მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია ქართულ თეატრებზე მოთხოვნა? - 2023 წლის შედეგები

თეატრი

2023 წელს, წინა წელთან შედარებით მაყურებლების რაოდენობა 96.3%-ითაა გაზრდილი. ხოლო, გაყიდული ბილეთების რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებელს 35.4%-ით აჭარბებს.

აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, BM.GE დაინტერესდა საქართველოში ფუნქციონირებადი თეატრების გასული წლის შედეგებით.

როგორც თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ივანე ხუციშვილმა განაცხადა, გასული წელი ძალიან პოზიტიურად ფასდება, რადგან თეატრი მუშაობის კუთხით, აქტიურად დატვირთული იყო. ზრდის ტენდენცია კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში პოზიტიურად იზრდება.

„პანდემიამ, მაყურებლებში ცოცხალი ხელოვნების მიმართ მოთხოვნის ზრდა გამოიწვია, რადგან ყველანი ჩაკეტილები ვიყავით და მხოლოდ ეკრანთან გვქონდა ურთიერთობა. ადამიანებში ცოცხალი კონტაქტის სურვილი გაჩნდა და ვფიქრობ, რომ ქართულმა თეატრმა ამ მოთხოვნას ძალიან კარგად უპასუხა ,“- აცხადებს ხუციშვილი.

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირაკლი გოგიას თქმით, გასულ წელს, თეატრმა მაყურებლების ზღვა რაოდენობას უმასპინძლა და ზოგიერთი სპექტაკლის ბილეთზე დეფიციტიც კი შეიქმნა.

„ვითამაშეთ ძალიან ბევრი სპექტაკლი და რეკორდული ბილეთების რაოდენობა გაიყიდა. მართალია ამ სტატისტიკის დათვლა უნდოდათ, თუმცა გაურკვეველი სტატისტიკები გამოუვიდათ და ხან ერთ ციფრს აცხადებენ და ხან მეორეს. იმედია დათვლიან და საბოლოოდ მივლენ რეალურ შედეგებამდე.ჩვენ, ჩვენთვითონ გვაქვს ახმეტელის თეატრის მონაცემები დათვლილი და შემიძლია ვთქვა, რომ მაყურებლების ზღვა რაოდენობას ვუმასპინძლეთ,“- განაცხადა გოგიამ.

დიდი დატვირთვით იმუშავა რუსთაველის ეროვნულმა თეატრმაც. თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თეა კერვალიშვილის ინფორმაციით, მაყურებლის ჩართულობა და ინტერესი, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში ძალიან გაიზარდა.

„ჩვენს სპექტაკლებზე მოთხოვნა გაზრდილია, ისევე როგორც ზოგადად ყველა თეატრში.

რუსთაველის ეროვნულ თეატრს ყოველთვის ჰყავდა თავისი მაყურებელი. ჩვენ გრძელვადიან სტრატეგიას ვახორციელებთ. რაც გულისხმობს იმას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სკოლებთან და უნივერსიტეტებთან ვმუშაობთ, რომელმაც გარკვეული შედეგი გამოიღო. წელს ჩატარებული კვლევებით, ჩვენი მაყურებლების 70% 25-დან 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მერყეობს,“-აღნიშნავს კერვალიშვილი.

გასულ წელს, ასევე პოზიტიურად აფასებს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავაც. მისი თქმით, იყო პერიოდები, როდესაც მაყურებლის თეატრში მოყვანა გამოწვევა იყო, თუმცა აღნიშნული ტენდენცია თანდათან პოზიტიურად შეიცვალა.

„თანდათან შეიცვალა ბილეთის გაყიდვის სისტემაც. ონლაინ არხები გაჩნდა, საიდანაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბილეთი ონლაინ შეიძინოს, რაც მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია. თუმცა, გამარტივებული რეალიზაციის პროცესის პარალელურად, სპექტაკლების ბილეთები ძალიან სწრაფად იყიდება, ისე რომ თეატრები ახალი წარმოდგენების გამართვას ვერ ასწრებენ. მაგრამ, ამაზე სასიამოვნო პროცესი არ არსებობს, როდესაც რაღაცას ვქმნით, ვშრომობთ და ის იყიდება. მოთხოვნის შესაბამისად, ზოგჯერ წარმოდგენების დამატებაც გვიწევს. არტისტებიც დღეს ბევრად დაკავებულები არიან და შესაბამისად, მათი ხელფასებიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი,“- აცხადებს ჩიქობავა.

„სამეფო უბნის თეატრის“ დრამატურგის, დავით გაბუნიას შეფასებით, ქართულ თეატრში პანდემიის შემდეგ მაყურებელთა უპრეცედენტო რაოდენობა ფიქსირდება. მეტიც, ხშირად ბილეთები დეფიციტურია. ეს ჩვეულებრივი ამბავი და მოვლენა გახდა, რაც ბევრი რამით აიხსნება, მათ შორის იმითაც, რომ მათ მოსწყინდათ სახლში ჯდომა და გარეთ გასვლა სურთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ფასები ყველა თეატრში ძალიანაა გაზრდილი. იგივე „სამეფო უბნის თეატრში“ თეატრში ფასის მომატებას დიდხანს ვეწინააღმდეგებოდით, მაგრამ ბუნებრივია როდესაც ხარჯების იზრდება, თეატრიც იძულებული ხდება, რომ ფასები გაზარდოს,“-განმარტავს გაბუნია.

მომძლავრებული მაყურებლების რაოდენობის მიზეზებზე საუბრობს თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ავთო ვარსიმაშვილიც.

მისი ცნობით, ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოშია და არა მხოლოდ საქართველოში.

„ჩვენი თეატრი სტატისტიკით გაყიდული ბილეთების, გასტროლებისა და დასწრების რაოდენობით პირველ ადგილზეა.

ჩვენს თეატრში ფასები არ გაზრდილა, თუმცა სხვა თეატრებში ჩემი ინფორმაციით ფასები ძალიან გაზრდილია. თუ რატომ არ გავზარდეთ ფასები, მიზეზი ისაა, რომ ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი სტუდენტები არიან და ვაცნობიერებთ, რომ ფასების ზრდამ შეიძლება ეს მაყურებელი დაგვაკარგინოს,“-აცხადებს ვარსიმაშვილი.

ინფორმაციისთვის, კულტურის სამინისტროს დაკვეთით, ქართული თეატრის 2023 წლის სტატისტიკური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. რომლის თანახმადაც, თეატრებში 600 000-მდე ბილეთი გაიყიდა და 4000-ზე მეტი წარმოდგენა ჩატარდა. მასში მონაწილეობას საქართველოს 37 სახელმწიფო და 4 კერძო თეატრი იღებდა მონაწილეობდა. ხოლო უარი თქვა 7-მა თეატრმა. მათგან 2 მუნიციპალური იყო, ხოლო 5 - კერძო თეატრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები