მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია მსოფლიოს უსწრაფესი სედანი? – Porsche Panamera Turbo S-ის განხილვა

Panamera Turbo S E-Hybrid

ავტომობილების ინდუსტრიაში არაერთი საინტერესო კომპანიაა წარმოდგენილი - ზოგიერთი მათგანი ბიუჯეტური ავტომობილების შექმნას ცდილობს, ზოგიც კომფორტსა და ხარისხზეა ორიენტირებული. ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, მაინც არსებობს ერთ კომპანია, რომელსაც ყველაზე ამბიციური მიზანი აქვს - ის სრულყოფილი ავტომობილების გამოშვებას ცდილობს და ეს ბრენდი ყველასათვის კარგად ცნობილი Porsche-ა. სარბოლო ტრასების მმუსვრელი 911-ით დაწყებული, ულტრა-კომფორტული Cayenne-ით დამთავრებული, Porsche-ს სამოდელო რიგი თავიდან ბოლომდე ეფუძნება გერმანული ინჟინერიის ბრწყინვალების იდეას და ამ ფილოსოფიას კომპანია უკვე 90 წელიწადზე მეტი ხანია ჯიუტად მიჰყვება.

Porsche-ს სამოდელო რიგში არაერთ საინტერესო ავტომობილს შეხვდებით, თუმცა მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეული და პომპეზური ფლაგმანური სედანი - Panamera-ა, რომელსაც ხშირად მოიხსენებენ 911-ის შესაძლებლობების მქონე S-Class-ად.

ცოტა ხნის წინ, Porsche-მ საზოგადოებას Panamera-ს უახლესი და უმძლავრესი ვერსია Panamera Turbo S E-Hybrid წარუდგინა, რომლის დებიუტი არა გამოფენაზე ან შოურუმში, არამედ „მწვანე ჯოჯოხეთში“ შედგა. სწორედ ამ სახელით მოიხსენებენ Nürburgring-ის სარბოლო ტრასას, რომელიც საავტომობილო ინდუსტრიის საზომი ეტალონია - თუკი ავტომწარმოებელს რამის დამტკიცება სურს, მან ამ ტრასაზე შესაბამისი შედეგი უნდა წარმოადგინოს, ახალი Panamera Turbo S E-Hybrid-ის მიერ წარმოდგენილი შედეგი კი არა უბრალოდ დამაკმაყოფილებელი, არამედ რეკორდულია. ავტომობილმა ტრასის დაძლევა 7 წუთსა და 24 წამში შეძლო, რაც გაცილებით უკეთესია Tesla Model S Plaid-ის, Mercedes-AMG GT63 S E-ის, BMW M5 CS-ისა თუ სხვა ნებისმიერი სუპერ-სედანის შედეგთან შედარებით.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს პლანეტაზე ყველაზე სწრაფი პრემიუმ სედანი Panamera Turbo S-ია და თუ ამაზე ვინმეს პრეტენზია აქვს, „მწვანე ჯოჯოხეთის“ კარები ყოველთვის ღიაა.

ახალი Panamera Turbo S E-Hybrid-ის საბრძოლო არსენალს რაც შეეხება, ის აღჭურვილია 600 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე 4-ლიტრიანი V8 ტიპის ტურბირებული ძრავით, რომელიც 190 ცხენის ძალის მქონე ელექტრომოტორთან ტანდემში მუშაობს. ავტომობილის ჯამური სიმძლავრე 782 ცხენის ძალას შეადგენს, მისი გაწევა კი 1,000 ნიუტონ/მეტრია. ამ სიმძლავრით Porsche-ს სედანი არა 4-კარიანი ავტომობილების, არამედ სუპერქარების კონკურენტია, თუმცა Panamera-ს მთელი არსი სწორედ ეს არის, მან მძღოლს უნდა მისცეს ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია.

აჩქარებას რაც შეეხება, ეს 2.5-ტონიანი ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.8 წამში კატაპულტირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ს აღწევს.

ახალი Panamera-ს ჰიბრიდული სისტემა ცალკე აღნიშვნას იმსახურებს, რადგან მისი ბატარეის მოცულობა 25.9 კვ.სთ-ს აღწევს, ხოლო ელექტრონულ რეჟიმში ავტომობილის 88 კილომეტრის გავლა შეუძლია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლანეტის უსწრაფესი სედანი საკმაოდ ეკონომიური, ენერგოეფექტური და მდგრადია, რაც დაფასებას იმსახურებს.

ეფექტურობასა და სიმძლავრესთან ერთად, ჰიბრიდული სისტემა ახალ Panamera-ს კიდევ ერთ უპირატესობას აძლევს, რომლის მსგავსი სხვა არცერთ ავტომწარმოებელს არ აქვს, ეს Active Ride-ის ტიპის დაკიდების ელექტრონული სისტემაა, რომელიც საბურავების დამოუკიდებლად გაკონტროლების საშუალებას იძლევა. ამ სისტემის წყალობით, Panamera ისეთივე კომფორტულია, როგორიც S-Class ან i7 და სურვილის შემთხვევაში, ისეთივე ხისტი და მოქნილია, როგორიც 911.

Panamera Turbo S E-Hybrid-ის ფასი 226,000 დოლარიდან იწყება და ის $300,000-ს აღწევს, რაც იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა Porsche არც არასოდეს ყოფილა იაფფასიანი სატრანსპორტო საშუალებების წარმოებით დაინტერესებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები