ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ევროკავშირსა და აშშ-ში საქართველოს პროდუქტები აღარ მიიღეს, ქვეყანამ საქონლის ექსპორტი ბალარუსსა და რუსეთში დაიწყო. ამის შესახებ მან სახელმწიფოთაშორის ტელერადიოკომპანია „მირ“-თან ინტერვიუში განაცხადა.
ალექსანდრ ლუკანშენკო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში უკრაინის დაბრუნების საკითხზე საუბრობდა, როცა აღნიშნა, რომ საქართველოს გზას სულ მალე უკრაინაც გაივლის და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის შემდეგ სახელმწიფოთა გაერთიანების სივრცეს დაუბრუნდება.
„ნახეთ საქართველოში რა მოხდა - ახლა ისინი ჩვენს ქვეყანაში არამხოლოდ ქართულ ღვინოს, არამედ სხვა პროდუქტსაც ყიდიან, რომელიც ვერსად წაიღეს - არც ევროკავშირში და არც აშშ-ში ის არ მიიღეს, რადგან მათ თავისი ნაწარმიც ეყოფათ. სად მოვიდნენ - მოვიდნენ ჩვენთან, რუსეთთან. ჩვენ საქართველოსთან ადრეც ვთანამშრომლობდით. ეს არის გზა, რომელსაც უკრაინაც გაივლის და ჩვენ გვჭირდება ეს რთული გზა - არა. ჩვენი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შედარებით მარტივი გზებიც არსებობს, რომლითაც უკრაინას ჩვენთან დაბრუნება შეუძლია“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, თუმცა ის მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა და არ დაუკონკრეტებია ღვინის გარდა, რომელი პროდუქტი არ მიიღო ევროკავშირმა და აშშ-მა, რის შემდეგაც საქართველომ ეს საქონელი ბელარუსს მიაწოდა.
აქედან გამომდინარე, BM.GE-მ გადაწყვიტა ენახა - როგორია საქართველო-ბელარუსის ვაჭრობის დინამიკა და რას ვყიდით ბელარუსში.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის შემდეგ მზარდია. 2024 წელს ქვეყნების ექსპორტ-იმპორტი 178 მილიონ 123 ათასი დოლარი იყო, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 21.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
თუმცა ბელარუსთან სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი წილი იმპორტზე, ანუ ბელარუსიდან საქონლის შეძენაზე მოდის. გასულ წელს ეს წილი 80%-მდე იყო და 141 მილიონ 460 ათას დოლარს შეადგენდა. წლიურად ეს მაჩვენებელი 30.6%-ით გაიზარდა.
TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $47.8 მლნ;
- რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - $16 მლნ;
- ეთილის სპირტი - $7.9 მლნ;
- ხე-ტყის მასალა გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი - $7.4 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $4.2 მლნ;
- მერქნის ფილები - $3.9 მლნ;
- ხის სამშენებლო ნაწარმი - $3 მლნ;
- მოხალული ან მოუხალავი ალაო - $2.1 მლნ;
- საქონლის ხორცი - $1.8 მლნ;
- შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები - $1.7 მლნ.
შესაბამისად, ექსპორტის წილი გასულ წელს 20% იყო და ბელარუსში საქონლის ექსპორტით ქვეყანამ 36 მილიონ 662 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 3.2%-ით ნაკლებია 2023 წლის ექსპორტზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბელარუსში საქონლის გაყიდვები ზედიზედ სამი წელია მცირდება:
2021 წელი - $59.4 მლნ;
2022 წელი - $56.4 მლნ;
2023 წელი - $37.8 მლნ;
2024 წელი - $36.6 მლნ;
ბელარუსში საქართველოდან ძირითადად ეთილის სპირტსა და ღვინოს ვყიდით. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის TOP-10-ეული ასე გამოიყურება:
- ეთილის სპირტი - $12.3 მლნ;
- ყურძნის ნატურალური ღვინო - $7 მლნ;
- ცენტრალური გათბობის ქვაბები - $5.1 მლნ;
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - $2.3 მლნ;
- მინერალური წყლები - $2.1 მლნ;
- ლიმონათები - $1.8 მლნ;
- თხილი და კაკალი - $1.2 მლნ;
- ვულკანიზებული რეზინის ჰიგიენური და ფარმაცევტული ნაწარმი - $554 ათასი;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $524 ათასი;
- დაკონსერვებული ან სხვა წესით დამზადებული ნაყოფი და მცენარეთა ნაწილები - $496 ათასი.