მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია "რუმს ჰოლდინგის" სასტუმროებში ვიზიტორების გეოგრაფია?

რუმსი

მომავალი თვიდან საქართველოს ზამთრის კურორტებზე სათხილამურო სეზონი გაიხსნება, რაც ადგილობრივ სასტუმროებს დამსვენებლების მოზიდვის საშუალებას აძლევს. მაგალითად, “რუმსი” ბაკურიანში სეზონურად დაკეტილი სასტუმროს გახსნისათვის ემზადება - ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში “რუმს ჰოლდინგის” დირექტორი, ვალერი ჩეხერია საუბრობს.

“ვემზადებით დეკემბერში ბაკურიანის სასტუმროს გახსნისთვის, რომელიც გაიხსნება და სეზონურად უკვე აღარ დაიკეტება ხოლმე. სასტუმრო კოხტას ძირში გვაქვს, რაც მოთხილამურეებისათვის ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი ლოკაციაა”, - ამბობს ვალერი ჩეხერია.

მისი თქმით, ბაკურიანში ჯავშნების მიღება უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და დაინტერესება ევროპელი ტურისტების მხრიდან მოდის.

“პოპულარულია ჯგუფური ტურები ევროპიდან, მათ შორის გერმანიიდან გვაქვს მოთხოვნა და იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ზოგადად, “რუმსის” ქსელი იმდენად პოპულარულია ევროპაში, რომ იქ გვაკვირდებიან და ჩვენგან სიახლეებს ელოდებიან. როდესაც ბათუმის სასტუმრო გავხსენით, მაშინვე დავაანონსეთ ბაკურიანის “რუმსის” გახსნაც და მოთხოვნა მაშინვე გაჩნდა - ჩვენივე მარკეტინგული კამპანიით შევძელით ტურისტების მოზიდვა”, - აცხადებს ჩეხერია.

რაც შეეხება “რუმს ჰოლდინგის” ვიზიტორთა გეოგრაფიას, მისი დირექტორის განმარტებით, ის რეგიონების მიხედვით განსხვავდება.

“რუმს ყაზბეგში”, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული სასტუმროა, მომხმარებელთა 30% ქართველია, რაც ძალიან გვახარებს. მეორე-მესამე ადგილს ისრაელელი და რუსი ტურისტები ინაწილებენ. თუმცა სეგმენტები თბილისის “რუმსსა” და რეგიონებში განსხვავდება - “რუმს თბილისში” ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა ევროპიდან შემოდის, ასევე ამერიკიდან. აქ რუსეთი აქტიური არ არის, იმიტომ რომ “რუმსს” არ აქვს თბილისში ქართული რესტორანი, რომელიც მათ უფრო იზიდავთ”, - აცხადებს ვალერი ჩეხერია.

“რუმს ჰოლდინგი” საქართველოს მასშტაბით, 4 სასტუმროს თბილისში, ყაზბეგში, ბაკურიანსა და ბათუმში აერთიანებს. მათ შორის ბოლო, “რუმს ბათუმი” მიმდინარე წელს, სექტემბერში გაიხსნა. კომპანია მომავალ წელს “რუმს აბასთუმანის” გახსნასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები