მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ინტერესი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტისადმი?

ტასჰაბი
04.06.24 14:44
919

თბილისის განვითარების ფონდის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ხელმძღვანელის ქვარა ჩართოლანის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამისადმი ინტერესი გაზრდილია.

როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ამ დროისთვის 4 მიმდინარე პროექტის გარდა, პროექტირების პროცესშია 20-მდე, განცხადების განხილვის და აზომვის ნაწილში კი 50-მდე ობიექტი.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წლიდან დაიწყო და მისი მიზანია ძველის ნაცვლად ახლის აშენება. უმთავრესი პირობაა ის, რომ მოსახლეობის მხრიდან 100%-იანი თანხმობა არსებობდეს და ავარიულობის ხარისხი იყოს მესამე ან მეოთხე.

განცხადებით მომართვის შემდეგ მუნიციპალური მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას რამდენად მიზანშეწონილია მის ნაცვლად ახალი კორპუსის აშენება. რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, განსაზღვრული წესის მიხედვით, მოსახლეობას ეძლევა არანაკლებ იმ ფართის ბინა, რაც აქვთ დაზუსტებული აზომვებიდან გამომდინარე. არ ნაზღაურდება ავტოფარეხები, სხვენები და სარდაფები, თუ ის საცხოვრებლად არ არის გამოყენებული.

პროცესის დროს ხდება გაცნობითი ხასიათის შეხვედრები, შედის პროექტში ამზომველი, ამის შემდეგ ინდივიდუალურ თანხმობას ვიღებთ და შემდეგ ხდება საპროექტო ორგანიზაციების ჩართვა. პროექტირება და მშენებლობა ხორციელდება ტენდერის საშუალებით. სამშენებლო კომპანიებისგან ბოლო პერიოდში ჩვენდა სასიხარულოდ აქტიურობა არსებობს. მათ გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდება.

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 4 პროექტზე მიდის, აქედან ერთს ოქტომბერში დავასრულებთ. პროექტირების პროცესშია 20-მდე ობიექტი, თუმცა განცხადების განხილვის და აზომვის ნაწილში 50-მდე შენობა-ნაგებობაა.“ - განაცხადა ჩართოლანმა.

ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში სხვადასხვა ავარიულობის ხარისხით 10 ათასამდე შენობა/ნაგებობაა. ავარიული შენობის დემონტაჟის და ახალი პროექტის აშენების პროცესში მოქალაქეებს ქირით თბილისის მერია უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები