მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირები საფრანგეთთან, სადაც "სეისმური" არჩევნების მეორე ტურია

საფრანგეთი

საფრანგეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რასაც ანალიტიკოსები "სეისმურ" არჩევნებს უწოდებენ. BBC-ი წერს, რომ პირველი შემთხვევაა, როცა მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულ გაერთიანებას“ რეალური შანსი აქვს, მართოს მთავრობა და კონტროლი მოიპოვოს ეროვნულ ასამბლეაზე, თუმცა, გასულ კვირას გამართულ პირველ ტურში „ეროვნულ გაერთიანების“ მიერ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ასობით კონკურენტმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, რათა მეტი შანსი მიეცა სხვებისთვის ულტრამემარჯვენეების დასამარცხებლად.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამი წლით ადრე არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც მისმა პოლიტიკურმა ძალამ მძიმე დანაკარგი განიცადა ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებზე. როგორც ჩანს, ამ სარისკო ნაბიჯმა მისთვის არასასურველი შედეგები მოიტანა.

საფრანგეთი საქართველოს ისტორიული პარტნიორი და მხარდამჭერია, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნათლად გამოჩნდა. bm.ge გთავაზობთ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობას რიცხვებში.

ვაჭრობა

2024 წლის 5 თვეში საფრანგეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობამ 142.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8 მლნ აშშ დოლარით მეტია.

აქედან, ექსპორტი 18.9 მლნ-ია, იმპორტი კი, 123.7 მლნ აშშ დოლარი. იმპორტის ზრდა 10.2%-ია, ექსპორტი კი, 15.7%-ით არის შემცირებული.

TOP-5 საექსპორტო პროდუქტი 2024 წლის იანვარ-მაისში

  1. ელექტრული წყალგამახურებლები - 5.8 მლნ აშშ დოლარი;
  2. ეთილის სპირტი - 5.2 მლნ აშშ დოლარი;
  3. თხილი და სხვა კაკალი - 1.9 მლნ აშშ დოლარი;
  4. ფეროშენადნობები - 1.4 მლნ აშშ დილარი;
  5. ფოთლები, ტოტები და მცენარეების სხვა ნაწილები - 1.07 მლნ აშშ დოლარი.

TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი 2024 წლის იანვარ-მაისში

  1. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 15.4 მლნ აშშ დოლარი;
  2. სასმელების წარმოებაში გამოსაყენებული ნარევები - 14.3 მლნ აშშ დოლარი;
  3. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 8.8 მლნ აშშ დოლარი;
  4. შაქარი - 7.4 მლნ აშშ დოლარი;
  5. სუნამოები და ტუალეტის წყალი - 5.5 მლნ აშშ დოლარი.

საანგარიშო პერიოდში ბრუნვის მაქსიმუმი 143,2 მლნ აშშ დოლარი 2018 წელს დაფიქსირდა.

FDI

განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით საფრანგეთი ათეულში ვერ ხვდება. 2023 წელს საქართველოში ფრანგულმა ინვესტიციამ 10.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 1.9%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე.

ყველაზე დიდი მოცულობის 27.7 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია კი, საფრანგეთიდან საქართველოში 2018 წელს განხორციელდა, მაშინ, როცა ვაჭრობის კუთხითაც სარეკორდო წელი იყო.

ფულადი გზავნილები

გასულ წელს, საფრანგეთიდან საქართველოში 53.2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში კი, 23.4 მლნ აშშ დოლარი, რაც 10.2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები