საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის 27 ივნისიდან საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.
BM.GE გთავაზობთ არაბთა გაერთიანებული საამიროებთან ეკონომიკურ კავშირებს რიცხვებში.
ინვესტიციები
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პირველი FDI 2003 წელს შემოვიდა. არაბულმა ინვესტიციებმა საქართველოს FDI-ში პიკს 2008 წელს მიაღწია, რა დროსაც 306.6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამის შემდეგ წლიდან წლამდე მოცულობები არაერთგვაროვანი იყო. 2024 წელს მაჩვენებელმა 36.1 მლნ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის 6 თვეში კი 43.8 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც წლის ჭრილში გაორმაგებული მაჩვენებელია.
როგორც ცნობილია, არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში 5 წლის განმავლობაში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს. კომპანია, როგორც ამის შესახებ მიმდინარე წლის იანვარში ითქვა, საქართველოში ორი დეველოპერული პროექტის განვითარებას გეგმავს - მათ შორის პირველი პროექტი გონიოში 260 ჰექტარზე განთავსდება, მეორე კი თბილისის მახლობლად, 590 ჰექტარზე ფონიჭალაში. როგორც "ოცნების" მთავრობისგან ითქვა, ინვესტიციას ქვეყნის ბიუჯეტზე პირდაპირი გავლენა 2026 წლიდან ექნება.
ვაჭრობა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სავაჭრო ბრუნვა 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია. მაქსიმალური მაჩვენებელი 314.2 მლნ დოლარი 2022 წელს დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით კი ბრუნვა 3.4%-ით შემცირდა და 222.8 მლნ დოლარია. აქედან ექსპორტზე მცირე ნაწილი, მხოლოდ 25 მლნ დოლარი მოდის. წელს ექსპორტი 21.5%-ით შემცირდა.
8 თვის მონაცემებით, TOP 5 საექსპორტო პროდუქტი ასე გამოიყურება:
- მსუბუქი ავტომობილები - $7.1 მლნ
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $4.8 მლნ
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $1.1 მლნ
- ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - $960 100
- ინსტრუმენტი ხელის პნევმატური, ჰიდრავლიკური ან ჩადგმული ძრავით - $682 400
რაც შეეხება იმპორტს, 197.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მცირე, 0.5%-იანი კლებაა. TOP 5 საიმპორტო პროდუქტი შემდეგია:
- სატელეფონო აპარატები - $91.3 მლნ
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $11.4 მლნ
- მსუბუქი ავტომობილები - $8.8 მლნ
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $6.6 მლნ
- მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები და სხვა - $6 მლნ
ტურიზმი
ბოლო წლებში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურიზმი დადებითი დინამიკით ხასიათდება. 2023 წელს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 15 636 ვიზიტი განხორციელდა, რაც რეკორდული იყო და აჭარბებდა პანდემიამდელ პერიოდს. 2025 წლის 6 თვეში კი 6 734 ვიზიტი განხორციელდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები





























