სპორტული ავტომობილების ინდუსტრიაში Porsche 911 ერთგვარ ეტალონს წარმოადგენს, აბსოლუტურ პიკს, რომელთან მიახლოება ბევრს უცდია, თუმცა წარმატებით ცოტას თუ გამოსვლია. 911-ის რეცეპტი საკმაოდ მარტივია და ის ათწლეულების განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა, თუმცა ტრადიციულობასთან ერთად, გერმანულ ავტომწარმოებელს არასოდეს დაუკარგავს ინოვაციური სული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ 911 ყოველთვის იყო ტექნოლოგიური პროგრესის ფრონტის წინა ხაზზე.
როგორც ვთქვით, 911 ევოლუციური თეორიის განსახიერებაა, რადგან ერთი თაობიდან მეორემდე სპორტული მოდელი შინაარსობრივად არ იცვლება, თუმცა ყველა ასპექტში ის მაინც მუდმივად უმჯობესდება. ჯერ იყო წყლით გაგრილების სისტემა, შემდეგ გამოჩნდა ტურბო, ცოტა ხანში 911-მა ელექტრონული სისტემებიც შეიძინა და ბოლოს მივედით 992 სერიის ძარამდე, რომელმაც სპორტული ავტომობილის თამასა იმდენად მაღლა ასწია, რომ მისი Turbo S ვარიანტი სუპერქარებზე სწრაფი იყო, GT3 RS ვერსია კი სარბოლო ტრასებზე ბოლიდის მსგავსად დადიოდა.
წლების განმავლობაში Porsche-ს არაერთი ექსპერიმენტი ჩაუტარებია და ბაზარზე ერთდროულად 911-ის ათამდე განსხვავებულ ვარიანტსაც უარსებია - მინიმალისტური Carrera-თი დაწყებული, ექსტრემალური GT2 RS-ით დამთავრებული.
ამჯერად, შტუტგარტში ახალი ექსპერიმენტის ჩატარების დრო დადგა, რაც 911-ში ჰიბრიდული სისტემის ჩამონტაჟებას უკავშირდება. მართალია, ავტომობილების უმეტესობისთვის ჰიბრიდული სისტემა ყველაფრის გაუმჯობესებას ნიშნავს, თუმცა 911 არ არის ყველა ავტომობილი. საქმე ისაა, რომ წლების განმავლობაში გერმანელმა ინჟინრებმა ავტომობილში წონის, სიმძლავრის, აჩქარებისა და მოქნილობის ისეთ დელიკატურ ბალანსს მიაღწიეს, რომ ამ რეცეპტში ჰიბრიდული სისტემის დამატება ისეთივე რთული და საპასუხისმგებლო გახდა, როგორც იდეალურ სტეიკზე ღვინის მოსხმა.
სირთულეების მიუხედავად, ყალყზე შემდგარი ცხენის სიმბოლოს ქვეშ გაერთიანებული ინჟინრების კოჰორტამ ეს საპასუხისმგებლო მისია საკუთარ თავზე აიღო და პორშესეული პედანტიზმით აღასრულა. ცოტა ხნის წინ, Porsche-მ საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა ისტორიაში პირველი ჰიბრიდული Porsche 911 GTS.
უშუალოდ ამ ავტომობილს რაც შეეხება, ის აღჭურვილია 3.6 ლიტრის მოცულობის, ბოქსიორის სტილის ძრავით, რომელიც დამოუკიდებლად 478 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ისედაც მძლავრ ძრავასთან შეუღლებული იქნა უახლესი ჰიბრიდული სისტემა, რომელიც საერთო სიმძლავრეს 533 ცხენის ძალამდე ზრდის, ავტომობილის გაწევა კი 610 Nm-ს აღწევს. მთლიანი T-Hybrid სისტემა სულ რაღაც 50 კილოგრამს იწონის, რაც უჩვეულოდ მსუბუქია და Porsche-ს მიზანიც სწორედ ეს იყო, რადგან 911-ის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სპორტული ავტომობილი ყოველთვის მსუბუქი უნდა იყოს, რათა ბალერინის მსგავსი მოქნილობა და გრაციოზულობა შეინარჩუნოს.
ახლა კი ამ კომპლექსური სისტემის დანიშნულებას რომ შევეხოთ, მისი მიზანი არ ყოფილა სიმძლავრის კოლოსალურად გაზრდა, რადგან მეტი სიმძლავრის მისაღებად გერმანულ არსენალში უფრო მძიმე არტილერიაც მოიძებნებოდა, მაგალითად, 911 Turbo S. ჰიბრიდული სისტემის დანიშნულება 6-ცილინდრიანი ძრავის გაუმჯობესება და ე.წ. ტურბო ლაგის მინიმუმამდე შემცირება იყო. ჰიბრიდული სისტემის წყალობით, 911 GTS-ს ყოველთვის ოპტიმალური სიმძლავრე აქვს, ბრუნისა და სიჩქარის მიუხედავად. საერთო ჯამში, ამ კომპლექსური ელექტრო-მექანიკური სისტემების შერწყმა ძრავის დაყოვნებას მინიმუმამდე ამცირებს, რაც არა Toyota Prius-ის ეფექტს, არამედ Porsche 918-ის მსგავს მართვის გამოცდილებას იძლევა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ T-Hybrid-ის გამოჩენამ ძრავის დიზაინი გაამარტივა და ის ზომაში კიდევ უფრო კომპაქტური გახდა, რადგან ავტომობილში ელექტროენერგიის გენერაციას და მის შენახვას ახლა უკვე თავად ჰიბრიდული სისტემა უზრუნველყოფს.
ჰიბრიდული 911 GTS-ის დიზაინს რაც შეეხება, მას განახლებული მაშუქები, სპეციფიკური დეტალები, შედარებით აგრესიული ბამპერი და ცენტრალური გამონაბოლქვის სისტემა აქვს, თუმცა ამ მიმართულებით Porsche ტრადიციულობას არ ღალატობს და ავტომობილის სილუეტი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ისტორიაში პირველი 911-ის. ავტომობილში შეხვდებით განახლებულ ინტერიერსაც, რაც თანამედროვე მულტიმედიას და ციფრულ ინსტრუმენტების პანელს მოიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ 911 საბოლოოდ დაემშვიდობა მექანიკურ ტაქომეტრს.
911 GTS-ის შეძენა შესაძლებელია როგორ უკანა წამყვანი, ასევე ყველა წამყვანი (AWD) კონფიგურაციით. ავტომობილი ხელმისაწვდომია Coupe-სა და Targa-ს ფორმატში, რაც Porsche-ს ენაზე გადახდილ სახურავს ნიშნავს.
ღირებულებას რაც შეეხება, 911 GTS-ის ფასი 166,000 დოლარიდან იწყება, თუმცა ის ისევე სწრაფად აღწევს 200,000 დოლარს, როგორც თავად ავტომობილი ახერხებს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას.