2025 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 3%-ით 14.9 მლრდ კვტ.სთ-მდე გაიზარდა. საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის ძირითადი წყარო ჰესებია, რომლებზეც გამომუშავებული დენის 70%-ზე მეტი მოდის.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რაც უნდა აისახოს ელექტროენერგიის მოხმარებაზეც, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოხმარება მაგალითად 2023 წელს პირიქით შემცირდა. ამის მიზეზად ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები მეტალურგიის სექტორში წარმოების შემცირებას ასახელებდნენ, რადგან გლობალურ ბაზარზე მეტალურგიის დარგის პროდუქტების ექსპორტი შემცირდა. მეტალურგია კი ელექტროენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელია.
ბოლო ხუთ ელექტროენერგიის მოხმარება ასეთია:
- 2024 წელი - 14 414.2 მლნ კვტ.სთ;
- 2023 წელი - 13 717.3 მლნ კვტ.სთ;
- 2022 წელი - 14 808.7 მლნ კვტ.სთ;
- 2021 წელი - 14 260.3 მლნ კვტ.სთ;
- 2020 წელი - 12 616.1 მლნ კვტ.სთ.
როგორც სტატისტიკა აჩვენებს, პანდემიას და 2023 წელს თუ არ ჩავთვლით საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია. ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გათვალისწინებით, როცა წარმოების დაახლოებით 75% ჰესებზე მოდის, რომელთა დიდი ნაწილი სეზონურია, ზამთრის თვეებში ქვეყანას ელექტროენერგიის იმპორტი უწევს, ძირითადად რუსეთიდან. იმპორტის გარდა, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ასევე მუშაობენ თბოსადგურები, რომელიც ასევე არაპირდაპირი იმპორტია. 2025 წელს ხუთმა თბოსადგურმა ჯამში 2.7 მილიარდ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა.



























