სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაზე 51 განაცხადი შევიდა, რომელთა თითქმის ნახევარი მოთხოვნებს ვერ პასუხობდა. ამის შესახებ bm.ge-ის მიერ ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა.
საქმე ისაა, რომ "ოცნების" მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს. ივლისში ამ მიმართულებით სპეციალური სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს შეღავათებს დაინტერესებული ინვესტორებისთვის, მათ შორის, ეს ეხება აღნაგობის უფლების საზღაურს. პროგრამის მიხედვით, პირველი 10 წლის განმავლობაში აღნაგობით სარგებლობის საფასური იქნება ერთჯერადი, სიმბოლური ფასი - 1 ლარი, ხოლო მეთერთმეტე და შემდგომ წლებში ეს თანხა ყოველწლიური საბაზრო სარგებლობის საფასურს გაუტოლდება. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროგრამის მიმართ ძალიან მაღალი ინტერესია.
bm.ge დაინტერესდა, როგორია განაცხადების სტატისტიკა. ქონების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 22 სექტემბრის მდგომარეობით წარმოდგენილია 51 განაცხადი, საიდანაც 25 ვერ პასუხობდა დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამჟამად დაკმაყოფილებულია 2 განაცხადი, ხოლო საქმისწარმოება მიმდინარეობს 24 განცხადებაზე.
რაც შეეხება დაკმაყოფილებულ განაცხადებს, „სპორტული კლუბი ატლეტიკი“ პირველია, რომელსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში, ბობ უოლშის ქუჩაზე მდებარე 26 ჰა არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 20 წლით გადაეცა. ამასთან, შპს „სპორტის აკადემია 2025“-ს, 20-წლიანი აღნაგობის უფლებით გადაეცა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული 11 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც ინვესტორი აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად არანაკლებ 2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.




























