ვაშინგტონმა შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე მოხდეს სავიზო ლიბერალიზაცია, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით - ამის შესახებ POLITICO იუწყება.
გამოცემა წერს, რომ თავად გაეცნო კანონპროექტს, რომელიც კონგრესს ამ კვირაში წარუდგინა სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა და რომლის თანახმადაც, აშშ საქართველოსთან დაიწყებს "მსხვილ შერჩევით სავაჭრო რეჟიმს", თუკი მთავარი პოლიტიკური კრიტერიუმი დაკმაყოფილდება. კანონპროექტს ჰქვია MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).
bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობას რიცხვებში.
ვაჭრობა
2024 წლის იანვარ-აპრილში აშშ-ს და საქართველოს შორის ვაჭრობა 19.7%-ით შემცირდა. წელს ბრუნვამ 479.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 598.01 მლნ აშშ დოლარი.
შემცირება იმპორტის წილითაა განპირობებული ხოლო ექსპორტი 86.9%-ით არის გაზრდილი და საექსპორტო ბაზრებს შორის მეცხრე ადგილზეა. საქართველოდან აშშ-ში ექსპორტმა 2024 წლის 4 თვეში 34.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18.3 მლნ აშშ დოლარი.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:
- ფეროშენადნობები - 19.6 მლნ აშშ დოლარი;
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 2.1 მლნ აშშ დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.1 მლნ აშშ დოლარი;
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 1.9 მლნ აშშ დოლარი;
- წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - 1.7 მლნ აშშ დოლარი.
აშშ-დან იმპორტმა 2024 წელს 445.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემცირება წინა წლის საანგარიშო პერიოდთან 23.2%-ია.
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 407.2 მლნ აშშ დოლარი;
- თხილი და სხვა კაკალი - 4.01 მლნ აშშ დოლარი;
- კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 2.2 მლნ აშშ დოლარი;
- მოტოციკლები და ველოსიპედები - 1.8 მლნ აშშ დოლარი;
- ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - 1.7 მლნ აშშ დოლარი.
აშშ-საქართველოს შორის ვაჭრობის მაქსიმუმი 2.1 მლრდ გასულ, 2023 წელს დაფიქსირდა.
FDI
გასულ წელს აშშ ინვესტიციების კუთხით მეოთხე ადგილზე იყო.
2023 წელს ამერიკიდან 153.5 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 13%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. 2022 წელს აშშ-დან 176.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.
გასული წლის მონაცემებით FDI-ში აშშ-ს წილი 9.6%-ია.
ფულადი გზავნილები
ეროვნული ბანკის გასული წლის მონაცემებით საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილებით აშშ მესამე ადგილზე იყო 456.3 მლნ აშშ დოლარით.
გასულ თვეში კი, წლიური 35.3% ზრდა დაფიქსირდა და 46.3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.