მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა ომის დაწყებიდან 500 დღის შემდეგ?

64b009985e33f
გიორგი თოლორდავა
13.07.23 22:22
2657
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 500 დღეზე მეტი გავიდა, ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა: დაწესდა სანქციები, დამყარდა ახალი კავშირდები და შეწყდა თანამშრომლობები. ომის პირველივე დღიდან მოყოლებული, რუსეთი სერიოზული წნეხის წინაშეა როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და სოციალურად.

დღეს სწორედ ეკონომიკურ ნაწილზე ვისაუბრებთ და შევაფასებთ, თუ რამდენად მძიმედაა რუსეთის მდგომარეობა და რა შედეგები მოუტანა 500-დღიანმა ომმა ოკუპანტ სახელმწიფოს.

დავიწყოთ ადამიანური დანაკარგებით, ომის დაწყებიდან დღემდე 50 ათასზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა, 300 ათასზე მეტი კი - დაიჭრა.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომზე უკვე დახარჯა 150 მილიარდი დოლარი.

ამ დანაკარგების გარდა, რუსეთის ეკონომიკაც რეცესიას განიცდის, უფრო კონკრეტულად, ოფიციალური უწყების ინფორმაციით, გასულ 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა. ტრადიციულად, როსსტატს მთლიან შიდა პროდუქტის მოცულობა დოლარში არ გაუსაჯაროებია, თუმცა ჩვენი გამოთვლები აჩვენებს, რომ ამჟამად რუსეთის ეკონომიკა 2 ტრილიონ 25 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 42 მილიარდი დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.

ეკონომიკის შემცირება მხოლოდ 2022 წლით არ დასრულებულა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 2.2%-ით შემცირდა. მეორე კვარტლის მონაცემები ჯერაც არ გასაჯაროებულა.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნავთობისა და გაზის რეალიზაციით შემცირებული შემოსავლების ფონზე, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 42 დოლარამდე გაიზარდა. მარტივად რომ ვთქვათ, მიმდინარე წელს რუსეთის მთავრობამ $42 მილიარდით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო.

ამ დეფიციტის შესავსებად რუსეთის მთავრობა არაერთ ზომას მიმართავს, მათ შორის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესებისთვის მოგების გადასახადის გაზრდაა, რისი საშუალებითაც ეკონომიკის სამინისტრო დამატებით 4 მილიარდი დოლარის ამოღებას გეგმავს.

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ ინდიკატორებს, წლიური ინფლაციის დონე რუსეთში ამჟამად 3.5%-იან ნიშნულზეა, მონეტარული პოლიტიკა კი რუსეთში ისევ უცვლელად, 7.5%-იან ნიშნულზე რჩება.

ეკონომიკის შემცირების გარდა, რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით სტრატეგიული მნიშვნელობის რეზერვებსაც კარგავს. დასავლური სახელმწიფოების მიერ გაყინული რუსული აქტივების საერთო მოცულობა 500 მილიარდ დოლარს აღწევს, აქედან 300 მილიარდი უშუალოდ ცენტრალური ბანკის რეზერვებზე მოდის, 200 მილიარდი დოლარი კი – რუსი ოლიგარქების და კრემლთან დაკავშირებული პირების ქონებაა.

რუსეთი აგრეთვე სწრაფი ტემპით კარგავს მსხვილ ინფრასტრუქტურულ აქტივებსაც. Gazprom-მა და Rosneft-მა ევროპის მასშტაბით რამდენიმე მილიარდის ღირებულების ქარხნები, მილსადენები და ენერგეტიკული ობიექტები დაკარგეს. მოგეხსენებათ, რუსული ენერგეტიკული კომპანიების მთავარ უპირატესობას მათი ფიზიკური აქტივები და ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, პუტინის ამ გაუმართლებელ ომს კი სხვა ყველაფერთან ერთად, ესეც შეეწირა.

კიდევ ერთი საინტერესო ინდიკატორი საბალანსო ანგარიშია, რომელიც ახლა უკვე მინუსშია. ივნისის მდგომარეობით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც სამწლიანი მინიმუმს წარმოადგენს. ეს მოცემულობა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთიდან უფრო მეტი თანხა გადის, ვიდრე შემოდის, ეს კი საერთაშორისო სანქციებითაა განპირობებული.

რუსული საქონლის ექსპორტი გლობალურ ბაზარზე შეზღუდულია, აზიაში კი რუსული წარმოების პროდუქცია დიდად არ სჭირდებათ, თუ ნავთობსა და გაზს არ ჩავთვლით.

რაც შეეხება თავად ბუნებრივ რესურსებს. გასულ თვეს ბუნებრივი აირის ექსპორტით რუსეთმა 6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 36%-ით ნაკლებია. ნავთობისა და საწვავის რეალიზაციით მიღებული შემოსავლების მოცულობა კი 5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 31%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

მართალია, თანხაში შემცირება გვაქვს, თუმცა ექსპორტის მოცულობაში ზრდა ფიქსირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს უფრო დიდი მოცულობით ნავთობისა და გაზის გაყიდვა შედარებით იაფად უწევს.

ბუნებრივია, ეროვნული შემოსავლების შემცირება ვალუტის კურსზეც ნეგატიურად აისახება. ბოლო პერიოდში რუსული რუბლი განსაკუთრებით მკვეთრად უფასურდება, რაც ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ევგენი პრიგოჟინის სამხედრო აჯანყებასთანაა დაკავშირებული.

გასულ კვირას ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 94 რუბლს მიაღწია, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია. გავრცელებული ცნობებით, სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი 110 რუბლსაც კი აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუბლი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში რუსული რუბლი 28%-ითაა გაუფასურებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები