მიმდინარე წლის 3 აპრილიდან საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შვეიცარიაში შესასვლელად ვიზა სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილს მიიღო.
bm.ge დაინტერესდა, როგორია სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.
ვაჭრობა
მიმდინარე წლის 2 თვეში საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო ბრუნვა 7%-ით 3.5 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, აქედან ექსპორტმა 1.02 მლნ აშშ დოლარი, იმპორტმა კი 2.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. კლება იმპორტის შემცირების ხარჯზე მოხდა.
საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტი წელს 23%-ით არის გაზრდილი. გთავაზობთ TOP-5 სასაქონლო ჯგუფს
- მსუბუქი ავტომობილები - 216.2 ათასი აშშ დოლარი;
- ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - 125.6 ათასი აშშ დოლარი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 93.2 ათასი აშშ დოლარი;
- ეთილის სპირტი - 35.3 ათასი აშშ დოლარი;
- თხილი - 32.1 ათასი აშშ დოლარი.
რაც შეეხება იმპორტს, 15.3%-ით არის შემცირებული 2025 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით.
გთავაზობთ TOP-5 სასაქონლო ჯგუფს იმპორტში
- მსუბუქი ავტომობილები - 332.6 ათასი აშშ დოლარი;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 209 ათასი აშშ დოლარი;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 117.4 ათასი აშშ დოლარი;
- სატელეფონო აპარატები - 49.5 ათასი აშშ დოლარი;
- ნედლი ნავთობი - 49.2 ათასი აშშ დოლარი.
FDI
2025 წელს 2024-თან შედარებით შვეიცარიიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23%-ით შემცირდა.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოსთვის შვეიცარიიდან FDI რეკორდული 2008 წელს იყო, როდესაც 90 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას
- 2020 წელი: 10 მლნ დოლარზე მეტი;
- 2021 წელი: -1.6 მლნ დოლარი (დაფიქსირდა უარყოფითი მაჩვენებელი);
- 2022 წელი: 31.9 მლნ დოლარი;
- 2023 წელი: 41.9 მლნ დოლარი.
ფულადი გზავნილები
შვეიცარიიდან საქართველოში 2026 წლის თებერვალში 444.9 ათასი აშშ დოლარი ჩამოირიცხა, იანვარში 413.9 ათასი აშშ დოლარი. 2025 წელს სრულად საქართველომ შვეიცარიიდან 5.1 მლნ აშშ დოლარი მიიღო.
გასული წლების მაჩვენებლები კი ასეთია:
- 2020 წელი - $1.7 მლნ
- 2021 წელი - $2.1 მლნ
- 2022 წელი - $2.6 მლნ
- 2023 წელი - $3.2 მლნ
- 2024 წელი - $4.2 მლნ
ტურიზმი
2025 წელს საქართველო-შვეიცარიას შორის პირდაპირი ფრენების შესრულება ორმა ავიაკომპანიამ, Edelweiss-მა და easyJet-მა დაიწყო და მთავრობა სწორედ ამის შემდეგ ელოდა შვეიცარიიდან ტურიზმის პანდემიამდელი მაჩვენებლის დაბრუნებას. 2019 წელს შვეიცარიიდან 9 879 ვიზიტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. 2025 წლის მაჩვენებელი კი პანდემიამდელ პერიოდს მცირედით, 1.7%-ით ჩამორჩება, ხოლო 2024 წლის მაჩვენებელს 35.4%-ით აჭარბებს. კერძოდ, გასულ წელს, საქართველოს შვეიცარიის 9 705 მოქალაქე ესტუმრა.




























