მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია გადაზიდვების დინამიკა და ტენდენციები? - Toptrans-ის შეფასება

გადაზიდვები

Toptrans-ის დამფუძნებელი ზურაბ კვარაცხელია ამბობს, რომ საქართველოს გავლით სატრანზიტო გზა მოთხოვნადია და პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.

მან Toptrans-ის მაგალითზე გადაზიდვების ტენდენციების შესახებ "საქმის კურსის" ეთერში ისაუბრა. ზურაბ კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ გამოწვევას წარმოადგენს აზერბაიჯანში ტვირთების დროული დამუშავება.

"ჩვენი კომპანიის საქმიანობა მრავალმხრივია, შესაბამისად, კარგი დასკვნების გაკეთების საშუალება გვაქვს. ზოგადი ფონი, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში, საბედნიეროდ, უმჯობესდება. რაც შეეხება მშრალ და გენერალურ ტვირთებს, ეს მიმართულებები გასათვალისწინებელია, კარგად მუშაობს როგორც სატრანზიტო ხაზით, ისე იმპორტული პროდუქციის შემოტანის ნაწილში. სახმელეთო გადაზიდვები ასე თუ ისე დასტაბილურებულია. მათ შორის, ჩვენი შუა დერეფნის ფუნქციონალის როლი ამ საერთო მოცულობის ტვირთებთან მიმართებით წინ არის წამოწეული და კარგად ვიყენებთ შეძლებისდაგვარად, ამ სტრატეგიულ, ტერიტორიულ თუ სატრანსპორტო მიმართულებებს. საზღვაო გადაზიდვებიც, საბედნიეროდ, მომატებულია და მით უმეტეს წინა წელთან მიმართებით, გაზრდილი არის.

ჩვენ ძირითადად ცენტრალური აზიის მიმართულებით ვოპერირებთ და, შესაბამისად, ეს სატრანზიტო ტვირთები აქტიურად გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნაკადები არ შეჩერებულა, აქტიურად მიედინება, უბრალოდ გარკვეული შეფერხებები არის. საბედნიეროდ, საქართველოს საბაჟო ტერმინალებში და ჩვენს კონტროლირებად რგოლში პრობლემები ნაკლებად შეინიშნება. უფრო, ეს ხარვეზები დაკავშირებული არის აზერბაიჯანის საბაჟო და გამშვებ პუნქტებთან. ალიატის პორტი ვერ ახდენს სამწუხაროდ, დროულად და ეფექტურად ამ ტვირთების გამტარუნარიანობას, სწრაფად ვერ ამუშავებენ, შესაბამისად, ვადების გაზრდა ამ კუთხით შეინიშნება. საერთო ჯამში, მოთხოვნადი არის ეს სატრანზიტო გზა, რომელსაც ჩვენ უკვე ეს ბოლო წლებია განსაკუთრებით ვიყენებთ, თუმცა აი ეს შეფერხება გარკვეულ უარყოფით დაღს ასვამს ამ პროცესს",- ამბობს Toptrans-ის დამფუძნებელი.

მან ასევე აღნიშნა, რომ სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილში ძალიან დიდი პოტენციალია, თუმცა არის გამოწვევები, რაც ინფრასტრუქტურას უკავშირდება.

"ინფრასტრუქტურა, თვითონ ვაგონების და ლოკომოტივების ტექნიკური გამართულობა და ბიუროკრატიული საკითხები ერთ-ერთი რთულია სარკინიგზო გადაზიდვებში. ეს კომპლექსური პროცესია. მოგეხსენებათ, ლოჯისტიკა ცოცხალი ორგანიზმივით არის, მუშაობს ერთმანეთზე აწყობის სისტემით და ერთი კონკრეტული მიმართულება თუ ისე ვერ მუშაობს, როგორც საჭიროა, შემდგომ საერთო პროცესზე ეს უარყოფითად აისახება. სარკინიგზო გადაზიდვებში ეს კომპლექსური პრობლემები, სამწუხაროდ, შეინიშნება. იმედია, გამოსწორდება",- განაცხადა ზურაბ კვარაცხელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები