მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველო-ლუქსემბურგის სავაჭრო ურთიერთობები?

საქართველო - ლუქსემბურგი

    საქართველო-ლუქსემბურგის სავაჭრო ურთიერთობა არც ისე მასშტაბურია. 2023 წელს, ორი ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიონ 675 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 35%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე. საერთო ჯამში კი, საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის არსებული სავაჭრო კავშირი არასტაბილური და მერყევია. ბრუნვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ 8 მილიონ 658 ათასი დოლარი ჯერ კიდევ 2011 წელს დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალ ნიშნულზე ეს მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა, როცა ბრუნვამ მილიონ 144 ათასი დოლარი შეადგინა.

    საქართველო-ლუქსემბურგის სავაჭრო დინამიკა, უმეტესწილად, იმპორტისკენაა გადახრილი. გასულ წელს, ჩვენს ქვეყანაში ლუქსემბურგიდან 3 მილიონ 599 ათასი დოლარის საქონელი შემოვიდა, როცა ექსპორტმა სულ რაღაც 76 ათასი დოლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ იმ წლებში დაფიქსირდა, როცა სავაჭრო ბრუნვა მაქსიმალური იყო - საუბარია 2010-2012 წლებზე, როცა წლიური იმპორტის საშუალო მაჩვენებელმა 7 მილიონ 560 ათასი დოლარი შეადგინა.

    იმპორტის საპირწონედ, ექსპორტის კუთხით რეკორდული მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდა, როცა ევროპულ ქვეყანაში 2 მილიონ 175 ათასი დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე. ამ წელს, სხვათა შორის, იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა სულ რაღაც 18 ათასი დოლარი იყო. თუმცა იმპორტისგან განსხვავებით, ექსპორტი დადებითი დინამიკით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, რადგან ეს მაჩვენებელი მინიმალურია და გამონაკლის 2017 წელს თუ არ ჩავთვლით, მაქსიმალური მაჩვენებელი, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა - 244 ათასი დოლარია.

    მაშ, რას ვყიდულობთ ლუქსემბურგიდან? საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, საქართველო ლუქსემბურგიდან, ძირითადად ავტომობილებს და მეტალურგიულ პროდუქციას ყიდულობს, რაც გასაგებიცაა, რადგან ამ მცირე ევროპული ქვეყნის ეკონომიკის დიდი წილი ფოლადის წარმოებაზე მოდის. საინტერესოა, რომ 2022-2023 წლებში, იმპორტის დინამიკა მკვეთრად შეიცვალა, რადგან ორი წლით ადრე, მთავარ საიმპორტო საქონელს შორის მილიონ 845 ათასი დოლარის სპილენძის მადნები და მილიონი დოლარის რეზინის მოწყობილობები მოხვდა.

    მთავარი საიმპორტო საქონელი (2023 წ.)

    სატვირთო ავტომობილები - $351.7 ათასი;
    მსუბუქი ავტომობილები - $331.9 ათასი;
    ფოლადის ნაწარმი - $328.3 ათასი;
    ყალიბები - $306.8 ათასი;
    სამედიცინო ხელსაწყოები - $217.9 ათასი.

    რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა ექსპორტის კუთხით, რადგან ამ მიმართულებით ღვინო ლიდერობს. 2023 წელს ლუქსემბურგში 28 ათასი დოლარის ღვინო გავიდა ექსპორტზე და ევროპული ქვეყნის მაღალ მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ეს ღვინო, სავარაუდოდ, პრემიული სეგმენტისაა. საექსპორტო საქონელს შორის მეორე ადგილს ტუმპოები იკავებს, მესამეზე კი გრუნტის დასაქუცმაცებელ მოწყობილობებს ვხვდებით, მაგრამ ეს მაჩვენებელი მიზერულია.

    მთავარი საექსპორტო საქონელი (2023 წ.)

    ღვინო - $28 ათასი;
    ტუმბოები - $18.8 ათასი;
    გრუნტის დასაქუცმაცებელი მოწყობილობები - $10.2 ათასი;
    მსუბუქი ავტომობილები - $9.7 ათასი;
    სპორტული კოსტიუმები - $4.9 ათასი.

    გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო-ლუქსემბურგის სავაჭრო ბრუნვაში ერთი საგამონაკლისო წელი იყო, მნიშვნელოვანია მას უფრო დეტალურად ჩავეძიოთ. 2017 წელს, ლუქსემბურგში 2 მილიონ 175 ათასი დოლარის საქონელი გავიტანეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, კერძოდ 2 მილიონი დოლარი - ფეროშენადნობები იყო.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები