კორეულმა გიგანტმა, Samsung-მა საზოგადოებას ახალი თაობის ფლაგმანური სმარტფონი Galaxy S24 Ultra წარუდგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი, უმძლავრესი მოწყობილობაა.
დავიწყოთ ექსტერიერის დიზაინით, რომელიც წელს უფრო ბრტყელი გახდა. გარდა ამისა, Samsung-ის ფლაგმანი ტიტანის კორპუსით აღიჭურვა, რაც დამატებით გამძლეობას უზრუნველყოფს. ეკრანის დასაცავად ახალი ტიპის შუშა, Gorilla Glass Armor-ია გამოყენებული, რომელიც ისტორიაში ყველაზე ძლიერი დამცავი შუშაა.
სმარტფონი აღჭურვილია 200-მეგაპიქსელიანი კამერით. ცხადია, S24 Ultra გასაოცარ კადრებს იღებს, თუმცა თავად ამ კამერის დამონტაჟების მიზანი არა ხარისხის გაუმჯობესება, არამედ მისი სიმძლავრით ტრაბახია. ზოგადად, ეს Ultra-ს საფირმო ნიშანია, ეს სმარტფონი ყველაფერში ისეთი გადამეტებული და მძლავრია, რომ ამის რეალური საჭიროება უბრალოდ არ არსებობს.
ასევე, წარმოუდგენლად ნათელი და კაშკაშაა მისი ეკრანიც, რომლის განათება 2,600 ნიტს აღწევს. ექსპერტების შეფასებით, S24 Ultra-ს სმარტფონების ისტორიაში საუკეთესო ეკრანი აქვს, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მისი მთავარი კონკურენტის, iPhone-ის ეკრანებსაც თავად Samsung-ი აწარმოებს და, რა თქმა უნდა, კომპანია საუკეთესო პროდუქტს თავისი ფლაგმანისთვის ინახავს.
სიმძლავრეს რაც შეეხება, სმარტფონი აღჭურვილია Qualcomm Snapdragon-ის უახლესი პროცესორით და Adreno-ს წარმოების გრაფიკული ბარათით. ზედმეტ ტექნიკურ დეტალებს რომ არ ჩავუღრმავდეთ, პირდაპირ გეტყვით, რომ S24 Ultra-ზე უფრო მძლავრი Android-მოწყობილობა ბაზარზე უბრალოდ არ არსებობს.
ყველა სხვა ფიზიკური პარამეტრით S24 Ultra კონკურენტებთან შედარებით ლიდერია და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან Ultra-ს დანიშნულება სწორედ ეს არის და ამიტომაც ღირს ეს მოწყობილობა 1,300 დოლარი, რაც iPhone 15 Pro Max-თან შედარებით 100 დოლარით ძვირია.
ამ მაღალ ფასს კორეული კომპანია იმ სიახლეებით ამართლებს, რომლებიც წელს Ultra-ში დაინერგა. თითქმის ყველაფერი ახალი და ინოვაციური, რაც S24-ში გვხვდება, ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება.
Samsung-ის ფლაგმანს ახლა უკვე ფოტო და ვიდეო კადრებიდან საგნების წაშლა და მათი გადაადგილება შეუძლია. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერი კადრის შენელების ან დაჩქარების საშუალებასაც იძლევა. ასევე, არსად გამქრალა 100X ზუმის ფუნქცია, რომელიც ტელეფონს ფოტოს 100-ჯერ გადიდების საშუალებას აძლევს. ამჯერად ამ ფუნქციას AI-მაგიაც დაემატა და ახლა უკვე მთვარეზე ფოტოების გადაღება უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ავტომატური თარგმნის ფუნქციაა. S24-ის დახმარებით ტელეფონზე შეგიძლიათ ესაუბროთ უცხოელს, რომლის ენაც არ გესმით და სმარტფონი პირდაპირ რეჟიმში უზრუნველყოფს თქვენი საუბრის თარგმნას, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე.
ზოგადად, ხელოვნური ინტელექტი ჩაშენებულია S24-ის თითქმის ყველა ძირითად მენიუში და ის მუდმივად ცდილობს თქვენი ცხოვრების გამარტივებას.
ვერდიქტის სახით გეტყვით, რომ S24 Ultra არ არის ჩვეულებრივი სმარტფონი, ის საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს არაფერში სჭირდება. ეს არის ტექ-მაქსიმალიზმის პიკი. Ultra უნდა შეიძინოთ მხოლოდ მაშინ, როცა ტელეფონში 1,300 დოლარის გადახდა არ გენანებათ და თან მაქსიმალური სიმძლავრის მიღება გინდათ.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.