ხვალ, 17 იანვარს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს ეწვევა. ერთი დღით ადრე, 16 იანვარს კი, მეზობელ ქვეყანაში "ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც ჩავიდა.
როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში, ბაქოში, ირაკლი კობახიძის და აზერბაიჯანის პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთანაც.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი ერთ-ერთია ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალში, ვინც „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიცაა. bm.ge გთავაზობთ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმოხილვას რიცხვებით.
ვაჭრობა
აზერბაიჯანი საქართველოსთვის მთავარ საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში შედის.
2024 წლის 11 თვეში საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა და 1,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 1,3 მლრდ აშშ დოლარი იყო.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვაში მეტი წილი ექსპორტს უკავია, რაც 2024 წელს ასევე შემცირდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანში ექსპორტმა 664 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 787 მლნ აშშ დოლარი იყო.
2024 წელს აზერბაიჯანიდან იმპორტიც შემცირდა და იანვარ-ნოემბერში 515 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2023 წლის 11 თვეში კი 583 მლნ აშშ დოლარი იყო.
აზერბაიჯანში ექსპორტირებული TOP-10 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 272 მლნ აშშ დოლარი
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 46,1 მლნ აშშ დოლარი
- ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 35,1 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 29,7 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 23,8 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 20,5 მლნ აშშ დოლარი
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 17,9 მლნ აშშ დოლარი
- ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები სიგრძით არა უმეტეს 5 მმ-ისა - 15,7 მლნ აშშ დოლარი
- ალაოს ექსტრაქტი - 14,9 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 13,6 მლნ აშშ დოლარი
TOP-10 იმპორტირებული პროდუქტი აზერბაიჯანიდან:
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 217,8 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 75,8 მლნ აშშ დოლარი
- ცემენტი - 55 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 26,5 მლნ აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 13 მლნ აშშ დოლარი
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 11,8 მლნ აშშ დოლარი
- თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში - 11,8 მლნ აშშ დოლარი
- ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - 7,3 მლნ აშშ დოლარი
- მავთულები იზოლირებული, კაბელები - 5,2 მლნ აშშ დოლარი
- რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე - 4,8 მლნ აშშ დოლარი
FDI
2024 წლის პირველ სამ კვარტალში აზერბაიჯანიდან ინვესტიციებმა 48 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდშიც დაახლოებით იგივე რაოდენობის FDI შემოვიდა აზერბაიჯანიდან - 46 მლნ აშშ დოლარი. თუმცა, 2023 წელს ჯამურად აზერბაიჯანიდან შემოსულმა ინვესტიციებმა 90,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემები კი ჯერ უცნობია, შესაბამისად, ჯერ არ ვიცით, რა რაოდენობის აზერბაიჯანული ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში გასულ წელს ჯამურად.
ტურიზმი
ტურიზმის სტატისტიკაშიც აზერბაიჯანს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია და TOP-5 ქვეყანაში შედის, საიდანაც 2024 წლის განმავლობაში საქართველოში 219 356 ვიზიტი განხორციელდა, ეს მაჩვენებელი 2023 წლის მონაცემს 9.8%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი პანდემიის პერიოდის შემდეგ ჩაკეტილი აქვს. ბოლო ინფორმაციით, აზერბაიჯანი სპეციალურ საკარანტინე რეჟიმს 2025 წლის პირველ აპრილამდე ახანგრძლივებს. შესაბამისად, აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარიც სულ მცირე აღნიშნულ თარიღამდე არ გაიხსნება.