საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მთავარი თემა კი ეკონომიკური ურთიერთობებისა და შუა დერეფნის განვითარება იყო.
თავად შალვა პაპუაშვილის თქმით, დელეგაციის ვიზიტი ისტორიული შემთხვევა იყო, რადგან ეს ინდოეთში საქართველოდან უმაღლესი თანამდებობის პირის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.
BMG დაინტერესდა, როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირი ინდოეთთან.
ვაჭრობა
საქსტატის თანახმად, 2025 წლის 10 თვეში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $113.66 მილიონი შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
ამავე პერიოდში მკვეთრად, 42%-ით შემცირდა საქართველოდან ინდოეთში ექსპორტი და $13.9 მილიონი შეადგინა. 2024 წლის 10 თვეში ექსპორტის მოცულობა $24 მილიონი იყო.
TOP-5 პროდუქტი, რომელიც საქართველოს ინდოეთში გააქვს: სასუქები (მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი), ნარჩენები და ჯართი სპილენძისა, ტყვია დაუმუშავებელი, სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან, ნარჩენები და ჯართი ალუმინისა)
2025 წლის 10 თვეში, გასული წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, 20.9%-ით გაიზარდა ინდოეთიდან საქართველოში იმპორტი და $99.7 მილიონი შეადგინა.
TOP-5 პროდუქტი, რომელიც ინდოეთიდან საქართველოში შემოგვაქვს: სამკურნალო საშუალებები დაფასოებული, ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა, ბრინჯი, მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები, მანქანები სარეცხი.
ფულადი გზავნილები
მზარდია ინდოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის 10 თვეში ინდოეთიდან საქართველოში 75.8 ათასი დოლარი გადმოირიცხა, 277%-ით აღემატება 2024 წლის განმავლობაში შემოსულ ფულად გზავნილებს.

FDI
რაც შეეხება FDI-ის, საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2025 წლის 6 თვეში, საქართველოში ინდოეთიდან 2.5 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
2024 წელს ინდოეთიდან FDI-მ $6.5 მილიონი შეადგინა, 2023 წელს კი - $8.6 მილიონი.
ტურიზმი
საქართველო ინდოეთიდან ტურისტებსაც იღებს. ტურიზმის სტატისტიკის პორტალის თანახმად, 2025 წლის 9 თვეში ქვეყნიდან 103 968 ვიზიტი განხორციელდა.
ინდოეთიდან ტურისტული ნაკადების რაოდენობა საქართველოში 2020 წლის შემდეგ სტაბილურად იზრდება. გასულ წელს ქვეყანამ ინდოეთიდან რეკორდული 124 335 ტურისტი მიიღო.




























