საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ჩამოვიდა. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.
ორი ქვეყნის თანამშრომლობა აღსანიშნავია ლოგისტიკის კონტექსტში, რაც შუა დერეფანს უკავშირდება. რაც შეეხება ვაჭრობას და ინვესტიციებს, მაჩვენებლები არც ისე მოცულობითია. BMG გთავაზობთ თურქმენეთთან ეკონომიკური კავშირების შესახებ მონაცემებს.
ვაჭრობა
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოქმედებს, სავაჭრო ბრუნვა კვლავ მცირეა. 2025 წელს საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო ბრუნვა 102.6 მილიონი დოლარი იყო, რაც აღემატებოდა 2024 წლის 81.4 მილიონ დოლარს, თუმცა ნაკლებია 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე - 216.7 მილიონ დოლარზე.
გასულ წელს ექსპორტი იმპორტს აჭარბებდა, თუმცა წელს სავაჭრო ურთიერთობაში იმპორტი დომინირებს. 2026 წლის 5 თვეში კი ექსპორტ-იმპორტის ჯამმა 39 მლნ დოლარი შეადგინა (ექსპორტი 16.3 მლნ დოლარი, იმპორტი 22.6 მლნ დოლარი). სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც მაჩვენებელი 22.3 მლნ დოლარი იყო.
იანვარ-მაისში TOP 5 საიმპორტო საქონელი ასეთია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 15.2 მლნ დოლარი
- პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით - 2 მლნ დოლარი
- პომიდორი, ახალი ან შეყინული - 2 მლნ დოლარი
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 508.3 ათასი დოლარი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 458.2 ათასი დოლარი
TOP 5 საექსპორტო საქონელი კი შემდეგია:
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 7.6 მლნ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 3.8 მლნ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 867.1 ათასი დოლარი
- ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 538.3 ათასი დოლარი
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 521.1 ათასი დოლარი
ინვესტიციები
თურქმენეთიდან საქართველოში ინვესტიციები ოფიციალურ სტატისტიკაში 2012 წლიდან ფიქსირდება. ყველაზე მეტი, 3.1 მლნ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2019 წელს შემოვიდა. 2025 წელს თურქმენეთიდან FDI 2 მლნ დოლარი იყო, რაც აღემატებოდა 2024 წლის 981 ათას დოლარს. 2026 წლის პირველ კვარტალში კი მაჩვენებელმა 343.9 ათასი დოლარი შეადგინა.
ტურიზმი
თურქმენეთიდან ვიზიტები 2022 წლის მზარდია და 2025 წელს რეკორდული 19 170 ვიზიტი აღირიცხა. 2026 წელს, პირველ კვარტალში თურქმენეთიდან 4 397 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა.

ფულადი გზავნილები
თურქმენეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოს მთლიანი გზავნილების 0.01%-ია. 2025 წელს მაჩვენებელი რეკორდული 347.8 ათასი დოლარი იყო. 2026 წლის 6 თვეში კი 210.5 ათასი დოლარი.




























