მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია მოლოდინი FED-ის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

FED უორში
29.07.26 18:17
193

აშშ-ის ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის შეხვედრა გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ბაზრები ელიან, რომ ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს 3.50%-3.75%-ის დიაპაზონში უცვლელად დატოვებს, ინვესტორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეხვედრას სხვა მიზეზითაც განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან: ისინი ცდილობენ, მიიღონ მინიშნებები აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის სამომავლო მიმართულების შესახებ. დღევანდელ ფინანსურ ბაზრებზე ხშირად მოლოდინს იმისა, თუ რას გააკეთებს ფედი მომავალში, თითქმის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც მის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

2025 წლის დეკემბერში ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთი შეამცირა 3.50%-დან 3.75%-მდე, რის შემდეგაც ის უცვლელად შეინარჩუნა, მათ შორის, ივნისის სხდომაზეც. ამჟამად ფედერალური ფონდების საბაზო საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი დიაპაზონი კვლავ 3.50%-დან 3.75%-მდე რჩება. მონეტარული პოლიტიკის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება 29 ივლისს გამოცხადდება, ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტის (FOMC) შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აშშ-ის შრომის ბაზარი კვლავ შედარებით მდგრადია და უმუშევრობის დონე დაახლოებით 4.3%-ს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალ ნიშნულად მიიჩნევა. ამასთან, ინფლაცია პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა კვლავ აღემატება ფედერალური რეზერვის 2%-იან მიზნობრივ დონეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რჩება საბაზო ინფლაცია, რომელიც კვლავ შედარებით მაღალია და მიუთითებს, რომ ფასების ზრდის ტემპი სრულად ჯერ კიდევ არ დასტაბილურებულა.

სწორედ ეს მაკროეკონომიკური სურათი ბაზრებს აფიქრებინებს, რომ Fed-ს არც განაკვეთის დაუყოვნებლივი შემცირების და არც მისი კიდევ უფრო გაზრდის საკმარისი საფუძველი არ აქვს. მაღალი ინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებამ შესაძლოა ფასებზე ზეწოლა კვლავ გააძლიეროს, ხოლო დამატებით გამკაცრებამ ეკონომიკური აქტივობა ზედმეტად შეაფერხოს. სწორედ ამიტომ, ბაზრებისთვის ლოგიკური სცენარი განაკვეთის უცვლელად დატოვებაა.

შეხვედრას დამატებით მნიშვნელობას პოლიტიკური კონტექსტიც სძენს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ დააფიქსირა სურვილი უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებისთვის და მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციებს შეუწყობს ხელს. თავად ტრამპმა მიმდინარე კვირაშიც განაცხადა, რომ აშშ-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი უნდა ჰქონდეს. მეორე მხრივ, ფედერალური რეზერვი ხაზს უსვამს იმას, რომ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღებს და არა პოლიტიკური მოთხოვნების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპსა და Fed-ის თავმჯდომარე კევინ უორშს შორის საჯარო დაპირისპირება არ შეინიშნება, ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა და თეთრი სახლისგან მისი დისტანცირება კვლავ ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება, რომელსაც ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან.

თუმცა, ფინანსურ ბაზრებზე დღევანდელ გადაწყვეტილებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რას ელიან ინვესტორები მომავალში. თუ Fed მიანიშნებს, რომ ინფლაცია კვლავ სერიოზულ რისკად რჩება და საპროცენტო განაკვეთები უფრო დიდხანს დარჩება მაღალ დონეზე, ბაზრების მოლოდინი მომავალ სხდომებზეც უფრო მკაცრი მონეტარულ პოლიტიკა იქნება. თუ განცხადება მიანიშნებს, რომ ინფლაცია მიზნობრივ დონეს უახლოვდება, იქნება მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებში განაკვეთის შემცირება გახდება შესაძლებელი.

Fed-ის გადაწყვეტილებები ერთჯერად მოვლენად არ აღიქმება. ისინი ბაზარს წარმოდგენას უქმნის, როგორი იქნება მონეტარული პოლიტიკა მომდევნო თვეებში. ამიტომ, საპროცენტო განაკვეთის ზრდა ხშირად აჩენს მოლოდინს, რომ მაღალი განაკვეთები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, ვიდრე ინფლაცია ცენტრალური ბანკის მიზნობრივ დონეს მიუახლოვდება.

ბოლო პერიოდში გამწვავებულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, ენერგომატარებლების გაძვირებამ და ინფლაციამ გაურკვევლობა გაზარდა, რის გამოც ფედერალური რეზერვის ოფიციალური განცხადების თითოეული სიტყვა და თავმჯდომარე კევინ უორშის პრესკონფერენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებები ფინანსურ ბაზრებზე დაუყოვნებლივ აისახება. საფონდო ბაზრის ინვესტორებისთვის, როგორც წესი, დადებითად მოქმედებს დაბალი საპროცენტო განაკვეთების მოლოდინი, რადგან იაფი დაფინანსება ხელს უწყობს როგორც კომპანიების მოგების ზრდას, ისე ეკონომიკურ აქტივობას. ამის საპირისპიროდ, უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების მოლოდინი, როგორც წესი, უარყოფითად მოქმედებს აქციების შეფასებაზე, რადგან იზრდება დაფინანსების ღირებულება და მცირდება მომავალი შემოსავლების მიმდინარე ღირებულება.

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ბაზარი, როგორც წესი, ერთ-ერთი პირველია, რომელიც მონეტარული პოლიტიკის მოლოდინების ცვლილებაზე რეაგირებს. თუ ინვესტორები უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ელიან, სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა, როგორც წესი, იზრდება, ხოლო უკვე გამოშვებული ობლიგაციების ფასები მცირდება. უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთების მოლოდინი კი, როგორც წესი, საპირისპირო ეფექტს იწვევს, ობლიგაციების ფასებს ზრდის და მათ შემოსავლიანობას ამცირებს. იმის გამო, რომ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები მსოფლიოში რისკისგან თავისუფალი აქტივების მთავარ საორიენტაციო ნიშნულად მიიჩნევა, მათი შემოსავლიანობის ცვლილება გავლენას ახდენს სახელმწიფოს დაფინანსების ღირებულებაზე, კორპორაციულ დაფინანსებასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე მთელ მსოფლიოში.

Fed-ის გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს სხვა აქტივებზეც. მაღალი საპროცენტო განაკვეთების მოლოდინი, როგორც წესი, აძლიერებს აშშ-ის დოლარს, რადგან დოლარში ნომინირებული აქტივები უფრო მიმზიდველი ხდება. ამავე დროს, მოთხოვნა ეცემა ისეთ აქტივებზე, როგორიცაა ოქრო, რადგან მაღალი განაკვეთები მათ ფლობის ალტერნატიულ ღირებულებას ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო კონსენსუსი კვლავაც საპროცენტო განაკვეთების უცვლელად დატოვებას ელოდება, შეხვედრის მთავარი მნიშვნელობა იმ სიგნალებშია, რომლებსაც პოლიტიკის შემმუშავებლები მომდევნო თვეების შესახებ გასცემენ. ინვესტორები ყურადღებით გააანალიზებენ როგორც ფედერალური რეზერვის ოფიციალურ განცხადებას, ისე თავმჯდომარე კევინ უორშის კომენტარებს, რათა დაადგინონ ცენტრალური ბანკის ხედვა ინფლაციის, ეკონომიკურ ზრიასა და მონეტარული პოლიტიკის სამომავლო მიმართულებებზე. გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე სწორედ ეს სიგნალები განსაზღვრავს აქტივების ფასების მოძრაობას ხშირად უფრო ადრე, ვიდრე საპროცენტო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ავტორი - დავით დოლიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები