მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. ნედლი ნავთობი ამ დროისთვის 94 დოლარი ღირს, რაც თვიურ ჭრილში 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 108 დოლარს აჭარბებს.
გაძვირებულია URALS-იც და 96 დოლარს აღემატება, თვიურ ჭრილში რუსული ნავთობი 66%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება WTI-ს [West Texas Intermediate], ბირჟებზე მისი ფასი 94 დოლარს აღემატება.
ნავთობის გაძვირების მიზეზი აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციაა, რომელსაც ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტეც, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისმა ჩაკეტვამ ნავთობის ბაზრებზე მიწოდება შეაფერხა ამან კი ბუნებრივია ფასი გაზარდა.
22 მარტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა, თუ 48 საათის განმავლობაში თეირანი ჰორმუზის სრუტეს სრულად არ გახსნიდა. ტრამპის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რასაც ირანი უარყოფს.




























