მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიულმა კომპანიებმა აშშ-ში $27 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს

შვეიცარია

შვეიცარიულმა კომპანიებმა მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აშშ-ში $27 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს. როგორც ირკვევა, ეს ნაბიჯი უკავშირდება ვაშინგტონთან გაფორმებულ შეთანხმებას, რის საფუძველზეც შვეიცარიულმა მხარემ ქვეყანაში ფინანსური აქტივობის გაზრდის პირობა დადო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მსხვილ ინვესტორთა შორის ვხედავთ ფარმაცევტულ გიგანტ Novartis-ს, რომელმაც აშშ-ში ორი პროექტის განხორციელება დააანონსა. მისი ეს გეგმები სან-დიეგოში ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრის, ტეხასში კი სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს. კაპიტალს აბანდებს კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანია Roche, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში წარმოებას გააფართოებს. ამავე შტატში ახალ ქარხანას სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი Ypsomed-იც ააშენებს. პარალელურად, სატრანსპორტო ჯგუფმა MSC-მა მაიამიში ჩრდილოეთ ამერიკის ახალი სათაო ოფისი დააფუძნა და ის საკრუიზო და ლოგისტიკურ ოპერაციებს მოემსახურება. ამერიკულ ბაზარზე საწარმოო სიმძლავრეებს ჩარხების მწარმოებელი Pfiffner Group-ი და ელექტრონიკის ფირმა Elma-ც გააფართოებენ.

რაც შეეხება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შვეიცარია-ამერიკის სავაჭრო პალატის გენერალურმა დირექტორმა რაჰულ საჰგალმა აღნიშნა, რომ შვეიცარია „სამაგალითო სტუდენტია“ და საკუთარ დაპირებებს ბოლომდე შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 14 ნოემბერს გაფორმებული წინასწარი შეთანხმებით, შვეიცარიულმა მხარემ მომდევნო 5 წლის განმავლობაში აშშ-ში $200 მილიარდის ინვესტირების ვალდებულება აიღო. სანაცვლოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შვეიცარიულ საქონელზე აგვისტოს დასაწყისში დაწესებული საჯარიმო ტარიფები 39 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები