ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საველე ჰოსპიტალის მოწყობის საჭიროება არ არის, რადგან 8000 მობილიზებული საწოლიდან 5000-ია დაკავებული.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მიმოიხილა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სექტორი ჰოსპიტალიზებულ ნაკადებს გაუმკლავდება.
„გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული ონლაინკლინიკა და ექიმი დავამატეთ; ასე გაგრძელდება მიმდინარე კვირაშიც. რაც შეეხება „ომიკრონის“ მიმდინარეობას, აქტიური შემთხვევა გვაქვს 150 000 ათასი, აქედან ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს 5000-მდე მოქალაქე. ონლაინკლინიკებს კიდევ დავამატებთ. 2500-მდე ოჯახის ექიმია სისტემაში ჩართული და ისინი უკუკავშირს, პირველ რიგში, ახორციელებენ ისეთ პაციენტებთან, ვინც არის ქრონიკული დაავადებების მქონე და სხვა გართულებების რისკი სადაც არის. აღრიცხვა ხდება როგორც შემოსული ზარებით, ასევე ადგილზე ტესტირებების შემდეგ ინფორმაციის გადაცემით. აქედან გამომდინარე, არ უნდა იყოს არანაირი პრობლემა“, - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხაება სკოლების და ბაღების ონლაინ-რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ხვალ გაიმართება უწყებათშორისი საბჭოს სხდომა, სადაც ეს საკითხი განიხილება, თუკი ეპიდემიოლოგებს მსგავსი რეკომენდაცია ექნებათ.




























