ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემული განკარგულების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის 2025 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი შეთანხმდა. დოკუმენტის თანახმად, უწყების მიმდინარე წლის საბიუჯეტო სახსრები 81,1 მლნ ლარია.
რაც შეეხება საშტატო ნუსხას, შტატშია 50 ადამიანი, რომელთა ჯამური წლიური სახელფასო ბიუჯეტი 2 270 000 ლარია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა საჯარო სამსახურებში ხელფასების 10%-იანი ზრდის შემდეგ, ყოველთვიურად 7 300 ლარის ანაზღაურებას იღებს. მისი პირველი მოადგილე (დავით გრიგოლია) 6 570 ლარს, ხოლო დანარჩენი ორი მოადგილე (ზურაბ ვაჭარაძე და დავით ტყემალაძე ) - 6 424-6 424 ლარს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ღვინის წარმოების ხარისხის კონტროლი და სერტიფიცირება, ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება, საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია და რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა.
ცნობისთვის, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.