს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც აცხადებს, რომ თუ აიათოლას რეჟიმი მოქალაქეების ხოცვას არ შეწყვეტს, მათ დასაცავად საქმეში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვება. ამერიკული მედია წერს იმასაც, რომ თუ ვითარება უმართავ სახეს მიიღებს, ქვეყნის უმაღლესი ლიდერი რუსეთში გაქცევას და იქ თავშესაფრის მიღებას ცდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები