26 იანვრის საპრეზიდენტო საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. წინასწარი შედეგებით, ლუკაშენკომ ხმების 86.8% მიიღო.
ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.
ლუკაშენკო ბელარუსს 1994 წლიდან მართავს და მას დასავლეთი ევროპის უკანასკნელ დიქტატორად მოიხსენიებს, რომლის პოსტსაც ყველაზე დიდი საფრთხე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაემუქრა, როცა ასიათასობით ადამიანი მინსკის ქუჩებში გავიდა და გაყალბებული არჩევნები გააპროტესტა. მაშინ, სოციალურ მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე რეიდების შემდეგ, მთავრობამ 56-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დახურა, ლუკაშენკომ კი თქვა, რომ "თავს მოაძრობს ყველას, ვისაც ქვეყანაში სიმშვიდისა და სიმშვიდის დარღვევა სურს". ამის შემდეგ დაიწყო აქტივისტების მასობრივი დაპატიმრება და დევნა. ქვეყანა დატოვა ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები არც 2020 წელს და არც ახლა დემოკრატიულმა სამყარომ არ ცნო, დასავლეთთან ლუკაშენკოს ბელარუსის ურთიერთობა განსაკუთრებულად რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიძაბა.
რაც შეეხება ბელარუსის ურთიერთობას საქართველოსთან, აღსანიშნია უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად გავრცელებული ინფორმაციები. დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 2023 წლის 20 თებერვალს ბელარუსში ჩავიდა. მანამდე, 2022 წლის სექტემბერში, ლუკაშენკო დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.
BM.GE გთავაზობთ სავაჭრო ეკონომიკურ კავშირს ბელარუსთან, რომლის პრეზიდენტი ლუკაშენკო მეშვიდედ გახდა და პოსტზე მინიმუმ 2030 წლამდე დარჩება.
ვაჭრობა
2024 წელს ბელარუსის და საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რეკორდულ 178 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. მატება 2023 წელთან შედარებით 18%-ია.
გასულ წელს საქართველოდან ბელარუსში 36.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიყიდა, რაც 3.2%-ით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელზე.
2024 წლის TOP-5 საექსპორტო პროდუქტი ბელარუსთან:
- სპირტიანი სასმელები - $12.3 მლნ;
- ღვინო - $6.9 მლნ;
- ცენტრალური გათბობის ქვაბები - $5.1 მლნ;
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - $2.3 მლნ;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $2.1 მლნ.
2024 წელს ბელარუსიდან იმპორტმა 141.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30.5%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
2024 წლის TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი ბელარუსიდან:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $47.8 მლნ;
- რძე და ნაღები - $16.04 მლნ;
- სპირტიანი სასმელები - $7.9 მლნ;
- ხე-ტყის მასალა - $7.4 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $4.2 მლნ.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები FDI
ვაჭრობასთან ერთად, გაზრდილია ინვესტიციების მოცულობაც ბელარუსიდან. 2024 წლის სრული მონაცემი სტატისტიკის სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია, 2023 წელს კი, ბელარუსიდან საქართველოს ეკონომიკაში რეკორდული 8.6 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
ბოლო წლების სტატისტიკა კი ასეთია:
- 2023 - $8.6 მლნ;
- 2022 - $3.8 მლნ;
- 2021 - $1.3 მლნ;
- 2020 - $4.4 მლნ;
- 2019 - $0.3 მლნ;
- 2018 - $0.7 მლნ.
რაც შეეხება 2024 წლის I - III კვარტალს, ინვესტიციებმა 704.8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, პირველ კვარტალში - 668.1 ათასი აშშ დოლარი, მეორე კვარტალში - 268.2 ათასი აშშ დოლარი, ხოლო მესამე კვარტალში 231.5 ათასი აშშ დოლარის გადინება მოხდა.
ტურიზმი
2024 წელს განხორციელებული ვიზიტების რაოდენობით ბელარუსი საქართველოს სტატისტიკაში მერვე ადგილზეა 140,536 ადამიანით, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 7.9%-ით 10 333 ბელარუსის მოქალაქით მეტია.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოსა და ბელარუსს შორის ფულადი გზავნილების მაჩვენებელი ნულოვანია.