Tax&Legal Solutions-ის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ჩამოწეროს ხანძრის შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ეს ნიშნავს, რომ დაზარალებული მოვაჭრეები შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან.
კომპანია შესაბამის პროცედურებზე განმარტებას 30 აპრილს, „ბორჯომის ბაზრობაზე" მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ავრცელებს.
"გვინდა განმარტება გავაკეთოთ მ/წ 30 აპრილს ქ. თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრით დაზარალებული მეწარმეების მიერ ხანძრის შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წესზე:
საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის, მათ შორის, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
გადასახადის გადამხდელის მიერ, ზემოაღნიშნული მიზეზით, განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის საფუძველია:
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურებულია ხანძრის არსებობის ფაქტი;
ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და სხვა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება დაუძელველი ძალის ადგილზე, მისი მოქმედების არეალში გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, ამ საქმიანობისთვის განკუთვნილი ობიექტის, სატრანსპორტო საშუალების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების არსებობის ფაქტი.
ასეთ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ადგენს განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს, რომლის შედგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (e.rs.ge) მეშვეობით, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს:
ა) განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტს;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას, რომლითაც დადასტურებულია ხანძრის არსებობის ფაქტი;
გ) განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციას.
საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, დაუძლეველი ძალის, მათ შორის, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა არ საჭიროებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან დადასტურებას და შესაბამისად, დადასტურების საფასურის (20 ლარის) გადახდას",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია, დაახლოებით 15 000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია.




























