დღეიდან, 27 ივნისიდან, თბილისიდან დანიის დედაქალაქის, კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. რეისებს ბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian Air ასრულებს, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თითოეულ ჩამოყვანილ მგზავრზე სპეციალურ "სტიმულს" გადაუხდის 60 ევროს სახით.
BMG დაინტერესდა, როგორია დანიიდან ტურიზმის მაჩვენებლები და სხვა ეკონომიკური კავშირები.
ტურიზმი
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს დანიიდან 849 ვიზიტორი ეწვია - ეს თითქმის იდენტურია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული შედეგისა, როდესაც ამ ქვეყნიდან საქართველოში 863 ტურისტი ჩამოვიდა.
ჯამურად 2025 წლის განმავლობაში საქართველოში დანიიდან 4702 ვიზიტი განხორციელდა.
ტურიზმისთვის რეკორდული 2019 წლის შემდეგ, როდესაც პანდემიამდე საქართველოში დანიიდან 6088 ტურისტი ეწვია, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ პიკს 2024 წელს მიაღწია, როცა ქვეყანაში დანიის მოქალაქეთა 5761 ვიზიტი განხორციელდა.
ფულადი გზავნილები
დანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობები წლების განმავლობაში მცირე, თუმცა მზარდია. 2025 წელს დანიიდან 1.68 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც თითქმის 33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2024 წელს გადმორიცხულ 1.2 მილიონ დოლართან შედარებით.
2025 წლის პირველ 5 თვეში კი ქვეყანაში 753.1 ათასი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც გასულ წელს ამავე პერიოდში გადმორიცხულ თანხას 21%-ით აღემატება.
ვაჭრობა
საქართველოსა და დანიას შორის სავაჭრო ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვანი დინამიკით ხასიათდება. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020-2023 წლებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა 2024 წლიდან გარკვეული კლების ტენდენცია ფიქსირდება.
კერძოდ, მონაცემები აჩვენებს, რომ პანდემიურ 2020 წელს დანიასთან სავაჭრო ბრუნვამ 14.69 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მომდევნო წლებში მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა:
-
2021 წელს ბრუნვა 52.1%-ით გაიზარდა და 22.35 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
-
2022 წელს ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და მაჩვენებელმა 29.63 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
-
2023 წელი ორმხრივ ვაჭრობაში საუკეთესო შედეგით გამოირჩევა — ბრუნვამ პიკურ ნიშნულს, 43.26 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია.
2023 წლის პიკური ნიშნულის შემდეგ კი სავაჭრო ბრუნვაში კლების ტენდენცია დაიწყო:
-
2024 წელს სავაჭრო ბრუნვა 12.6%-ით შემცირდა და 37.80 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
-
2025 წლის წინასწარი მონაცემებით, კლება მცირედით გაგრძელდა და მაჩვენებელი 35.89 მლნ აშშ დოლარამდე ჩამოვიდა.
2026 წლის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში (იანვარი-მაისი) საქართველო-დანიის სავაჭრო ბრუნვამ 16.94 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოდან დანიაში განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებლები ბოლო წლებში არასტაბილურობით ხასიათდება, თუმცა ბოლო პერიოდში ზრდის ტენდენცია შეინიშნება:
2020 წელს დაფიქსირებული 937.4 ათასი აშშ დოლარიდან, ქართული ექსპორტი დანიაში სტაბილურად იზრდებოდა და 2022 წლისთვის მაქსიმუმს — 3.49 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 2023 წელს ექსპორტი მკვეთრად, თითქმის განახევრდა და 1.73 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. 2024 წელს დაფიქსირდა მცირე ზრდა (1.94 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2025 წელს ექსპორტი მნიშვნელოვნად აღდგა და 3.06 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
2026 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში ექსპორტმა უკვე 1.67 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
| დანიაში ექსპორტირებული TOP 10 სასაქონლო ჯგუფი - 2025 | ათასი აშშ დოლარი |
|---|---|
| კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები | 1 406.5 |
| მსუბუქი ავტომობილები | 457.0 |
| თესლი, ნაყოფი და სპორები დასათესად | 412.1 |
| მანგანუმის ოქსიდები | 370.2 |
| ყურძნის ნატურალური ღვინოები | 171.5 |
| ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით | 61.0 |
| ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან | 47.7 |
| მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი | 46.0 |
| საკვოიაჟები, ჩემოდნები, სამგზავრო ხელჩანთა-ჩემოდნები და სხვა | 33.3 |
| კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი | 14.8 |
რაც შეეხება იმპორტს, დანიასთან მთლიანი სავაჭრო ბრუნვის დინამიკას ძირითადად სწორედ ეს მაჩვენებლები განსაზღვრავს.
2020 წელს დაფიქსირებული 13.75 მლნ აშშ დოლარიდან, იმპორტი ყოველწლიურად იზრდებოდა. პროცესმა პიკს 2023 წელს მიაღწია, როდესაც დანიიდან იმპორტირებულმა პროდუქციამ 41.53 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლიდან იმპორტის მიმართულებით კლების ტენდენცია გამოიკვეთა. 2024 წელს მაჩვენებელი 35.86 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2025 წელს კიდევ უფრო დაიკლო და 32.83 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის იანვარ-მაისის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში დანიიდან საქართველოში 15.27 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.
| დანიიდან იმპორტირებული TOP 10 სასაქონლო ჯგუფი - 2025 | ათასი აშშ დოლარი |
|---|---|
| ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები | 2 255.6 |
| თევზი გაყინული | 1 983.0 |
| სამკურნალო საშუალებები დაფასოებული | 1 980.8 |
| ფერმენტები; ფერმენტული პრეპარატები სხვა ადგილას დაუსახელებელი | 1 775.8 |
| ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული | 1 624.1 |
| ყველი და ხაჭო | 1 561.0 |
| ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით | 1 345.9 |
| სატვირთო ავტომობილები | 1 001.7 |
| კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი | 900.7 |
| სათამაშოები სხვა; მოდელები შემცირებული ზომის და ანალოგიური მოდელები; თავსატეხები | 900.3 |
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია
დანიიდან საქართველოს ეკონომიკაში FDI-ის შემოდინება 2005 წლიდან დაიწყო და ყველაზე დიდი მოცულობა 2007 წელს 145 მილიონი დოლარის მოცულობით შემოვიდა.
ბოლო მონაცემებით, 2025 წელს ამ ქვეყნიდან საქართველოში 20.2 მილიონი დოლარის FDI ჩაიდო. 2024 წელს დანიიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი უარყოფითი იყო და -8.4 მლნ დოლარს შეადგენდა, 2023 წელს კი ქვეყნის ეკონომიკაში 21.5 მილიონი დოლარის დანიური ინვესტიცია ჩაიდო.




























