მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია რუსთაველის რეაბილიტაციის გეგმა 2025 წელს? - კალაძის პასუხი

რუსთაველი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 2025 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით დაიწყება და შემდეგი ეტაპი იქნება შენობა-ნაგებობების განახლება - ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

"რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კითხვა იყო რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, იგეგმება ამ გამზირის რეაბილიტაცია და განახლება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს და გვაქვს შემთხვევები, როდესაც მაგალითად გზის კონკრეტულ მონაკვეთებზე, იმის გამო რომ კომუნიკაციებია დაზიანებული, ხდება ასფალტის ჩავარდა, გადაადგილება ფერხდება. უდიდესი პრობლემა არის, არსებული გამზირი როგორც არის დღეს და ამიტომ საჭიროებს ის განახლებას.

ასევე იგეგმება სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვა გარდამავალი პროექტები და რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას”, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას, კალაძემ განმარტა, რომ პირველი რაც გაკეთდება არის საგზაო ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით.

“შემდეგი ეტაპი იქნება შენობა-ნაგებობების განახლება, რეაბილიტაცია, ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა პირველი ეტაპი მხოლოდ და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება, თავისი გამწვანებული თარგებით, მიწისქვეშა კომუნიკაციებით”, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები