მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირები უნგრეთთან, რომელსაც "ოცნების" მთავრობა კიდევ ერთხელ ეწვია?

ორბანი კობახიძე

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 11-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები და მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. ასევე, იგეგმება შეთანხმებების გაფორმება სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ცნობისთვის, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კობახიძისთვის უნგრეთში ეს რიგით მეორე ვიზიტია. წინა ვიზიტი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას უკავშირდებოდა, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა. ამასთან, აღსანიშნია, რომ ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს წელს მეხუთედ ხვდება.

ცხადია, რომ “ოცნების” მთავრობას უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა აკავშირებს. ამას ისიც მოწმობს, რომ პირველი და ერთადერთი ევროპელი ლიდერი, ვინც "ქართულ ოცნებას" გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სწორედ ვიქტორ ორბანი იყო, მან სოციალურ ქსელში მილოცვა ჯერ კიდევ ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე დაწერა.

პოლიტიკური კავშირების მიღმა, Bm.ge დაინტერესდა, როგორია საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური ურთიერთობები რიცხვებში, რაც როგორც ჩანს, არც ისეთი მასშტაბურია, როგორც პოლიტიკური ურთიერთობები.

ვაჭრობა

ბოლო წლებში საქართველო-უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია. 2025 წელს პირველ ოთხ თვეში, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 33,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 25,4 მლნ აშშ დოლარი იყო, 2023 წლის იანვარ-აპრილში - 20,3 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2022 წლის პირველ ოთხ თვეში 16,5 მლნ აშშ დოლარი.

სავაჭრო ბრუნვაში საქართველოდან ექსპორტს მცირე წილი (2025 წლის იანვარ-აპრილში 1 მლნ აშშ დოლარი) უკავია. თუმცა ბრუნვის მსგავსად, წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელიც გაზრდილია.

უნგრეთში მთავარი საექსპორტო საქონელი ხის ფანერები და ტანსაცმლის ნაწარმია. მთავარი საიმპორტო საქონელი კი სამკურნალო საშუალებები და ხორცპროდუქტები.

2024 წლის მიხედვით, უნგრეთში ექსპორტირებული საქონლის TOP-ხუთეული:

  1. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 943 580 აშშ დოლარი
  2. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 629 590 აშშ დოლარი
  3. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 488 440 აშშ დოლარი
  4. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 152 750 აშშ დოლარი
  5. ონკანები, სარქველები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების - 111 930 აშშ დოლარი

2024 წლის მიხედვით, უნგრეთიდან იმპორტირებული საქონლის TOP-ხუთეული:

  1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 49,6 მლნ აშშ დოლარი
  2. მზა ან დაკონსერვებული პროდუქტები ხორცის, ხორცის სუბპროდუქტებისაგან, სხვა - 3,8 მლნ აშშ დოლარი
  3. საშუალებები პირის ღრუს ან კბილების ჰიგიენისათვის - 3,3 მლნ აშშ დოლარი
  4. მსუბუქი ავტომობილები - 3,1 მლნ აშშ დოლარი
  5. საოფისე მოწყობილობები - 2,1 მლნ აშშ დოლარი

ტურიზმი

უნგრეთიდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს 1204 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. თუმცა გასულ წელს, ჯამურად 2023 წელთან შედარებით გაზრდილია მაჩვენებელი, მაგრამ პანდემიამდელ პერიოდს მაინც ვერ აღწევს (2019 წელს - 7,778 ვიზიტორი იყო უნგრეთიდან).

ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკა შემდეგნაირია:

2024 წელს უნგრეთიდან საქართველოს ეწვია 7052 ვიზიტორი ეწვია;

2023 წელს - 6658 ვიზიტორი;

2022 წელს - 4,032 ვიზიტორი

2021 წელი - 3,548 ვიზიტორი.

FDI

უნგრეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მწირია. 2025 წლის პირველ კვარტალში, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უნგრეთიდან FDI-ს მაჩვენებელი უარყოფითი იყო (-1,195.5 ათასი აშშ დოლარი). უარყოფითი იყო ინვესტიციების მაჩვენებელი გასულ 2024 წელსაც ჯამურად (-3,440.2 ათასი აშშ დოლარი). მანამდე, 2023 წელს კი - 1,2 მლნ აშშ დოლარი, 2022 წელს კი - 2,6 მლნ აშშ დოლარი.

ფულადი გზავნილები

უნგრეთი ფულადი გზავნილების მიხედვით პირველ ოცეულშიც არ შედის. წელს (იანვარ-აპრილი) ამ ქვეყნიდან 389 900 აშშ დოლარი გადმოირიცხა. ეს მაჩვენებლები შემცირებულია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (683 600 აშშ დოლარი) შედარებით.

ხოლო გასულ წელს ჯამურად, ამ ქვეყნიდან გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 1,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2023 წელს ეს მაჩვენებელი 5,3 მლნ აშშ დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები