საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზით, კავკასიის რეგიონს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო შედეგები ექნება. აშკარაა, რომ გასულ წელთან შედარებით პოზიტიური დინამიკა შეინიშნება როგორც ეკონომიკის ზრდის, ისე უმუშევრობის დონის შემცირებისა და ინფლაციის კლების კუთხით.
IMF-ში აღნიშნავენ, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება სტრუქტურული რეფორმების დაჩქარება და ინსტიტუციური გაძლიერება, რათა არსებული დინამიკა შევინარჩუნოთ და დროებითი საგარეო ფაქტორებიდან მიღებული სარგებელი გრძელვადიან, კერძო სექტორზე ორიენტირებულ მდგრადობად გარდავქმნათ.
თურქეთი
თურქეთისთვის მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება, რადგან 2025 წლისაგან განსხვავებით, როცა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.7%-ზე იყო, ამჯერად რეალური მშპ-ის 4.2%-იანი ზრდაა ნავარაუდები. IMF-ის შეფასებით, ეს პოზიტიური ცვლილება მდგრადი შიდა მოთხოვნით, ბაზრის მიმართ მზარდი ნდობითა და საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი შემცირებითაა გამოწვეული. თუ 2025 წელს განაკვეთი საშუალოდ 40%-ზე იყო, ახლა უკვე ის 37%-ზეა ჩამოსული. მკაცრი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე, სავარაუდოდ, 23%-ს გაუტოლდება. 2025-ში კი 33% იყო ნავარაუდები. IMF-ის შეფასებით, ლირაზე მოთხოვნის ზრდა და საერთაშორისო რეზერვების გაუმჯობესება კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის ფინანსურ მდგომარეობას. რაც შეეხება უმუშევრობას, ის 0.2%-ით შემცირდება და, სავარაუდოდ, 8.3%-ს მიაღწევს. უნდა ვთქვათ ისიც, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია, ამჯერად უცვლელი რჩება.
სომხეთი
მსგავსი ვითარება გვხვდება სომხეთის შემთხვევაშიც, სადაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გასული წლის მსგავსად, 4.7%-ზე შენარჩუნდება. სამაგიეროდ, მშპ-ს 5.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში, რაც ეკონომიკის გრძელვადიან პოტენციურ ნიშნულთან დაახლოებასა და მყარ მაჩვენებლებზე მიუთითებს. IMF-ში მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მსხვილი ინდუსტრიული პროექტები, მათ შორის ოქროს მოპოვების საბადოს ექსპლუატაცია. მაღალი ალბათობით, თავის წვლილს შეიტანს ამერიკული მსხვილი ინვესტიციაც ბირთვულ ენერგეტიკაში. 0.5%-ით შემცირდება ინფლაციაც და სომხეთის ცენტრალური ბანკის სამიზნე მაჩვენებელს საბოლოოდ მიუახლოვდება. რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, მართალია ის კვლავ მაღალ, 13.6%-იან ნიშნულზე იქნება, თუმცა წინა წელთან შედარებით 0.4%-ით დაიკლებს. ფონდში მიიჩნევენ, რომ ეს შრომის ბაზარზე არსებულ სისტემურ სტრუქტურულ გამოწვევებზე მიუთითებს. სხვათა შორის, სწორედ სტრუქტურული რეფორმების დაჩქარებას ურჩევენ ფაშინიანის ხელისუფლებას IMF-ში.
აზერბაიჯანი
უარყოფითი მიმდინარე ანგარიშის მქონე ორი ქვეყნიდან გადავინაცვლოთ იმ ქვეყანაზე, რომელსაც სტაბილური პროფიციტი ახასიათებს. ვსაუბრობთ აზერბაიჯანზე, სადაც ამ კუთხით პროგნოზები ნამდვილად შემცირებულია, კერძოდ, 4.3%-დან 2.3%-მდე, თუმცა ამას IMF-ში საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს 2026-ში რეალური მშპ-ს 0.2%-იანი ზრდა ექნება და 2.5%-ზე დასტაბილურდება. ზრდის ეს განწყობა ეფუძნება არასამთო-მოპოვებითი ეკონომიკის მნიშვნელოვან, 4%-იან მატებას. მართალია, 0.5%-იანი შემცირებაა ნავარაუდები ნავთობის სექტორში, თუმცა ფონდი ამას სერიოზულ გამოწვევად არ თვლის. სხვათა შორის, IMF-ი აზერბაიჯანს ურჩევს, მეტი ყურადღება დივერსიფიკაციაზე გადაიტანოს, რათა ენერგეტიკულ ბირჟებზე დამოკიდებულება შეამციროს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ის, სავარაუდოდ, მართვად დონეზე, დაახლოებით 4.5%-ზე შენარჩუნდება. რაც შეეხება უმუშევრობას, ის 5.5%-იდან 5.3%-მდე ჩამოვა. ფონდი ჩვენს ამ მეზობელსაც ურჩევს, სტრუქტურულ ცვლილებებს მეტი დრო დაუთმოს.
საქართველო
ახლა რაც შეეხება საქართველოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026 წელს რეალური მშპ-ს ზრდა 5.35%-ს მიაღწევს. ამ სცენარით, ქვეყანა რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის პოზიციას შეინარჩუნებს. IMF-ის შეფასებით, ეს განპირობებული იქნება მყარი შიდა მოხმარებითა და მომსახურების სექტორის, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროების შემდგომი გაფართოებით. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციისა და ტრანზიტული ვაჭრობის ეფექტები შენელდება, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და ფულადი გზავნილების მძლავრი ნაკადები ეკონომიკური აქტივობის სტაბილურ საფუძველს შექმნის. სამწუხაროდ, 0.3%-ით გაიზრდება ინფლაცია, რაც ეროვნული ბანკის 3%-იან ნიშნულს აღემატება და აღემატება გასული წლის 3.1%-იან პროგნოზსაც. ამიტომაც, IMF-ში მოგვიწოდებენ, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა გავატაროთ, რათა ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ, განსაკუთრებით, გლობალურ ბაზრებზე ნედლეულის ფასების შესაძლო მერყეობის ფონზე. IMF-ის ვარაუდით, უმუშევრობა საქართველოში 13.1%-მდე ჩამოვა. რაც, გასული წლის 13.4%-იან პროგნოზზე გაცილებით უკეთესია, თუმცა, ცხადია, დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება.
რუსეთი
ბოლოსთვის ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ რუსეთზეც, რომლის ეკონომიკაც IMF-ის გათვლით, 2026 წელს მხოლოდ 0.8%-ით გაიზრდება, რაც გამოკვეთილ ეკონომიკურ სტაგნაციაზე მიუთითებს. ის, რომ წინა წლის პროგნოზი 1.3%-ი იყო და ახლა ნახევარპროცენტიანი ვარდნას ვხედავთ, მონეტარულ ფონდს ახსნილი აქვს დასავლური სანქციების, სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტისა და სამხედრო-სამრეწველო ბუმის შენელების ერთობლივი ნეგატიური გავლენით. IMF-ში მიაჩნიათ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნება მძიმე ტვირთად დააწვება კერძო ინვესტიციებსა და შიდა მოხმარებას, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამსუბუქებს და ახლა ის 15.5%-ზეა. საინტერესოა, რომ გასული წლის 6.4%-იანი პროგნოზის შემდეგ 2026-ში რუსეთში ინფლაციის 5.2%-ზე შემცირებას ვარაუდობენ. რაც ოფიციალურ სამიზნე მაჩვენებელს მაინც საგრძნობლად აჭარბებს და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებითა და ლოგისტიკური ხარჯების ზრდით აიხსნება.




























